Litclub.ge

როგორ სწამდა ბისეის
ბისეი ხიდი ქვეშ იდგა და ელოდა მას.
ზემოთ კი, ქვის მაღალ, სუროთი ნახევრად დაფარულ მოაჯირს მიღმა, დროდადრო გამოკრთებოდა ხოლმე ხიდზე გამვლელ-გამომვლელთა თეთრი, ჩამავალი მზის კაშკაშა შუქით განათებული ტანსაცმლის კალთები, ოდნავ რომ ფრიალებდა ქარში... ის კი არ ჩანდა.
ბისეის მოუთმენლობა დაეტყო, წყალს მიუახლოვდა და დაუწყო მზერა მდორე მდინარეს, რომელზეც არც ერთი ნავი არ მოცურდა.
მდინარის გასწვრივ მწვანედ ატეხილიყო ხშირი ლერწამი და თითქოს არტახებში მოექცია მდინარე. ლერწამს თავზე აქა-იქ გუმბათებივით დასდგომოდა ტირიფის ჩამოძენძილი ტოტები. ლერწმის არტახებს ისე შეეკრა მდინარე, რომ ვიწრო ზოლადღა მიიკლაკნებოდა. წყალში ოქროსფრად ლივლივებდა ცაზე შემორჩენილი ერთადერთი სადაფისფერი ღრუბლის ანარეკლი... ის კი არ ჩანდა.
ბისეი წყალს მოშორდა და ვიწრო თავთხელზე დაიწყო ბოლთის ცემა. დადიოდა და თან ბინდში ჩამომდგარ სიჩუმეს აყურადებდა.
ხიდზე მოძრაობა მინელდა, მიწყნარდა ადამიანის ფეხის ხმა, ფლოქვების ხმაური, საზიდრების რახრახი. მხოლოდ ქარი სისინებდა, ლერწამი შრიალებდა და წყალი თქაფუნებდა. შემდეგ საიდანღაც ყანჩის გამკივანი ხმა მოისმა. ბისეი შეჩერდა. ზღვაზე მოქცევა დაწყებულიყო. წყალი ნელ-ნელა ეპარებოდა შლიამიან მეჩეჩს და მალე სულ ახლოს ალიცლიცდა... ის კი არ ჩანდა.
გაბრაზებული ბისეი ხიდქვეშ, ნახევრად ბინდმოცულ თავთხელზე ჩქარ სიარულს მიჰყვა. წყალი ნელ-ნელა ფარავდა მეჩეჩს. ბისეიმ შლამის სიგრილე და წყლის სიცივე იგრძნო ფეხზე და მოუთემენლად აიხედა ზევით. ხიდიდან უკვე გადასულიყო ჩამავალი ზმის კაშკაშა შუქი. ღია მწვანე დაისის ცის ფონზე შავად მოჩანდა ხიდის ქვის მოაჯირის მკვეთრი სილუეტი... ის კი არ ჩანდა.
ბისეი შეჩერდა.
წყალი ფოლადივით ბზინავდა, ნელა მიედინებოდა ხიდქვეშ და უკვე ფეხებს ულოკავდა ბისეის. ერთი საათიც, და ზღვის უმოწყალო მოქცევა დაუფარავს მუხლებს¸მუცელს, მკერდს. წყალი უფრო და უფრო მაღლა მიიწევს და აი, მუხლები უკვე მდინარის ტალღებქვეშ მოეცა... ის კია არ ჩანდა.
ბისეი იმედს არ კარგავდა, ხან ცას ახედავდა მოლოდინჩამდგარი თვალებით, ხან ხიდს.
წყალი უკვე მკერდამდე მიწვდა.
მდინარე კარგა ხანია ლილისფერი ბინდი ჩამოწვა. და აჩრდილისამებრ ნისლიდან ისმოდა ტირიფებისა და ხშირი ლერწმის სევდიანი შრიალი. ანაზდად ბისეის ზედ ცხვირწინ ამოუხტა პაწია გულთეთრა თევზი, თავზე გადაუარა და კვლავ წყალში მიიმალა. მაღლა, ცაზე, უკვე აკიაფდა პირველი ვარსკვლავები. სუროთი დაფარული მოაჯირის სილუეტიც შთაინთქა უეცრად ჩამოწოლილ სიბნელეში... ის კი არ ჩანდა.
შუაღამისას, როცა მდინარის გაყოლებით ლერწამს და ტირიფებს მთვარის შუქი მოეფინა, წყალმა და ქარმა, ერთმანეთს რომ ეჩურჩUლებოდნენ, ზღვისკენ გააცურეს ბისეის ცხედარი. ბისეის სული კი მდუმარედ გაფრინდა სევდიანი მთვარის შუქისაკენ (ალბათ იმიტომ, რომ შეყვარებული იყო). ისე ფრთხილად დატოვა სხეული, ისე მსუბუქად აცურდა ფერმიმქრალ ცაში, სწორედ რომ უჩუმრად, როგორც ადის ხოლმე მდინარიდან შლამის სუნი და წყლის სიგრილე...
მერე კი, მრავალი ათასეული წლისა და ნაირ-ნაირ გარდაქმნათა შემდეგ, ამ სულს კვლავ მიანდეს ადამიანის სიცოცხლე. ეს ის სულია, ჩემს სხეულში რომ დგას, აი ასეთში, როგორიც ვარ. ამიტომაც, თუმცა ამ დროების შვილი ვარ, მაინც არაფერი გამომდის.
მე დღე და ღამ ვიცნობებ და ნიადაგ ველოდები რაღაც უჩვეულოს. რაღაც სასწაულს, ისევე, როგორც ხიდქვეშ საღამოს ბინდვუნდში მდგარი ბისეი ელოდა თავის მიჯნურს, რომელიც არასოდეს მოვიდოდა.
 
სექტემბერი, 1919წ.