სამასი წელიც რომ იცოცხლო ნეტარებაში, რომლის ღირსი არა ხარ, ისიც კი არარაობაა მომავლის მარადიულ და უსაზღვრო ნეტარებასთან შედარებით.
გი დე პედაკორი. «ჩანაწერები ღვთივსათნო ცხოვრების შესახებ», იაპონური თარგმანი. 1599წ.
სიკეთისათვის აღძრული ადამიანი შეიცნობს სიტკბოებას საიდუმლოისას, ღვთაებრივ მოძღვრებაში რომაა დაფარული.
Imitatione christi.
იაპონური თარგმანი. 1596წ.
უხსოვარი დროის წინათ, იაპონიის ქალაქ ნაგასაკში, სანტა ლუჩიას ეკლესიაში ცხოვრობდა ყმაწვილი იაპონელი, სახელად ლორენცო. როგორც მოგვითხრობენ, იგი შობის ღამით სალოცავად მოსულ ქრისტიანებს უპოვიათ ტაძრის შესასვლელთან, შიმშილისაგან მთლად დაოსებული, მოუსულიერებიათ, მერე კი პატერენს შებრალებია და აღსაზრდელად აუყვანია. როდესაც ყმაწვილს ეკითხებოდნენ ვინაობას, იგი ჩვეულებრივ ალალი ღიმილით პასუხობდა, რომ მისი სამშობლოა პარაისო, ხოლო მამა _ დეუსუ, და არც ერთხელ არ დასცდენია სიმართლე. ჩანდა, მისი მშობლები არ იყვნენ წარმართები. ამაში დასარწმუნებლად საკმაო იყო შეგეხედათ ქარვის კრიალოსნისთვის მის მაჯაზე. სწორედ ამიტომ, წმინდა მამამაც და ძმებმაც უკუაგდეს ყოვეგვარი ეჭვი და გულითად მზრუნველობას არ აკლებდნენ. რწმენის სიმტკიცით იგი არ ჩამოუვარდებოდა უფროსებს, რის გამოც ეკლესიის მეთაურები განცვიფრების გამოსახატავად სიტყვებს ვერ პოულობდნენ. პატარა ლორენცოს ყველა ხორცშესხმულ ანგელოზად თვლიდა, უყვარდათ და ეალერსებოდნენ, თუმცა არავინ უწყოდა, ვისი შვილი იყო და სადაური.
ყოველივე ამასთან ერთად, კიდევ უფრო დიდ აღტაცებას იწვევდა ძვირფასი ამარტისფერი მისი სახის ნაკვთები და გოგონასავით ნაზი ხმა. ლორენცოს განსაკუთრებული სიყვარულით ეპყრობოდა და როგორც პატარა ძმას, ისე უყურებდა ბერი სიმეონი, ისიც იაპონელი. ხელჩაკიდებული დაჰყავდა ყველგან ლორენცო. სიმეონი წარმოშობით სამურაო იყო. იგი სიმაღლითაც გამოირჩეოდა და დიდი ჯანითაც, რის წყალობით არაერთხელ დაეცვა პატერენი წარმართთაგან, ქვას და კრამიტს რომ ესროდნენ. იგი ისე ნაზად ელტვოდა ლორენცოს, როგორც მთის არწივი მტრედს, ანდა, როგორც აყვავილებული ვენახი ლიბანის კვიპაროსს, ლერწებით რომ შემოესკვნება ხოლმე.
ასე გაიარა სამზე მეტმა წელმა. და, აი, ლორენცოს დაუდგა ჟამი სრულწლოვანების წესის აღსრულებისა. მაგრამ უეცრად დაირხა ხმები, თითქოს ლორენცოს საიდუმლო კავშირი დაემყარებინა ქოლგებითა და წნული ქუდებით მოვაჭრის ქალიშვილთან, რომელიც სანტა-ლუჩიას ახლოს ცხოვრობდა. ეს მოხუციც საღვთო წიგნებს აღიარებდა და, ჩვეულებრივ, თავის ქალიშვილთან ერთად დადიოდა ეკლესიაში. გოგონა ლოცვის დროსაც კი თვალმოუშორებლად უჭვრეტდა ლორენცოს, რომელსაც საცეცხლური ეჭირა ხელში. მეტიც, იგი ეკლესიაში ყოველთვის კოხტად დავაცხნილი მოდიოდა და ვნებიან მზერას ესროდა ჭაბუკს. ეს, ცხადია, შეუმჩნეველი არ დარჩენია მრევლს. ერთმა შეამჩნია, რომ ახლოს გავლისას გოგონამ ფეხზე დააბიჯა ლორენცოს. ზოგიერთები იმასაც ამტკიცებდნენ, თითქოს საკუთარი თვალებით დაენახათ, თუ როგორ გადაუციათ ახალგაზრდებს ერთმანეთისათვის სამიჯნურო ბარათები.
პატერენმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, უყურადღებოდ არ დაეტოვებინა ყოველივე ეს. ერთხელ მან იხმო ლორენცო, თეთრი წვერი ჩაიკვნიტა და ლმობიერად უთხრა:
_ მისმინე, რაღაც გავიგე შენზე და ქოლგებით მოვაჭრის ქალიშვილზე. ჭორია ალბათ. რას იტყვი?
ლორენცომ მწარედ გააქნია თავი და ცრემლმორეულმა უპასუხა:
_ არავითარი მსგავსი არ შეიძლება მომხდარიყო.
პატერენმა, როგორც ამბობენ, დაუჯერა მას. იფიქრა, ასეთ ყმაწვილურ ასაკში ასეთი ღვთისმოსავი ჭაბუკი ნამდვილად არ იცრუებსო.
ასე რომ, პატერენის ეჭვი ამჯერად გაიფანტა. მაგრამ მითქმა-მოთქმა მაინც არ წყდებოდა სანტა-ლუჩიას მორწმუნეებში. სიმეონი, რომელსაც ძმასავით უყვარდა ლორენცო, ამის გამო ძალზე შეშფოთებული იყო, მაგრამ მის მკაცრ დაკითხვას თავს არიდებდა. არათუ მკაცრი დაკითხვა, უნდობლადაც არ შეეძლო შეეხედა მისთვის. მაგრამ ერთხელ სანტა-ლუჩიას შიგა ეზოში მან იპოვა ლორენცოსადმი მიწერილი გოგონას სამიჯნურო ბარათი. სიმეონმა ლორენცო მარტო მოიხელთა ოთახში, ბარათი ცხვირწინ აუფრიალა და ხან მუქარით, ხან კი დაყვავებით, შეეცადა წვრილად გამოეკითხა ყველაფერი. მაგრამ დარცხვენისაგან სახეალანძული მშვენიერი ლორენცო მხოლოდ ამას იმეორებდა: «ჰო, ვიცი, რომ გოგონას ვუყვარვარ. წერილებიც მომწერა. მაგრამ მისთვის ერთი სიტყვაც არ მითქვამს არასოდეს». სიმეონმა კი, რამდენადაც საქმე ცოდვის ქმნას ეხებოდა, კიდევ უფრო დაჟინებით დაუწყო გამოკითხვა და საყვედურები. მაშინ ლორენცომ ნაღვლით სავსე მზერა მიაპყრო სიმენონს და საყვედურით წარმოთქვა:
_ ნუთუ ფიქრობ, რომ მე შენი მოტყუება შემიძლია?
ერთი სიტყვაც არ უთქვამს ამის მეტი, და ოთახიდან მერცხლის სისწრაფით გამოვარდა. ლორენცოს სიტყვებმა სიმეონს სინდისის ქენჯნა მოჰგვარა ასეთი ეჭვების გამო. შეწუხებულმა სიმეონმა წასვლა დააპირა, მაგრამ უეცრად წინ შეეჩეხა ოთახში შემოჭრილი ლორენცო. მან სწრაფად შემოჰხვია ყელზე ხელები სიმეონს და ნაწყვეტ-ნაწყვეტი ჩურჩულით წარმოთქვა:
_ დამნაშავე ვარ. მაპატიე.
სიმეონმა ხმის დაძვრაც ვერ მოასწო, ისე სწრაფადვე მოსცილდა ლირენცო და გარეთ გაიჭრა, ალბათ ცრემლების დამალვა თუ უნდოდა. «დამნაშავე ვარ»! _ რას ნიშნავდა ეს სიტყვები? გოგონასთან საიდუმლო კავშირის აღიარებას, თუ კადნიერი შეპასუხების გამო სინანულს? სიმეონს ვერაფერი გაეგო.
მაგრამ ერთი კვირის შემდეგ დაჟინებით დაიწყეს ლაპარაკი, რომ ქოლგებით მოვაჭრის ქალიშვილი ფეხმძიმედ იყო. ამასთან ამბობდნენ, თითქოს თვით გოგონა გამოუტყდა მამას, რომ სანტა-ლუჩიელ ლორენცოსაგან ჩასახულ ბავშვს ატარებდა მუცლით. გააფთრებული მოხუცი საჩივლელად მიიჭრა პატერენთან. საქმის ასე შეტრიალების გამო ლორენცოს უკვე აღარ შეეძლო თავის მართლება, და პატერენის მეთაურობით იმავე დღეს შეკრებილმა წმინდა ძმობამ ლორენცო ეკლესიიდან განკვეთა. ამას უნდა მოჰყოლოდა გაძევება სანტა-ლუჩიადანაც. ლორენცოს საარსებო წყარო მოესპო. მაგრამ ასეთი დამნაშავის დატოვება სანტა-ლუჩიაში არაფრით მოხერხდებოდა, რადგან ამას შეიძლება ზიანი მიეყენებინა უფლის დიდებისათვის. და ადამიანმა, რომლებსაც ძალიან უყვარდათ ლორენცო, ცრემლები ჩაყლაპეს და გადაწყვიტეს მისი გაძევება.
ყველაზე მეტად იტანჯებოდა სიმეონი, რომელსაც ლორენცო უფროს ძმასავით უყურებდა. მაგრამ მას ლორენცოს სიცრუე უფრო ტანჯავდა, ვიდრე მისი გაძევება. და როდესაც ეს საყვარელი ჭაბუკი, ასეთი უბედური, გასასვლელისაკენ წალასლასდა ცივ ქარში, სიმეონი მივიდა მასთან და ხელუკუღმა ლეწა მშვენიერ სახეში. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ლორენცო ძირს დაენარცხა, მაგრამ სწრაფად წამოიჭრა, ცად აღაპყრო ცრემლით სავსე თვალები და ხმის კანკალით წარმოთქვა:
_ ღმერთო, მიუტევე, რამეთუ არა უწყის, რასა იქმს!
ამ სიტყვებმა სიმეონი დააცხრო. წმინდა ძმები შემოეხვივნენ და დამშვიდება დაუწყეს. იგი ერთხანს კიდევ იდგა ეზოში, მუშტები უთრთოდა, ბოლოს ხელები გულზე დაიჭდო და საავდრო ცასავით მოქუფრული სახით თვალმოუშორებლად მიაშტერდა, ლამის თვალებით ჭამდა სანტა-ლუჩიას ჭიშკრიდან გამავალ თავჩაქინდრულ ლორენცოს. ქრისტიან მოწმეთა თქმით, სწორედ ამ დროს ნაგასაკის დასავლეთით, ნაღვლიანად მიმავალ ლორენცოს ცის თაღიდან თითქმის ზედ თავზე დაადგა მზის დისკო, რომელსაც ცივი, ძლიერი ქარი ატოკებდა, და ჭაბუკის ნაზი ფიგურა გამოიკვეთა გაჩირაღდნებული ცის ფონზე.
ამიერიდან ლორენცო დასახლდა ქალაქის განაპირას, ღარიბულ ქოხში და მათხოვრული ცხოვრება დაიწყო. როგორ არ ჰგავდა ეს იმ ყოფას, როდესაც საცეცხლური ეჭირა სანტა-ლუჩიას მთავარ ტაძარში! ქარისტიანული ღმერთისადმი მისი მსახურება ადრეც სიძულვილს იწვევდა წარმართთა ბრბოში, ახლა კი ამას განკიცხვაც დაემატა. ქუჩაში გამოსულ ლორენცოს ბოროტი ბავშვები აჯავრებდნენ, ზოგიერთები ქვებსა და კრამიტის ნატეხებს ესროდნენ, ხანდახან ჯოხითაც ემუქრებოდნენ, ხმლითაც კი. ერთხელ საშინელი ციებ-ცხელება შეეყარა, ნაგასაკში რომ მძვინვარებდა, და იგი შვიდი დღე და ღამე ეგდო გზის პირას, ქვაფენილზე, კრუნჩხვებით გაწამებული. ახლაც მხოლოდ ძესუსუსადმი უსაზღვრო სიყვარულმა გადაარჩინა. იმ დღეებშიც, არავინ რომ არ აძლევდა სამოწყალოდ ბრინჯს ანდა ფულს, უზენაესი გარდმოუვლებდა ხოლმე ველურ ხილს, თევზს თუ მოლუსკებს, რითაც ლორენცო შიმშილს იკლავდა. ამიტომაც როგორც ყვებიან, ლორენცო დილისა და საღამოს ლოცვებში არ ივიწყებდა ლასნტა-ლუჩიაში გატარებულ ხანას, და ქარვის კრიალოსანი მის მაჯაზე ისევ კრიალებდა. და განა მარტო ეს? ყოველთვის, როგორც კი ქალაქი ღამეში ჩაიძირებოდა და გამვლელთა ფეხის ხმა მიწყდებოდა, ჭაბუკი შეუმჩნევლად გამოძვრებოდა თავისი ქოხიდან, მთვარით განათებულ ბილიკით მიდიოდა ნაცნობი მონასტისაკენ და მორჩილად ევედრებოდა უფალ ძესუსუ ქირისოტოს, დაეფარა იგი.
სანტა-ლუჩიას მორწმუნეებმა თანდათან დაივიწყეს ლორენცო. აღარავინ თანაუგრძნობდა, თვით პატერენიც კი. ეკლესიიდან მისი განკვეთის შემდეგ ყველას მტკიცედ სჯეროდა, რომ ლორენცომ საზიზღარი დანაშაული ჩაიდინა, და მათ ფიქრადაც არ მოსვლიათ, რომ იგი, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი, ყოველ ღამით მოვიდოდა ღმერთის ტაძარში სალოცავად. ჩანს, ასეთი იყო მიუწვდომელი განგება ძესუსუსი, და რა გაეწყობოდა. მაგრამ ეს თვით ლორენცოსთვის ძალიან სამწუხარო გახლდათ.
ქალგებით მოვაჭრის ქალიშვილს რაღა მოუვიდოდა? ერთ თვესაც არ გაევლო ლორენცოს განკვეთიდან, და მას გოგონა შეეძინა. მკაცრმა მოხუცმა, ჩანდა, სეიყვარა თავისი პირველი შვილიშვილი. იგი მზრუნველად უვლიდა ქალიშვილსა და ბავშვს, ხელში აჰყავდა ჩვილი, ეფერებოდა, ხანდახან კი, ამბობენ, დედოფალასაც აძლევდა სათამაშოდ. ცხადია, ამაში არაფერი იყო უცნაური. ხოლო ვინც მართლა უცნაურად იქცეოდა, ეს გახლდათ წმინდა ძმა სიმეონი. იმ დღიდან, რაც ქოლგებით მოვაჭრის ქალიშვილმა ბავშვი დაბადა, ეს ვეებერთელა კაცი, რომელსაც ალბათ ეშმაკის დათრგუნვაც კი შეეძლო, ყოველ თავისუფალ წუთს მოხუცის სახლში ატარებდა, მოუხეშავი ხელებით ეჭირა პატარა, და ცრემლმორეული, პირქუშ სახეზე ნაღველდაფენილი იგონებდა სუსტ და ნაზ ლორენცოს, უმცროსი ძმასავით რომ უყვარდა. ხოლო მოხუცი ვაჭრის ქალიშვილი აშკარად სწუხდა და ნაღვლობდა ლორენცოს გაუჩინარებას, და ამის გამო თითქოს სიმეონის სტუმრობაც კი არ სიამოვნებდა.
დროს ვერავინ შეაჩერებსო, ნათქვამია. წელიწადზე მეტი გავიდა შეუმჩნევლად. და მოხდა მოულოდნელი უბედურება _ საშინელი ხანძარი, რომელმაც ნახევარი ნაგასაკი ერთ ღამეში ფერფლად აქცია. თმები ყალყზე უდგებოდათ იმ ღამის საშინელი სურათების მხილველებს. მძვინვარე ცეცხლიდან თითქოს ნაღარის ხმა გაისმოდა, საშინელი სამსჯავროს დადგომის მაუწყებელი. საუბედუროდ, ქოლგების ოსტატის სახლი საქარე მხარეს იდგა, ამიტომ ცეცხლიც წამსვე მოედო. მამა და ქალიშვილი თავგზააბნეული გამოიჭრნენ ქუჩაში და მხოლოდ მაშინ გაახსენდათ ბავშვი. გოგონა იმ ოთახში დარჩენილიყო, სადაც დასაძინებლად დაეწვინათ. სასოწარკვეთილი მოხუცი ერთ ადგილზე წრიალებდა და ყველას წყევლიდა. მის ქალიშვილს ბავშვის გადასარჩენად ცეცხლში უნდოდა შევარდნა, მაგრამ ძლივძლივობთ აკავებდნენ. ქარი ძლიერდებოდა და გამძვინვარებულ ცეცხლის ენებს ლამის ვარსკვლავები გაერუჯათ ცაში. ქალაქის გადასარჩენად მოგროვილი მოსახლეობა ოხრავდა მხოლოდ. ამშვიდებდნენ ახაგაზრდა ქალს, შეშლილივით რომ ბორგავდა. რიღას გაკეთება შეეძლოთ? ბრბო გამოარღვია და მოირბინა ჩვენმა ნაცნობმა სიმეონმა. ეს ძლიერი, გოლიათური აღნაგობის მამაკაცი, რომელსაც ალბათმრავალი ბრძოლა გამოევლო, არც დაფიქრებულა, ისე გაბედულად გაექანა გამძვინვარებულ ცეცხლში შესაჭრელად, მაგრამ ისიც იძულებული გახდა, უკან დაეხია. მერე კიდევ ორჯერ თუ სამჯერ შეჩერდა კვამლში, მაგრამ მაშინვე გადმოხტა უკან. ბოლოს მივიდა მოხუცთან და ქალიშვილთან და თქვა:
_ ყველაფერი ღვთის განგებითაა. ყველაფერი მის ნებას ემორჩილება. დამშვიდდით, ყოველგვარი ცდა ამაოა.
ამ დროს მოხუცის ახლოს ვიღაცამ ამოიძახა:
_ უფალო, შემეწიე!
სიმეონს ხმა ეცნო და მისკენ მიიხედა. ღმერთო ძლიერო! ეს იყო ლორენცო! ცეცხლის შუქს გაენათებინა მისი მშვენიერი, მაგრამ ძალზე გამხდარი სახე, ქარისაგან აწეწილი თმა შავ ბღუჯად ჩამოშლოდა მხრებზე. სიმეონმა შეხედა თუ არა, იცნო ლორენცო, თუმცა ახლა საცოდავი სანახავი იყო იგი, მათხოვრის ფლასით შემოსილი ლორენცო ბრბოს წინ იდგა და თვალმოუშორებლად უყურებდა ცეცხლმოდებულ სახლს. შემდეგ კი ყველაფერი უცბად მოხდა. გრიგალისებურმა ქარმა წამიერად მიანავლა ცეცხლი, და ლორენცო, რომელიც სწრაფად გაიჭრა წინ, ცეცხლოვანი კედლლის უკან გაუჩინარდა. სიმეონს მთელ ტანზე ცივმა ოფლმა დაასხა.
_ ღმერთო, უშველე! _ შესძახა მან და პირჯავი გადაიწერა.
ხსოვნაში წამოესახა ლორენცოს სახე, როდესაც იგი, მშვენიერი და ნაღვლიანი, გადიოდა სანტა-ლუჩიას ჭიშკრიდან, და ცივ ქარში მოცახცახე მზის სხივებით იყო გაბრწყინებული.
თუმცა ლორენცოს სიმამაცემ ყველა გააოცა, ქრისტიანებმა მაინც გაიხსენეს მისი ცოდვიანი წარსული. და ახმაურებულ ბრბოს ნაირნაირმა აზრმა, მსჯელობამ და ჭირმა გადაუარა.
_ ტყუილად არ ამბობენ, მშობლის სიყვარული შვილისადმი ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოვლინდებაო, _ იქედნურად წამოაყრანტალა ვიღაცამ, _ ლორენცოს რცხვენოდა თავისი ცოდვის, ახლა კი ცეცხლში ვარდება, ერთადერთი შვილის გადასარჩენად.
მოხუციც ამასვე ფიქრობდა ლორენცოზე, მერე კი, ალბათ, გაუგებარი სულიერი ძრწოლა რომ დაეფარა, ხელების მტვრევით დაიწყო რაღაც უაზრო სიტყვების ძახილი. მისი ქალიშვილი კი გიჟივით დავარდა მუხლებზე, სახე ხელებით დაიფარა და ლამის გაქვავებულმა, მხურვალე ლოცვა დაიწყო. თავზე ხანძრის ფერფლი
აცვივოდა, მიწაზე მორიალე კვალმი უფარავდა სახე, იგი კი, თავდახრილი, ჩუმად, თავდავიწყებით ლოცულობდა. უცებ ხალხი ახმაურდა და ამოძრავდა: ცეცხლის მოლაპლაპე ენებს შორის, თითქოს ციდან ეშვებაო, გამოჩნდა ლორენცო ჩვილით ხელში. იმავ წამს ერთ-ერთი კოჭი ჩამოიქცა და ჰაერში საზარელი გრიალით აიჭრა ცეცხლისა და კვამლის ღველფი. ლორენცო მხედველობიდან გაქრა, ხოლო იმავე ადგილიდან ცეცხლის ძოწისფერი სვეტი აღიმართა.
უბედურება იმდენად დიდი იყო, რომ ყველას თვალთ დაუბნელდა. იდგნენ მდუმარედ, თითქოს დამუნჯებულიყვნენ. მოხუცის ქალიშვილმა შეჰკივლა და ისე წამოიჭრა, რომ ბარძაყები გაუშიშვლდა, მერე კი, თითქოს ელვა დაატყდაო, მიწაზე გაიშოტა. არც იყო საკვირველი: ხელებში სასწაულებრივად აღმოუჩნდა თავისი პატარა გოგონა _ არავინ უწყოდა ცოცხალი თუ მკვდარი, რომელსაც მაგრად იკრავდა მკერდში. ო, ყოვლადძლიერებავ და უსაზღვრო სიბრძნევ უზენაესისა! არ მოიძებნება სიტყვები შენს სადიდებლად! ჩამოქცეული კოჭის ქვეშ მოხვედრილმა ლორენცომ უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და დედისკენ ისროლა ბავშვი, რომელიც, საბედნიეროდ, უვნებელი დარჩა.
მიწაზე გაშოლტილ ახალგაზრდა ქალს სიხარულის ცრემლები ახრჩობდა, ხოლო, თითქოს მის სიტყვებს იმეორებსო, ცისკენ ხელებაპყრობილი მოხუცის ბაგეებს მოსწყდა სიტყვები, ღვთის გულმოწყალების სადიდებელი. მას, ალბათ, არც შეეძლო არ წარმოეთქვა ეს მოწიწებით აღსავსე სიტყვები. სიმეონი ადრევე შეიჭრა ცეცხლის გრიგალში. ერთი სურვილით იყო იგი აღძრული, _ გადაერჩინა ლორენცო. და მოხუცის ბაგეებიდან ისევ აღევლინა საღამოს ცაში ვედრების ხმა, აღსავსე ძრწოლითა და ურვით. და განა მარტო მისი ბაგეებიდან! მისი ქალიშვილი და გარშემოხვეული ქრისტიანები ტიროდნენ და ერთხმად ლოცულობდნენ:
_ ღმერთო, გვიშველე, ღმერთო!
უბიწო ქალწულ მარიამის პირმშომ, უფალმა ჩვენმა ძესუსუ ქირისიტომ, რომელმაც იტვირთა ყოველი მწუხარება და ნაღველი კაცთა მოდგმისა, ბოლოს შეუსმინა მათი ვედრება. შეხეთ! უმოწყალოდ დამწვარი ლორენცო სიმეონის ხელებშია, გადარჩენილია, გამოტაცებულია ცეცხლისადა კვამლის მორევიდან.
მაგრამ ამით არ დამთავრებული ამ ღამის ტრაგიკული ვითარებანი. თითქმის უსულო ლორენცო ქრისტიანებმა ეკლესიის ჭიშკართან გადაიყვანეს უქარო მხარეზე და იქ დააწვინეს. ამ დროს ქოლგებით მოვაჭრის ქალიშვილი, რომელიც ჯერ კიდეც ტიროდა და მკერდში იკრავდა ბავშვს, მუხლებზე დაეცა ის-ისაა ჭიშკარში შემოსული პატერენის წინ და უცებ მთელი ხალხის თანდასწრებით შეჰღაღადა:
_ ეს გოგონა არაა ბატონი ლორენცოს შვილი, იგი მეზობელი წარმართის ვაჟისაგან შემეძინა.
მისი მტკიცე ხმა, მისი ცრემლებით აელვარებული თვალები მოწმობდა, რომ აღსარებაში ტყუილის ნასახიც არ ერია. მჭიდრო წრედ გარშემორტყმული ქრისტიანები სუნთქვაშეკრულნი უსმენდნენ; ხანძარიც კი დავიწყებოდათ, ცას რომ სწვდებოდა.
ქალიშვილმა ცრემლები მოიწმინდა და განაგრძო:
_ მე მიყვარდა ბატონი ლორენცო, სულ მასზე ვფიქრობდი. მაგრამ იგი მტკიცედ იდგა რწმენაზე და ცივი იყო ჩემს მიმართ. მაშინ გაბრაზებულმა ვთქვი, რომ ლორენცოსაგან ვიყავი ფეხმძიმედ და ამით გადავუხადე სამაგიერო. მაგრამ კეთილშიბილმა ლორენცომ არ შემიძულა ასეთი დიდი ცოდვის ჩადენისათვის, დღეს კი არაფრად ჩააგდო საშიშროება და ინფერუნოს ცეცხლს გამოსტაცა ჩემი გოგონა. მე თაყვანს ვცემ მის სიკეთესა და თავგანწირვას, ისევე როგორც უფალ ძესუსუ 43
ქირისოტოს მეორედ მოსვლას ვცემ თაყვანს. მე ბოროტება ჩავიდინე და მზადა ვარ, თუნდაც ახლავე, ჩემი სხეული ეშმაკს მივუგდო საჯიჯგნად.
ახალგაზრდა ქალმა ძლივს დაამთავრა თავისი აღსარება, კვლავ ცრემლებად დაიღვარა და მიწაზე დაეცა. მორწმუნეთა შორის, უნებლიე შეძახილები: «წამებულია! წამებული!» ჭეშმარიტად ქების ღირსი იყო ლორენცო, უფალ ზესისი ქირისოტოს კვალს გაჰყვა და ცოდვილი ქალის თანალმობისათვის მათხოვრის ხვედრსაც არ შეუშინდა. მის სულს კი ვერ ჩაწვდა ვერც პატერენი, რომელსაც მამად თვლიდა, ვერც სიმეონი, რომელსაც სასოებით უყურებდა, როგორც უფროს ძმას. წამებული არ იყო განა?
ლორენცომ ვაჭრის ქალიშვილის აღსარების დროს რამდენჯერმე ოდნავ დააქნია თავი. თმები შემოსწვოდა, კანი მთლად დასთუთქოდა, ხელ-ფეხი წართმეოდა, იმედის ნასახიც არ ჩანდა მისი მოსულიერებისა. სიმეონი და ქალიშვილის აღსარებით გულმოკლული მოხუცი ჩამუხლულიყვნენ ლორენცოს ახლოს და ცდლობდნენ, ოდნავ მაინც შეემსუბუქებინათ მისთვის წამება. მაგრამ ლორენცო სულ უფრო და უფრო სუსტად სუნთქავდა. ჩანდა, მისი აღსასრული ახლოს იყო. არ შევცლია მხოლოდ გამომეტყველება ვარსკვლავებივით გაბრწყინებული თვალებისა, რომლებიც შორეული ზეცისკენ მიეპყრო.
პატერენმა, მძვინვარე ქარისაგან მთლად რომ ასწეწოდა თეთრი წვერი, ყურადღებით მოისმინა ახალგაზრდა ქალის აღსარება და საზეიმოდ წარმოთქვა:
_ კურთხეულია ის, ვინც მოინანია. ასეთ ბედნიერს ვერ შეეხება დამსჯელი ხელი ადამიანისა. ჩვენ კი უფრო გულმოდგინედ მივყვეთ უფლის მოძღვრებას და მორჩილად დაველოდოთ საშინელ სამსჯავროს. ლორენცოს სწრაფვა _ თავისი მოქმედებით უფალ ზესუსუ ქირისოტოსთვის მიებაძა, იშვიათი სიქველეა ამ ქვეყნის ქრისტიანთა შორის. ის კი ჯერ კიდევ ასე ახალგაზრდაა...
მაგრამ ეს რაა? პატერენი უცებ დადუმდა და დააშტერდა მის ფეხებთან მწოლ ლორენცოს, რომელიც თითქოს პარაისოს შუქით იყო გაცისკროვნებული. ო, როგორი მოწიწებით უცქერდა პატერენი! არასოდეს ასე არ აჰკანკალებია ხელები მოხუცს. ღაწვებზედ ნაკადად ჩამოსდიოდა ცრემლები.
შეხედე, სიმეონ! შენც ქოლგების ვაჭარო! შეხედეთ! უტყვი, ერთიანად განათებული უფალ ძესუსუ ქირისოტოს სისხლზე უფრო წითელი ცეცხლის შუქით, წევს ნატა-ლუჩიას ჭიშკართან ყრმა, დამწვარი ტანსაცმლიდან ორი ძვირფასი იასპივით მოუჩანს ქალწულის უმანკო ძუძუები. მხოლოდ ახლაღა შეამჩნია ყველამ მისი სახის ბუნებრივი სინაზე, თუმცა ძალზე დასწვოდა პირისკანი. მაშ, ლორენცო ქალიშვილია? ლორენცო _ ქალიშვილი? შეხედეთ, ქრისტიანებო, ბობოქარი ხანძრისაკენ ზურგით რომ დგახართ! ლორენცო სანტა-ლუჩიადან უმანკოების აღთქმის დარღვევისათვის გაძევებული, ქალიშვილი ყოფილა. ისეთივე, როგორც ქოლგების მოვაჭრის ასულია.
ჰყვებიან, რომ მოკრძალებულმა ჩურჩულმა გადაუარა მორწმუნეებს, თითქოს უზენაესის ხმა გაეგონათ მაღალი ზეციდან, სადაც უკვე აღარ ჩანდა არც ერთი ვარსკვლავი. ყველამ თავი დახარა, ყველა მუხლებზე დაეცა ლორენცოს გარშემო. ირგვლივ ხანძრის გუგუნის ექო ისმოდა მხოლოდ, და კიდევ ვიღაცის ჩახშული ქვითინი. ქოლგებით მოვაჭრის ქალიშვილი ხომ არ ტიროდა? ან სიმეონი, ლორენცოს უფროს ძმად რომ მიაჩნდა თავი? ხალხის დუმილი დაარღვია ლორენცოს თავზე ხელებაღმართული პატერეინის საზეიმო, მწუხარე ხმამ. იგი ლოცვას კითხულობდა. როდესაც ის დადუმდა, ყმაწვილმა ქალმა, ლორენცოს რომ ეძახდნენ, ბნელი ცის
მიღმა სამოთხის ბრწყინვალება დაინახა და მშვიდი ღიმილით გადავიდა იმ ქვეყანაში.
ქალიშვილის ცხოვრების შესახებ მეტი არაფერია ცნობილი. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას? ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი რამ სულის აღმაფრენის განუმეორებელი წამია. იგი მსგავსია ჯერ კიდევ ამოუსვლელი მთვარის შუქისა, სიბნელიდან გამოტაცებული, სულში დამუნჯებული გრძნობათა ოკეანის აქაფებული ტალღისა. სწორედ ამგვარი ცხოვრება არაა ამაო. ამიტომ ცოდნა ლორენცოს უკანასკნელი წუთებისა განა იგივე არაა, რაც მთელი მისი ცხოვრების ცოდნა?
ჩემს წიგნთა შორის არის ერთი წიგნი, რომელსაც ჰქვია «Legenda Aurea» და გამოცემულია ნაგასაკის იეზუიტთა ორდენის მიერ. მისი შინაარსი არ იფარგლება ოდენ დასავლეთევროპული, ეგრეთ წოდებული «ოქროს ლეგენდით». ზღვისგაღმელ მოციქულთა და წმინდანთა სიტყვებისა და მოღვაწეობის გვერდით მასში იაპონელ ქრისტიანთა სიმამაცე და თვითგანწმენდაცაა აღწერილი, რასაც, ალბათ, ხელი უნდა შეეწყო სახარების გავრცელებისათვის.
წიგნი შედგება ორი ტომისაგან. იგი მინოსურ ქაღალდზეა დაბეჭდილი ხირაგანით, შიგადაშიგ კი გაკრული ხელით არის შევსებული. ნაბეჭდი ძალზე ბუნდოვანია. ადგილ-ადგილ სრულიად გაუკვეველია, ნაბეჭდია თუ ნაწერი. პირველი ტომის ყდაზე ლათინური ასოებით ჰორიზონტალურად წერია წიგნის დასახელება, მის ქვევით კი ორი ვერტიკალური სტრიქონია იეროგლიფებით ამოკვეთილი: «1596 წელს რ.ხ., კეიტიოს მე-2 წელს, მესამე თვის პირველ ათეულში». თარიღის მარცხნივ და მარჯვნივ გამოსახულია ანგელოზი ნესტვით. პრიმიტიული ტექნიკის მიუხედავად, ნახატში არის რაღაც მიმზიდველი. მეორე ტომი არაფრით არ განსხვავდება პირველისაგან, თუ არ ჩავთვლით ყდის წარწერას: «ამოკვეთილია შუა მაისში».
ორივე ტომი შეიცავს სამოც გვერდს. პირველი შედგება რვა თავისაგან, მეორე ათისაგან. ორივე ტომი იწყება უცნობი ავტორის წინასიტყვაობით და მთავრდება ლათინურად დაწერილი სარჩევით. წინასიტყვაობა არ გამოირჩევა დახვეწილობით და სტილით იგრძნობა ევროპულიდან სიტყვასიტყვითი თარგმანი. ამიტომ საფიქრებელია, რომ იგი ევროპელს ეკუთვნის _ კერძოდ, იმავე პატერენს.
ზემოთ მოთხრობილი «ქრისტიანის სიკვდილი» ემყარება ხსენებული «ოქროს ლეგენდის» მეორე ტომის მეორე თავში გადმოცემულ ამბავს, რომელიც, საფიქრებელია, წარმოადგენს ნაგასაკის ერთ ქრისტიანულ ტაძარში მომხდარი შემთხვევის ზუსტ ჩანაწერს. რაც შეეხება მასში მოხსენებულ დიდ ხანძარს, არც ერთ წყაროში, დაწყებული «მოთხრობებიდან ნავსადგურ ნაგასაკზე», არავითარი მინიშნება არაა, მოხდა თუ არა მსგავსი ხანძარი, ეს კი ამბავის დათარიღების საშუალებას არ იძლევა.
მოთხრობაში «ქრისტიანის სიკვდილი» თავს ნება მივეცი, გამოცემის პირობების გათვალისწინებით, გარკვეული ცვლილებები შემეტანა. ბედნიერი ვიქნები, თუ ძალიან არ შევლახე დედნის სიმსუბუქე და ჰაეროვნება.
აგვისტო, 1918წ.