საყვარელო მამულო,
შენს სიცოცხლეს ვფიცავარ;
გულმა მხოლოდ შენი მზე,
შენი მიწა იწამა.
შენს გაზაფხულს ვუმღერი,
შენს აპრილს და მაისებს,
კალთას გადაგიკოცნი,
უბეს ვარდით აგივსებ.
მწარე იყო წარსული,
რომ დღეის მზით გეხარა,
ჩემო ტკბილო მამულო,
ჩემო კარგო ქვეყანავ!
გვლეწეს, არ გავილეწეთ,
გვწვავდნენ, როდი დავიწვით,
სად ხართ, არაგველებო,
ვაჟკაცებო კრწანისის.
მტერზე წამომართულო,
სააკაძის მახვილო,
დროშავ თამარიანო,
არასოდეს დახრილო.
ბაზალეთის ტბის ძირში
დარწეულო აკვანო,
მამულისთვის დამწვარო,
გმირო მამა-პაპანო!
თქვენი ქვეყნის დიდება,
ერთხელაც რომ გაჩვენათ,
ინატრებდით ნამდვილად,
ხელმეორედ გაჩენას.
ვუმღერ მიწას მადლიანს
მზეს ჩამოღვრილს ზოდებად,
ლამაზ ქართველ გოგონებს _
გულზე ცეცხლის მოდებას.
ვუმღერ ყველა მაიას,
ცოტნესა და მამუკას,
ვისაც მტერთან ბრძოლაში
წარბის შეხრა არ უყვარს.
ვუმღერ ყველა ერეკლეს,
ავთანდილს და მზექალას,
ვინც მკერდს გადაუდაფნავს
ნამუსიან ქვეყანას.
აი, ვის გამარჯვებას
და სიცოცხლეს ვინატრებ,
მზეო, უფრო გაბრწყინდი,
მზეო, უფრო გვინათე.
მიწა ბარაქიანი,
ოქროსფერი ყანები...
საყვარელო მამულო,
გკოცნი, გეთაყვანები.