მისი ბრწყინავლება ხორიკავას მსგავსი ადამიანი არც დღემდე არსებობდა სადმე და ალბათ აღარც გაჩნდება ამ ქვეყანაზე. ხმები დადიოდა, თითქოს ხორიკავას დაბადებისას მისი ფრიად პატივცემული დედის სასთუმალთან წმინდა დაიიტოკუ გამოცხადებულა. ასე თუ ისე, როგორც ამბობენ, იგი დაბადებიდანვე განსხვავდებოდა ჩვეულებრივი ადამიანებისგან. ამიტომაც ყოველთვის გვაოცებდა მისი სურვილები თუ საქმეები. მარტო მისი სასახლის ნახვა რად ღირს, მდინარე ხორიკავას ნაპირზე რომ დგას. დიდებულია, არა? ამ სასახლეში ისეთ სასწაულებს იხილავს კაცის თვალი, რომ ჩვენი უბირი გონება ვერც წარმოიდგენს. მის ბრწყინვალებაზე ხალხი რას არ ლაპარაკობს: ზოგიერთი მას იმპერატორებს ში ხუან-დის და იან-დისაც კი ადარებს, მაგრამ ეს იმასა ჰგავს, ანდაზა რომ ამბობს, ბრმა ხელის ფათურით აფასებდა სპილოსო. უნდა ითქვას, რომ მისი ბრწყინვალება მხოლოდ საკუთარ თავსა და დიდებაზე როდი ფიქრობდა. არა, მას შეეძლო მდაბალთა და უპოვართა გულისნადებიც შეტყო. იგი, როგორც იტყვიან, მთელი სამყაროს სიხარულსა და გაჭირვებას იზიარებდა. დიახ, ასეთი სულდიდი ადამიანი გახლდათ მისი ბრწყინვალება.
სწორედ ამიტომ იყო, რომ მაშინაც კი, როცა იგი ნიოძეს სასახლეში მოხვდა ავსულთა თარეშის ჟამს, არაფერი მოსწვევია. პირიქით, თვით სადაიძინა ტორუს სულიც კი, რომელიც როგორც ამბობენ, ღამღამობით გამოჩნდებოდა ხოლმე კახარაინის სასახლეში, აღმოსავლეთის მესამე ქუჩაზე, იმ სასახლეში, სიოგამასა და მიტინოკუს ხედების გამოსახულებებით რომაა განთქმული, დიახ, თვითონ ეს მოჩვენებაც კი გაქრა, მისმა ბრწყინვალებამ ერთი რომ შეუყვირა. აი, როგორი ძლევამოსილი ადამიანი იყო იგი. ასე რომ, არცაა გასაკვირი, თუკი მთელს დედაქალაქში დიდი თუ პატარა, კაცი თუ ქალი, როგორც კი სიტყვა მის ბრწყინვალებაზე ჩამოვარდებოდა, ისე ლაპარაკობდა მასზე, თითქოს ხორცშესხმული ბუდა ყოფილიყოს. ხმაც კი გავრცელდა, რომ ერთხელ, როცა სასახლეში გამართული ქლიავის ყვავილთა დღესასწაულიდან დაბრუნებისას მისი ბრწყინვალების ეტლში შებმული ხარები გახელდნენ და ვიღაც მოხუცი გადათელეს, მოხუცმა ხელები აღაპყრო და მადლი აღავლინა იმის გამო, რომ მისი ბრწყინვალების ხარებმა გადაუარეს.
აი, რა ამბები ტრიალებდა, და ამიტომაც მომავალში ბევრი რამის მოყოლა იქნება შესაძლებელი მისი ბრწყინვალის ქველ საქმეებზე, თუ როგორ უძღვნა მან სტუმრებს ქეიფის დროს ოცდაათი თეთრი ბედაური, ნაგარას ხიდის მშენებლობისას როგორ გაიმეტა ბურჯში ჩასატანებლად თავისი უსაყვარლესი ყრმა, როგორ უბრძანა ჩინელ ბერს, დახელოვებულ მკურნალს, მისთვის მუწუკი გაეჭრა ბარძაყზე... ყველაფრის ცალ-ცალკე ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ ამ უამრავი მონათხრობიდან ყველაზე საშინელი და შემზარავი ალბათ მაინც ჯოჯოხეთის სურათებით თეჯირის მოხატვის ამბავი იქნება. ეს მოხატული თეჯირი დღესაც სასახლის უძვირფასესი სამკაულია. და ამ სურათის შექმნისას დატრიალებულმა უბედურებამ მისი ბრწყინვალებაც კი შეაძრწუნა, მისი ბრწყინვალება, რომლის წონასწორობიდან გამოყვანა ამქვეყნად არაფერს შეეძლო. ჩვენ, მისი მსახურნი, ნანახით შეძრწუნებულნი, კინაღამ სიცოცხლეს გამოვეთხოვეთ, მაგრამ ამაზე ლაპარაკიც არ ღირს! მეც კი, მის ბრწყინვალებას ოცდაათი წელი რომ ვემსახურებოდი, მსგავს საშინელებას არასოდეს შევსწრებივარ.
მაგრამ სანამ ამ ამბავს გაუწყებდეთ, მანამდე ოსტატ-მხატვარ ესიხიდეზე მოგითხრობთ, რომელმაც ეს თიჯირი მოხატა ჯოჯოხეთის სატანჯველთა სურათებით.
2
ესიხიდე... ალბათ დღესაც შეხვდებით ადამიანებს, რომელთაც ესიხიდე ახსოვთ. იგი ისეთი სახელგანთქმული მხატვარი იყო, რომ იმ დროს მას ფუნჯით ძნელად თუ გაეჯიბრებოდა ვინმე. მაშინ ესიხიდე ორმოცდაათს იქნებოდა მიღწეული. შეხედავდით და ერთი დაბალი, დალეული, გაძვალტყავებული მოხუცი შეგრჩენოდათ ხელში. სასახლეში, მის ბრწყინვალებასთან, მუქ-ყვითელ კარიგინუში გამოწყობილი გამოცხადდებოდა ხოლმე. თავზე მიმიებოსის იხურავდა. ხასიათი საძაგელი ჰქონდა, ხოლო ასაკისდაშეუფერებლად წითელი ტუჩები ცხოველებთან რაღაც უსიამო მსგავსებას ანიჭებდნენ მას. ამბობდნენ, ფუნჯს ლოკავს და ტუჩებზე წითელი საღებავი ეცხებაო, მაგრამ ნამდვილი მიზეზი არავინ იცოდა. ავი ენები იმასაც კი აღნიშნავდნენ, მიხვრა-მოხვრით ესიხიდე მაიმუნს გავგონებსო, ამიტომ «სარუხიდე» შეარქვეს მეტსახელად.
რადგანაც «სარუხიდე» ვახსენე, ბარემ ერთ ამბავსაც მოგითხრობთ. იმ დროს მისი ბრწყინვალების სასახლეში მხევლად აიყვანეს ესიხიდეს მხოლოდშობილი ქალიშვილი, თხუთმეტი წლის მშვენიერი გოგონა, რომელიც არაფრით ჰგავდა მამას. გარდა ამისა, შეიძლება იმის გამოც, რომ დედა ადრე დაკარგა, იგი ფიქრიანი, ასაკთან შედარებით ძალზე ჭკვიანი და გულისხმიერი იყო. ამიტომაც მხევალთუხუცესიდან მოყოლებული, ყველას უყვარდა.
ერთხელ, რაღაც შემთხვევის გამო, ტამბას პროვინციიდან მის ბრწყინვალებას მოშინაურებული მაიმუნი მიჰგვარეს და მისი ბრწყინვალების მოუსვენარმა ვაჟმა ესიხიდე შეარქვა მას. მაიმუნი ხომ ისედაც სასაცილოა და თუ ამას მის მეხსახელსაც დავუმატებთ, ცხადი გახდება, რომ სასახლეში ვერავინ იკავებდა თავს სიცილისაგან. მხოლოდ სიცილს რომ დასჯერებოდნენ, ამას კიდევ რა უშავდა, მაგრამ ხდებოდა ხოლმე, რომ იგი ნაძვზე აძვრებოდა ანდა ტატამს დასვრიდა ოთახებში, ხალხი მაშინვე ყვირილს მორთავდა სასეიროდ, ესიხიდე ესიხიდეო, რითაც, რა თქმა უნდა, ძალზე აბეზრებდნენ თავს მხატვარს.
ერთხელ ესიხიდეს ქალიშვილს წერილი და ქლიავის ტოტი ეჭირა ხელში და გრძელ ტალანს მიუყვებოდა. ამ დროს მისკენ მოპირდაპირე კარიდან მაიმუნი ესიხიდე გამოექანა კოჭლობით, როგორც ჩანს, თათი იტკინა და ამიტომ ბოძზე აცოცება ვეღარ მოახერხა. მაიმუნს, თქვენ წარმოიდგინეთ, ახალგაზრდა ბატონი მოსდევდა წკეპლის ქნევით და უყვიროდა:
_ საძაგელო ბაცაცავ! აბა, დამაცადე, აბა, დამაცადე!
ეს რომ დაინახა, ესიხიდეს ქალიშვილი დაიბნა, მაგრამ ამ დროს მაიმუნმა მასთან მიირბინა, კალთაზე ჩამოეკიდა და საცოდავად შეწკმუვლა. ქალიშვილს ისე შეებრალა ცხოველი, რომ ერთხანს ვერაფერი მოახრეხა. მერე იმ ხელით, რომელშიაც ქლიავის ტოტი ეჭირა, იების სურნელებით გაჟღენთილი საყელო გადაიწია, სათითაოდ აიყვანა მაიმუნი და თავდახრილმა სუფთა, წკრტიალა ხმით მიმართა ახალგაზრდა ბატონს:
_ კადნიერებაში ნუ ჩამომართმევთ... ეს ხომ პირუტყვია, გთხოვთ, აპატიოთ.
ახალგაზრდა ბატონი უკვე მათ წინ იდგა. მან წარბი შეიკრა და ფეხები დააბაკუნა.
_ რას ესარჩლები! მაგ მაიმუნმა მანდარინები მოიპარა.
_ ეს ხომ პირუტყვია... _ გაიმეორა გოგონამ, მხნეობა რომ მოიკრიბა, შემდეგ კი ნაღვლიანი ღიმილით დაუმატა:
_ გარდა ამისა, ესიხიდეს ეძახიან. ისე გამოდის, რომ თქვენ მამაჩემზე წყრებით, მე კი არ შემიძლია ამას დამშვიდებით ვუცქირო.
მაშინ კი შეიკავა თავი ახალგაზრდა ბატონმა.
_ ჰმ!.. რაკი მამას ესარჩლები... მიპატიებია, _ უხალისოდ თქვა მან, შოლტი გადააგდო და იმავე კარებით გავიდა, საიდანაც გამოჩნდა.
სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ დაიწყო სასახლეში ესიხიდეს ქალიშვილის მეგობრობა მაიმუნთან. გოგონამ ლამაზ, წითელ ყელსაბამზე ახალგაზრდა ქალბატონის ნაჩუქარი ოქროს ზანზალაკი შეაბა. ამის შემდეგ მაიმუნი ერთობ შეეთვისა ესიხიდეს ქალიშვილს და როცა ერთხელ გაციებული გოგონა საწოლში იწვა, მაიმუნი გვედიდან არ მოშორებია, მოწყენილი და ნაღვლიანი იკვნეტდა ფრჩხილებს.
მას შემდეგ _ სწორედ რომ საკვირველია _ უკვე აღარავინ აწვალებდა მაიმუნს, პირიქით, ნელ-ნელა განებივრებაც კი დაუწყეს. ზოგჯერ თვითონ ახალგაზრდა ბატონიც გადაუდგებოდა ხოლმე თხილს ან წაბლს. ის კი არა და, როცა ერთხელ რომელიღაც მსახურმა მაიმუნს წიხლი ამოჰკრა, ახალგაზრდა ბატონი საშინლად განრისხდა. ყვებოდნენ, რომ მალე ამ ამბის შემდეგ მისმა ბრწყინვალებამ ესიხიდეს ქალიშილს უბრძანა, მასთან გამოცხადებულიყო მაიმუნთან ერთად. მისთვის უკვე მოეხსენებინათ მხატვრის ასულისა და მაიმუნის ასეთი დამეგობრების ამბავი.
კარგი ქალიშვილი, საქებარი შვილი ყოფილაო, _ განაცხადა მან. ამგვარად, ბრწყინვალების ნებით, ქალიშვილმა ალისფერი აკომე მიიღო საჩუქრად. ხოლო როცა მაიმუნმაც ისე დაიჭირა თავი, თითქოს საჩუქარს სინჯავსო და მოწონებით აიღო ხელში აკომე, მისი ბრწყინვალება კიდევ უფრო გამხიარულდა. დიახ, ასე იყო საქმე და, მაშასადამე, მისმა ბრწყინვალებამ ესიხიდეს ქალიშვილს სწორედ იმიტომ დაუწყო წყალობის თვალით ცქერა, რომ უწონებდა მამისადმი სიყვარულში დიდ პატივისცემასა და სიყვარულს, რამაც, მაიმუნისადმი სიყვარულში ჰპოვა გამოხატულება და, რა თქმა უნდა, არა თავისი ავხორცი ზრახვების გამო, როგორც ხალხი ამბობდა. მართალია, არც მთლად უმიზეზოდ ამტყდარა ასეთი მითქმა-მოთქმა, მაგრამ ამის შესახებ როგორმე სხვა დროს გაიმბობთ აუჩქარებლად. მანამდე კი საკმარისია ითქვას, რომ მისი ბრწყინვალება არ იყო ისეთი ადამიანი, ვიღაც მხატვრის ქალიშვილისათვის გაეყადრებინა თავი, თუნდაც იგი ძალზე ლამაზი ყოფილიყო.
დიახ, ესიხიდეს ქალიშვილი მის ბრწყინვალებას პატივნაცემი გაშორდა, მაგრამ რადგანაც იგი მოკრძალებული და კეთილი გოგონა იყო, დანარჩენ მხევალთა გულში შური არ აღუძრავს. პირიქით, ამ დღიდან მოკიდებული ქალიშვილსაც და მის მაიმუნსაც ერთნაირად ანებივრებდნენ, ახალგაზრდა ქალბატონიც ხომ გვერდიდან აღარ იშორებდა.
მოდით, ჯერჯერობით გოგონას მამის, ესიხიდეს შესახებ გიამბობთ. დიახ, მაიმუნი მალე ყველამ შეიყვარა, მაგრამ თვითონ ესიხიდე ისევ ძველებურად სძულდათ და და ზურგსუკან სარუხიდეს ეძახდნენ. ასე იყო არა მარტო სასახლეში. იოკოგაველ წინამძღვარს, როცა მისი თანდასწრებით ესიხიდეს სახელს ახსენებდნენ,
სახე ეცვლებოდა, თითქოს ეშმაკს გადაეყარაო. ერთი სიტყვით, თვალის დასანახად ეჯავრებოდა იგი. მართალია, ამის მიზეზი თითქოს ის იყო, რომ ესიხიდემ წინამძღვარი საქილიკო სურათებში გამოსახაო, მაგრამ ამას მხოლოდ მდაბიო მსახურნი ამბობდნენ, მე კი დაბეჯითებით იმის თქმა, მართლა ასე იყო თუ არა, არ შემიძლია. ყოველ შემთხვევაში, ამ მხატვარზე, ვისთვისაც უნდა გეკითხათ, კარგს არავინ გეტყოდათ. თუკი იპოვიდით ვინმე ისეთს, ესიხიდეზე ცუდს არას იტყოდა, ეს მხოლოდ მისი ორი-სამი მეგობარი იყო, ან ისინი, რომელთაც მისი სურათები ენახათ, მაგრამ პირადად არ იცნობდნენ.
ესიხიდე მხოლოდ გარეგნულად კი არ იყო შესაზარი, არა, ზნეც გარეგნობის შესაფერი ჰქონდა და, უნდა ითქვას, ამის გამო დამსახურებისამებრაც მიეზღვებოდა ხოლმე.
4
ზნით კი აი, როგორი იყო იგი: წუწკი, უსინდისო, ზარმაცი, ხარბი და, რაც მთავარია, დიდგულა და ქედმაღალი. სახეზე ეწერა, რომ ქვეყნის პირველი მხატვარია და მისი ქცევაც მუდამ ამაზე მეტყველებდა. ფერწერაში პირველობას რომ დასჯერებოდა, ამას კიდევ აიტანდა კაცი, მაგრამ არა, იგი არც სხვა რამეებში უთმობდა არავის, ის კი არა, ზნეობასა და ადათებსაც კი დასცინოდა. ესიხიდეს რომელიღაც ნაშეგირდალმა მიამბო, ერთხელ, როცა ცნობილი პიროვნების სახლში ხიგაკის სახელგანთქმული ქურუმი ქალი ქადაგად დაეცა და შემზარავი ხმით იწყო წინასწარმეტყველება, ესიხიდეს მისთვის ყურიც არ უთხოვებია, განუშორებელი ფუნჯი მოიმარჯვა და მშვიდად ჩაიხატა ქურუმი ქალის შემზარავი სახე. შესაძლოა, იგი სულის გამოცხადებასაც უბრალო ბავშვურ თვალთმაქცობად თვლიდა.
აი, როგორი კაცი იყო ესიხიდე! ამიტომაც აბა, რა გასაკვირია, რომ ქალღმერთ კისიოტენის სახე ვიღაც ქალისაგან გადაიხატა, ხოო ბუდა ფუდოს ხატვისას ერთი ჩამოძონძილი კატორღელი გამოიყენა. ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი ასეთი უგვანი და ღვთისსაგმობი ჩაიდინა მან და როცა ამის გამო კიცხავდნენ, იდგა და არხეინად უსტვენდა. «კი მაგრამ, ღმერთები და ბუდები, ესიხიდემ რომ დახატა, ხომ დასჯიან მას ამნაირ საქმეთათვის? საოცარია!» ასეთი სიტყვები შეგირდებსაც კი აფრთხობდა და სასჯელის შიშით მრავალი მათგანი მის მიტოვებას ისწრაფოდა. ასეა თუ ისე, თვითონ ესიხიდე სრულიად დარწმუნებული იყო, რომ მისებრ შესანიშნავი ადამიანი მთელს დედამიწის ზურგზე არ მოიძებნებოდა.
იმაზე ლაპარაკიც კი არ ღირს, ღუ რა მწვერვალს მიაღწია ესიხიდემ ფერწერის ხელოვნებაში. მაგრამ რადგანაც მისი ნახატები როგორც ხაზებით, ასევე ფერებით მთლიანად განსხვავდებოდა სხვა მხატვართა ქმნილებათაგან, მისი არაკეთილმოსურნენი, ფუნჯის თანამოძმენი, თვალთმაქცად იხსენიებდნენ მას. ისინი კავანარის, კანაოკას ან სხვა ძველ სახელგანთქმულ ოსტატთა სურათებზე საუბრისას საოცარ ამბებს ყვებოდნენ: თითქოს მათ მიერ მოხატულ კარედს მთვარიან ღამეში ქლიავის საამო სურნელი ასდიოდა, ან თითქოს ისმოდა, როგორ უკრვადნენ სტვირს თეჯირზე გამოხატული კარისკაცები... ხოლო როცა კი სიტყვა ესიხიდეს ნახატებზე ჩამოვარდებოდა, შემზარავ ამბებს გადმოგვცემდნენ. მაგალითად, ესიხიდეს იმ სურათის შესახებ, «სიკვდილ-სიცოცხლის ბორბალი» რომ ეწოდება და რიუგაიძის ტაძრის კარებს ამშვენებს, ამბობდნენ, გვიან ღამით სურათიდან ურწმუნოთა კვნესა და ქვითინი ისმისო. უფრო მეტიც, ზოგიერთები იმასაც კი ამტკიცებდნენ, გახრწნილი გვამების სიმყრალე ვიგრძენითო. ახლა ქალთა
პორტრეტები, მისი ბრწყინვალების ბრძანებით რომ დახატა ესიხიდემ? ირწმუნებოდნენ, რომ სამი წელიც არ გაივლის და ისინი, ვინც ამ სურათებზეა გამოსახული. სნეულდებიან და კვდებიან, თითქოს სული ამოართვესო. ავსიტყვათა აზრით, ეს გახლდათ ყველაზე ჭეშმარიტი დადასტურება იმისა, რომ ესიხიდეს ხელოვნებაში ჯადოქრობა იყო გარეული.
მაგრამ რადგანაც ესიხიდე, როგორც ადრეც ვთქვი, განსაკუთრებული ადამიანი იყო, ამით ამაყობდა კიდეც და ერთხელ, როცა მისმა ბრწყინვალებამ გახუმრება ინება, შენ, როგორც ჩანს, სიმახინჯე გყვარებიაო, მან ასაკისდაშეუფერებელი წითელი ტუჩებით უსიამოდ გაიღიმა და თვითკმაყოფილმა უპასუხა, დიახ, ვერც ერთი ეს ზერექვერე მხატვარი ვერ გაიგებს სიმახინჯის სილამაზესო. გაგონილა მისი ბრწყინვალების წინაშე ასეთი ყოყოჩობა? მერე რა, რომ ესიხიდე პირველი მხატვარი იყო სახელმწიფოში... შეგირდს, ადრევე რომ ვახსენე, ტყუილუბრალოდ არ შეურქმევია მისთვის მალულად «ტირაეიძუ» მეტისმეტი ყოყოჩობისათვის. თქვენ, რასაკვირველია, გეცოდინებათ, რომ ტირაეიძუ იმ ეშმაკს ერქვა ძველად, დიდი ხნის წინათ რომ მოგვევლინა ჩინეთიდან.
მაგრამ ესიხიდესაც კი, რომელიც არ სცნობდა არავის და არაფერს, ერთი ჭეშმარიტად ადამიანური გრძნობა მიჰმადლებოდა ბუნებით.
ესიხიდეს თავდავიწყებით უყვარდა თავისი მხოლოდშობილი ქალიშვილი, სწორედ ის მხევალი გოგონა. უკვე ვთქვი, რომ გოგონა მეტად ნაზი და მოსიყვარულე შვილი იყო, მაგრამ ესიხიდესაც განუსაზღვრელად უყვარდა იგი და, შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ მაინც მოგახსენებთ, რომ ეს კაცი, რომელსაც ტაძრისთათვის ქრთილის საღირალიც კი არ შეუწირავს თავის სიცოცხლეში, ქალიშვილის ტანსაცმლისა და თმის მორთულობისათვის ფულს არასოდეს იშურებდა.
თუმცა ესიხიდე თავს ევლებოდა და ეთაყვანებოდა ქალიშვილს, მაგრამ აზრადაც არ მოსვლია, შესაფერი საქმრო შეერჩია მისთვის. ის კი არა და, თუკი გოგონას ვინმე თვალს დაადგამდა, იგი არაფრის წინაშე უკან არ იხევდა და თავზეხელაღებულ ხალხსაც კი ქირაობდა, რომლებიც მზეს უბნელებდნენ თავხედს. ამიტომაც, როცა გოგონა მისი ბრწყინვალების ბრძანებით სასახლეში გადაიყვანეს და მხევლად გაამწესეს, მოხუცი მამა ძალზე უკმაყოფილო დარჩა და თავისი მბრძანებლის წინაშეც კი არ გაუხსნია წარბი. შესაძლოა, ამიტომაც ატყდა მითქმა-მოთქმა: მისი ბრწყინვალება ესიხიდეს ქალიშვილითაა გატაცებული და მამის უკმაყოფილების მიუხედავად, სასახლეში ჰყავსო. ყველაფერი ეს უბრალო ჭორი იყო, მაგარმ ის კი სრული სიმართლეა, რომ ესიხიდეს უზომოდ უყვარდა ქალიშვილი და ამიტომაც გამუდმებით ითხოვდა, სასახლიდან დაითხოვეთო. ერთხელ, როცა მისი ბრწყინვალების ბრძანებით ჩვილ მონძიუს ხატავდა, მან ძალზე ოსტატურად გამოსახა თავისი მბრძანებლის უსაყვარლესი ყრმა, რის გამოც დიდად კმაყოფილმა მისმა ბრწყინვალებამ ინება მოწყალედ ეთქვა:
_ ჯილდოდ რასაც გინდა მოგცემ, მაუწყე შენი სურვილი, ნუ გერიდება.
მაშინ ესიხიდემ თავხედურად უთხრა:
_ გთხოვთ, ჩემი ქალიშვილი დაითხოვოთ სასახლიდან.
სხვა სასახლეებში არ ვიცი, მაგრამ იმათ, ვინც მის ბრწყინვალება ხორიკავას ემსახურებოდა, შესანიშნავად ეპყრობოდნენ... განა კიდევ მოიძებნება ადამიანი, ასე უხეშად რომ ეთხოვოს რაიმე? მხატვრის თავხედობამ მისი ბრწყინვალება, ასეთი
დიდბუნებოვანი ადამიანიც კი, გააბრაზა. იგი ერთხანს უსსიტყვოდ შეჰყორებდა სახეში ესიხიდეს, მერე მკვახედ მიახალა, არ შეიძლებაო, და მაშინვე წამოდგა. ასეთი რამ რამდენჯერმე განმეორდა. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, მაგრამ, როგორც ახლა მაგონდება, ყოველი თხოვნის შემდეგ მისი ბრწყინვალება სულ უფრო და უფრო ცივად ეპყრობოდა ესიხიდეს. გოგონას ძალიან აღელვებდა მამის ბედი. იგი ხშირად შედიოდა ხოლმე სამოახლოში და მწარედ ტიროდა. მაშინ კიდევ უფრო გაძლიერდა მითქმა-მოთქმა, მის ბრწყინვალებას ესიხიდეს ქალიშვილი შეუყვარდაო. ზოგიერთები იმასაც კი ამბობდნენ, ჯოჯოხეთის სურათებით თეჯირის მოხატვასთან დაკავშირებული ტრაგედია იმიტომ დატრიალდა, რომ გოგონა წინააღმდეგობას უწევდა მისი ბრწყინვალების სურვილებსო, მაგრამ ასეთი რამ, რა თქმა უნდა, არ შეიძლებოდა მომხდარიყო.
ჩემი აზრით, მის ბრწყინვალებას ესიხიდეს ქალიშვილის სასახლიდან დათხოვნა იმიტომ არ უნდოდა, რომ ებრალებოდა ახალგაზრდა ქალი და მისი ბედი აწუხებდა. იგი მოწყალედ ვარაუდობდა, რომ ესიხიდესთანა ჯიუტ ადამიანთან ყოფნა გაუჭირდებოდა ქალიშვილს და ამიტომ ჯობდა, სასახლეში დარჩენილიყო, სადაც უკეთესად მოეპყრობოდნენ. მართალია იგი სწყალობდა მშვენიერ გოგონას, მაგრამ ზოგიერთები რომ ამბობდნენ, უკეთური მიზნები ამოძრავებდაო, ეს მოცლილთა გამონაგონი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ფეხმოკლე ტყუილი იყო.
ასეა თუ ისე, სწორედ იმ დროს, როცა ესიხიდე თავისი ქალის გამო თითქმის შერისხული აღმოჩნდა, მისმა ბრწყინვალებამ, _ რა ჰქონდა გუნებაში, არ ვიცი, _ უცებ იხმო ესიხიდე და თეჯირის მოხატვა და ამ ნახატში ჯოჯოხეთის სატანჯველთა ასახვა უბრძანა.
საკარისია ეს თეჯირი ვახსენო, რომ მაშინვე საშინელი სურათი დამიდგება თვალწინ. უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ის, რაც ესიხიდემ დახატა, სრულიადაც არ ჰგავს სხვა მხატვართა მიერ შესრულებულ ჯოჯოხეთის სატანჯველთა სურათებს. განსხვავება ძირითადად სურათების განლაგებაში გამოიხატება: ერთ ფრთაზე, კუთხეში მკრთალადაა გამოსახული ქვესკნელის ათი მთავარი, ხოლო მთელ დანარჩენ სივრცეზე ისეთი მძვინვარე ცეცხლი ბობოქრობს, შეიძლება კაცმა იფიქროს, ხანჯალა ხეებით დაბურულ ხმალა მთებს ჩაუქრობელი ალი მოსდებიაო. მხოლოდ აქა-იქ, ყვითელ და ლურჯ წინწკლებად ელავს ჯოჯოხეთის მსახურთა ჩინური ტანსაცმელი, ისე კი საითაც უნდა გაიხედო, ყველაფერი ცეცხლს დაუფარავს და ცეცხლის ენებს შორის გაშმაგებული მიიკლაკნება მანძის ბორჯღალივით მოკალული, შეშხეფებული ტუშის შავი კვამლი და სიზმარეულივით რიალებენ ოქროს მტვრის გავარვარებული ნაპერწკლები.
ჯერ მარტო ამით ატყვევებს მზერას მხატვრის ფუნჯის ძალა. ხოლო ასე საზარლად დაკრუნჩხულ, აბობქრებულ ალში გახვეულ ცოდვილებს ჯოჯოხეთის ჩვეულებრივ სურათებში ხომ ვერ იხილავთ. ცოდვილთა შორის ესიხიდემ ათასი ჯურის ხალხი გამოსახა, სხვადასხვა წოდებისა, დიდებულებით დაწყებული და უკანასკნელი მათხოვარივით დამთავრებული: კარისკაცთა ტანსაცმელში გამოწყობილი ზვიადი დიდებულები, აბრეშუმში გამოკვალთული მომხიბლავი ახალგაზრდა ქალბატონები, ბუდაელი ბერები კრიალოსნით ხელში, მაღალ ასიდაზე შემდგარი ახალგაზრდა მსახურები, ვიწროსამოსიანი ყრმები თუ მკითხავები თავიანთი მოწყობილობებით. ყველა რომ ჩამოვთვალოთ, ჩვენს ამბავს დასასრული
არ ექნება. ხარისა და ცხენისთავიან ჯოჯოხეთის მსახურთა მიერ წამებული ეს ხალხი აბობქრებულ ცეცხლსა და კვამლში ქარისაგან დარიალებული ფოთლებივით აწყდებიან ქეთ-იქით... აგერ, ერთი ქალი, როგორც ჩანს, ქურუმი, ფიწალზე თმით დაკიდებული საცოდავად იკლაკნება და ობობას საცეცებივით დაკრუნჩხულ კიდურებს საწყალობლად ასხმარტალებს. აქეთ ვიღაც მამაკაცი, ალბათ რომელიღაც ნაცვალი, ღამურასავით კიდია თავდაღმა, მახვილით გულგაფატრული. ვის რკინის მათრახებით სცემენ, ვის დაძრავს ადგილიდან, ვის მტაცებელ ფრინველთა კლანჭები აწამებს, ვის შხამიანი დრაკონის კბილები ჩაფრენია _ სატანჯველი, ისევე, როგორც ცოდვილნი, აქ იმდენია, ვერ ჩამოთვლი.
მაგრამ ყველაზე შემზარავი მაღლიდან გადმოვარდნილი ეტლია. იგი ტახის ეშვივით ამართულ ხე-ხანჯალადან მოსხლეტილა. ბამბუკის ფარდის მიღმა, ქვესკნელიდან მონაქროლ ქარს რომ გადაუწევია, ქალი მოჩანს. ქალი ისე ბრწყინვალედაა მორთული, ხადუმი ან სეფექალი გეგონებათ. მისი გაშლილი, გრძელი, შავი თმა ცეცხლის ენებს ჩახლართვია, თეთრი ყელი უკან გადაუწევია და ტანჯვით იგრიხება. ეს ქალი, ან თუნდაც ალმოდებული ეტლი _ ყველაფერი ცეცხლოვანი ჯოჯოხეთის ტანჯვა-წვალებას წარმოგვიდგენს თვალთა წინაშე. გეჩვენებათ, თითქოს მთელი სურათის საშინელება ამ ერთ ფიგურაში იყრის თავს. ეს ისეთი არაადამიანური ხელოვნებაა, რომ, როცა უცქერით, ყურებში თავისთავად გაისმის საშინელი კივილი.
აი, როგორია ეს სურათი, და სწორედ მის შესაქმნელად დატრიალდა ის საშინელი ამბავი. ამ საშინელების ხილვის გარეშე თვით ესიხიდეც ვერ შეძლებდა ჯოჯოხეთის სატანჯველთა ასე ცოცხლად დახატვას. ეს სურათი რომ შეექმნა, ისეთი წამების გადატანა მოუხდა, სიცოცხლეც კი მოსძულდა. შეიძლება ითქვას, სურათში ასახული ჯოჯოხეთი სწორედ ის ჯოჯოხეთია, სადაც თვითონ ესიხიდე, თავისი ქვეყნის უპირველესი მხატვარი უნდა მოხვედრილიყო.
იქნებ ცოტა ავჩქარდი, რათა თქვენთვის ჯოჯოხეთის სურათიბით მოხატული თეჯირის ამბავი მემცნო და მოვლენებს წინ გავუსწარი, მაგრამ ახლა წესისა და რიგის მიხედვით განვაგრძობ და დავიწყებ იმ დროიდან, როცა ესიხიდემ მისი ბრწყინვალებისაგან ჯოჯოხეთურ წამებათა სურათის დახატვის ბრძანება მიიღო.
7
ხუთი-ექვსი თვის განმავლობაში ესიხიდე ერთხელაც არ გამოჩენილა სასახლეში და მხოლოდ თავის სურათს დასტრიალებდა. საკვირველი ამბავია: საკმარისი იყო საკუთარი თავისათვის ეთქვა, ახლა კი დროა საქმეს შევუდგეო, რომ ეს მოყვარული მამა ღვიძლ ქალიშვილსაც კი ივიწყებდა. ის შეგირდი, ადრე რომ ვახსენე, მიამბობდა, როგორც კი ესიხიდე საქმეს ჰკიდებს ხელს, ისე გარდაიქმნება, თითქოს მელა ჩაუძვრა სულშიო. ამის დასადასტურელად ზოგიერთები ამბობდნენ, საკმარისია უჩუმრად შეხედო ესიხიდეს მუშაობისას, რომ აუცილებლად დაინახავ, მის ირგვლივ მელიების ლანდები დაბორიალებენო. მართლაც, როგორც კი ფუნჯს დაიჭერდა ხელში, ყველაფერს ივიწყებდა თავისი სურათის გარდა. დღე და ღამე ჩაკეტილში იჯდა და გარეთ იშვიათად გამოდიოდა. ხოლო თეჯირის მოხატვა რომ დაიწყო ჯოჯოხეთის სურათებით, პირდაპირ შეშლილს დაემსგავსა.
თავის ოთახში, სადაც დღისითაც ფარდები ეფარა ფანჯრებს, ლამპართა შუქზე საიდუმლო ხერხებით აზავებდა საღებავებს, შეგირდებს სუიკანში ან კარაგინუში გამოაწყობდა და თითოეულს გულდასმით იხატავდა ცალ-ცალკე. ასეთი ახირებები
ადრეც ჰქონია, სანამ თეჯირის მოხატვას შეუდგებოდა ჯოჯოხეთის სურათებით. როცა რუგაიძის ტაძარში «სიკვდილ-სიცოცხლის ბორბალს» ხატავდა, მშვიდად ჩამოჯდებოდა ხოლმე გზებზე მიმოფანტული გვამების წინ, რომელთაც ჩვეულებრივი ადამიანი ზიზღით უქცევდა გვერდს და გულმოდგინედ იხატავდა ნახევრადგახრწნილ ხელებს, ფეხებსა თუ სახე. ყველაფერი რომ დაწვრილებით მოგიყვეთ, დრო არ გვეყოფა, მაგრამ თუკი მხოლოდ მთავარს მოგახსენებთ, აი, როგორ იყო საქმე:
ერთხელ ესიხიდეს ერთი შეგირდთაგანი (სწორედ ის, რომელიც ადრე მოვიხსენიე) საღებავებს აზავებდა. ანაზდად ოსტატი დაადგა თავზე და უთხრა:
_ მინდა ცოტა წავიძინო, ოღონდ ამ ბოლო დროს საშინელ სიზმრებს ვხედავ.
ამაში განსაკუთრებული არა იყო რა და შეგირდს სამიშაო არ მიუტოვებია, ისე მიუგო:
_ კეთილი.
ხოლო ესიხიდემ ნაღვლიანი ხმით, დაბნეულმა განაგრძო:
_ ვიდრე გავიღვიძებ, სასთუმალთან ხომ არ ჩამოჯდებოდი?
შეგირდს გაუკვირდა, ოსტატს ასე რომ ზაფრავდა სიზმრები, მაგრამ რადგანაც თხოვნა არც ისე ძველი შესასრულებელი იყო, დათანხმდა. მაშინ ოსტატმა აღელვებით და დაბნეულად განაგრძო:
_ მაშინ უკანა ოთახში გადი. სხვა შეგირდები თუ მოვლენ, ჩემთან ნუ შემოუშვებ.
ეს მისი სახელოსნო იყო. იქ, დაკეტილ კარს მიღმა, კანდელის მქრალ შუქზე იდგა თეჯირი, რომელიც ჯერ მხოლოდ ტუშით იყო მოხაზული. როცა ისინი ამ ოთახში შევიდნენ, ესიხიდემ მკლავი თავქვეშ ამოიდო და ისე მაგრად დაიძინა, თითქოს მუშაობისაგან ქანცი ერთიანად გამოსცლოდა, მაგრამ ნახევარ საათსაც არ გაევლო, რომ სასღუმალთან ჩამომჯდარი შეგირდის ყურამდე რაღაც ძლივსგასაგონმა კვნესამ მოაღწია.
კვნესა თანდათან გაძლიერდა, შემდეგ ნაწყვეტ-ნაწყვეტ ბოდვაში გადაიზარდა, თითქოს წყლით პირგამოვსებული, დასახრჩობად განწირული ადამიანი კვნესისო.
_ რას მეუბნები? ჩემთან მოდიო? სად უნდა წამოვიდე? _ «ჯოჯხეთში წამოდი, ცეცხლოვან ჯოჯოხეთში!» ვინა ხარ, ვინ მელაპარაკები? _ «შენ როგორ ფიქრობ, ვინ ვიქნები?» შეგირდმა უნებურად შეწყვიტა საღებავების შეზავება და შიშით დახედა ოსტატს. მოხუცს დაღარული სახე გადატეტკოდა, ოფლის მსხვილი წვეთებით დაცვაროდა, ტუჩებგამშრალი და მეჩხერკბილებიანი პირი დასახრჩობად განწირულივით, ფართოდ გაეღო. პირში კი რაღაც ჩქარ-ჩქარა უტოკავდა, თითქოს ძაფით ეჯაჯგურებიანო. დიახ, დიახ, ეს მისი ენა იყო. ნაწყვეტ-ნაწყვეტი სიტყვები სხლტებოდნენ ამ ენიდან.
_ «შენ როგორ ფიქრობ ვინ ვიქნები?» დიახ, ეს შენა ხარ, მეც ასე ვფიქრობდი, რომ ეს შენა ხარ. ჩემს წასაყვანად მოხვედი? _ «მე შენ გეუბნები, წამოდი, წამოდი ჯოჯოხეთში!» ჯოჯოხეთში... ჯოჯოხეთში ჩემი ქალიშვილი მელოდება.
შეგირდი შიშმა აიტანა. მოეჩვენა, თითქოს თეჯირიდან რაღაც უცნაური მოლაცლაცე ლანდები გამოკრთნენ. რაღა თქმა უნდა, მან მაშინვე ხელები ჩაავლო ესიხიდეს და მთელი ძალით დაუწყო ნჯღრევა, მაგრამ ოსტატი ძილში საკუთარ თავთან განაგრძობდა ლაპარაკს და მისი გამოღვიძება ვერაფრით შეძლო. მაშინ მოწაფემ მხნეობა მოიკრიბა და ფუნჯების ნარეცხი შეასხა სახეში.
_ «ის გელოდება, ჩაჯექი ეტლში... ჩაჯექი ამ ეტლში და წამოდი ჯოჯოხეთში...»
იმავე წამს ეს სიტყვები კვნესად გადაიქცნენ, თითქოს ყელში წაუჭირესო და ესიხიდე, თვალები გაახილა თუ არა, ელდანაკრავი წამოიჭრა. როგორც ჩანს, უჩვეულო მზანებები ჯერ კიდევ თვალწინ ედგა. ერთხანს პირდაღებული, შეშინებული იყორებოდა, ბოლოს გონს მოეგო და შეგირდს უხეშად უბრძანა:
_ წადი! აღარაფერი მიჭირს.
შეგირდმა იცოდა, რომ ოსტატთან შეკამათება არ შეიძლებოდა: წინააღმდეგ შემთხვევაში საყვედურს მიიღებდა. ამიტომ სასწრაფოდ დატოვა ოთახი და მზის კაშკაშა ნათელში მოხვედრილმა შვებით ამოისუნთქა, თითქოს თვითონ გამოერკვა ცუდი სიზმარიდანო.
ეს კიდევ არაფერი, მაგრამ, აი, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ესიხიდემ მეორე შეგირდი იხმო. მხატვარი კანდელის მქრქალ სინათლეში იჯდა და კბილებით ფუნჯის ტარს აწვალებდა. იგი სწრაფად შებრუნდა ოთახში შესულისაკენ და უთხრა:
_ მისმინე, შენთან სათხოვარი მაქვს, გაიხადე ყველაფერი!
ასე ოსტატს სხვა დროსაც უბრძანებია და ამიტომ შეგირდი სწრაფად გატიტვლდა. მაშონ ესიხიდე რაღაც უცნაურად დაიმანჭა.
_ მე მინდა ჯაჭვით შებოჭილ ადამიანს შევხედო. მართალი გითხრა, ძალიან მერიდება შენი შეწუხება, მაგრამ მცირე ხნით ამისრულე თხოვნა, _ ცივად წარმოთქვა მან.
ეს შეგირდი ისე კვრივად ჩამოსხმული ჭაბუკი იყო, რომფუნჯზე უფრო ხმალი დამშვენდებოდა, მაგრამ ახლა ისიც კი სეშინდა. შემდგომ, როცა ამ ამბავს ყვებოდა, მუდამ იმეორებდა: ვიფიქრე, ოსტატი ხომ არ შეიშალა, ჩემი მოკვლა ხომ არ გადაუწყვეტია-მეთქი. მაგრამ, როგორც ჩანს, ოსტატი შეგირდის ყოყმანმა მოთმინებიდან გამოიყვანა, საიდანღაც ჯაჭვი დააძრო და სწრაფად, თითქოს მტერიაო, შეგირდს მხრებში ჩააფრინდა, ძალით გადაუგრიხა ხელები და მთელ სხეულზე ჯაჭვი შემოახვია, შემდეგ ჯაჭვის ბოლო მოქაჩა და წონასწორობადაკარგული შეგირდი იატაკზე გაიშხლართა.
შეგირდს ხელ-ფეხი ისე შებოჭვოდა, რომ საძრაობა აღარ ჰქონდა. ჯაჭვმა სისხლის მოძრაობა შეუწყვიტა მის ზორბა სხეულს, მთელ ტანზე კანი დაუწითლდა, მაგრამ ესიხიდემ ეს აინუნშიაც არ ჩააგდო. იგი გარს უვლიდა მის სხეულს, წაქცეულ ბოთლს რომ ჰგავდა, და სწრაფად აკეთებდა ჩანახატებს.
ასე ალბათ დიდხანს გაგრძელდებოდა, მოულოდნელი რამ რომ არ მომხდარიყო. საბედნიეროდ (იქნებ ჯობდა, საუბედუროდო, გვეთქვა) ოთახის კუთხეში მიდგმული ქოთნიდან რაღაც შავი, ზეთის მაგვარი გადმოდინდა. თავდაპირველად წებოვან სითხესავით ნელა მოედინებოდა, მაგრამ შემდეგ უფრო სწრაფად გამოსრიალდა, რამდენჯერმე გაიბრწყინა და ზედ შეგირდის ცხვირთან მიცურდა. შეძრწუნებულმა შეგირდმა უსასოოდ დაიკვნესა, გველი, გველიო! როგორც შემდეგ ყვებოდა, მყისვე სისხლი გაეყინა ძარღვებში. მიზეზიც ჰქონდა საამისო: გველი თავისი ცივი ნესტრით ლამის მისწვდა ჯაჭვის რგოლებში ჩაჭედილ შეგირდის კისერს. ამ მოულოდნლემა შემთხვევამ შეუბრალებელი ესიხიდეც კი დააფრთხო. მან აჩქარებით მოისროლა ფუნჯი, დაიხარა და გველს ელვისუსწრაფესად სტაცა კუდში ხელი. გველი თავდაღმა ჩამოეკიდა, დაიკლაკნა, თავი წამოსწია, საკუთარ სხეულს შემოეხვია, მაგრამ ესიხიდეს ხელს ვერ მისწვდა. _ შენი მიზეზით დაიღუპა სურათი, _ ჩაიბურტყუნა
ხმაჩახრინწულმა ესიხიდემ, გველი ოთახის კუთხეში მდგარ ქოთანში ჩააგდო და აშკარა დანანებით შეხსნა ჯაჭვი შეგირდს. ეს იყო და ეს. კეთილი სიტყვაც არ უთქვამს, ისე დაითხოვა იგი.
ალბათ ეს ერთი ამბავიც საკმარისია, თვალნათლივ რომ წარმოვიდგინოთ საქმით გატაცებული. ბარემ იმასაც გიამბობთ, თუ რა გდაიტანა მეორე შეგირდმა, ასე, ცამეტ-თოთხმეტი წლის ყმაწვილმა ამ თეჯირის გამო. ამ შეგირდს ქალივით თეთრი კანი ჰქონდა. ერთ საღამოს ოსტატმა თავის ოთახში მიიხმო და ისიც გულდანდობილად ეახლა მასწავლებელს. ხედავს, ესიხიდე კანდელის შუქზე რაღაც უცხო ფრინველს უმ ხორცს აჭმევს. ზომით ეს ფრინველი ალბათ კატისტოლა იქნებოდა და ორივე მხარეს ყურებივით გამოჩრილი ბუმბულითა და ქარვისფერი თვალებით თვითონაც ძალიან ჰგავდა კატას.
ესიხიდე, ჩვეულებრივ, ვერ იტანდა, როცა მის საქმეებში ვინმე ცხვირს ჰყოფდა. თავისი საქმიანობის შესახებ იგი შეგირდებს არაფერს უმხელდა. მის მაგიდაზე ხან თავის ქალა იდო, ხან კიდევ ვერცხლის ბურთულები ან ლაქწასმული ხონჩები. იმისა მიხედვით, თუ რას ხატავდა, მის ოთახში ათასნაირი, ყოვლად საკვირველი ნივთები გაჩნდებოდა ხოლმე. არავინ უწყოდა, თუ რას უშვრებოდა იგი შემდეგ ამ ნივთებს. ალბათ სწორედ ამის გამო გავრცელდა მასზე ხმები, ეშმაკეულები სწყალობენო.
შეგირდმა დაასკვნა, ეს უცხო ფრინველი ოსტატს ჯოჯოხეთის სატანჯველთა სურათისათვის სჭირდებაო და მასწავლებლის წინაშე მდგარმა, მოწიწებით იკითხა:
_ რას მიბრძანებთ?
მაგრამ ესიხიდემ, თითქოს არ გაუგონია, ტუჩები გაილოკა და ნიკაპით მიუთითა ფრინველზე.
_ რას იტყვი, სავსებით მოშინაურებულია, არა?
_ რა ჰქვია? ამნაირი რამ არასოდეს მინახავს! _ თქვა შეგირდმა და თან შიშით გადახედა დიდყურა, კატისმაგვარ ფრინველს.
_ რაო, პირველად ხედავ? _ ჩაიცინა ესიხიდემ. _ ქალაქურად ხარ აღზრდილი, ესაა მთელი უბედურება... ამ ფრინველს ჭოტს ეძახიან,; რამდენიმე დღის წინ მაჩუქა ერთმა კურამელმა მონადირემ. საერთოდ კი გაწვრთნილი ჭოტი იშვიათად გვხვდება.
ამ სიტყვებით მან ნელა წაიწია ფრინველისაკენ, რომელსაც ის-ის იყო ჭამა დამეთავრებინა, და წყნარად გადაუსვა ხელი ზურგზე, ბოლოდან თავისაკენ. ჰოი, საკვირველებავ?! ფრინველმა იმწამსვე გულისგამგმირავი ხმით დაიწივლა, მაგიდიდან აფრინდა, კლანჭები გაშალა და პირდაპირ შეგირდს დააცხრა. მას რომ მკლავის აფარება არ მოესწრო, ფრინველი ალბათ მთელ სახეს დაუკაწრავდა. შეგირდმა შიშით ამოიგმინა და ხელების ქნევით შეეცადა ჭოტის მოგერიებას, მაგრამ ჭოტი ნისკარტს აწკაპუნებდა და ისევ ეტანებოდა... შიშისაგან გონდაკარგული შეგირდი ყოველნაირად ცდილობდა გაავებული ფრინველის მოშორებას: ხან ჩაჯდებოდა, ხან ისევ ფეხზე წამოხტებოდა, დარბოდა ვიწრო, ათასნაირი ნივთებით გამოტენილ ოთახში, მაგრამ ტყიური ურჩხული არ ეშვებოდა _ ხან ზევით აფრინდებოდა, ხან ქვევით დაეშვებოდა და მორკალულ ნისკარტს ერთთავად თვალში უმიზნებდა. თან ისე შემზარავად ატყლაშუნებდა და აფართხუნებდა ფრთებს, რომ შეგირდს რატომღაც ხან ჩამოცვენილი ფოთლების სუნი მოსდიოდა, ხან ჩანჩქერის შხეფებისა, ხან კიდევ შემპალი ხილისა, მაიმუნები რომ იმარაგებენ ხეთა ფუღუროებში... შიშმა აიტანაო, რომ ვთქვათ, ცოტა იქნება. შეგირდს გული
გასკდომაზე ჰქონდა, კანდელის მკრთალი სინათლე მთვარის ციალად ეჩვენებოდა, ხოლო ოსტატის ოთახი _ შორეული მთის ჭინკებით გატენილ ხეობად.
მაგრამ შეგირდი მარტო იმას არ შეუშინებია, რომ ჭოტი დაესხა თავს. არა, მას თმა ყალყზე დაუდგა, როცა ოსტატმა ესიხიდემ, აუღელვებლად რომ უცქერდა ამ აურზაურს, მშვიდად გაშალა ქაღალდი, ამოიღო ფუნჯი და სურათის ჩახატვა დაიწყო _ თუ როგორ აწამებს ქალწულივით ნაზ ჭაბუკს გაავებული ტყიური. მოჰკრა თუ არა შეგირდმა თვალი ყველაფერ ამას, მაშინვე ენითაუწერელმა შიშმა შეიპყრო და ერთი პირობა იფიქრა კიდეც, ოსტატი მოკვლას ხომ არ მიპირებსო.
ესიხიდესაგან არც არავის გაუკვირდებოდა ამგვარი რამ. ჭოტი ხომ სწორედ იმიტომ მიუსია შეგირდს, რომ თავზარდაცემული კაცის ბორგვა-ხეთქება ჩაეხატა. ამიტომ, როცა შეგირდმა დაინახა, ოსტატი აინუნშიაც არ აგდებს ჩემს გასაჭირს და მშვიდად განაგრძობს თავის საქმესო, შიშისაგან გონდაკარგულმა თავი მკლავებში ჩარგო, საშინლად დაიყვირა და ოთახის კუთხეში მიიკუჭა. მაშინ ესიხიდემ რაღაცნაირი შიშით შეჰყვირა და წამოხტა, მაგრამ ამ დროს ფრინველმა კიდევ უფრო უმატა ფრთების ფართხუნს და იმწამსვე ყურისწამღები გრუხუნი გაისმა, თითქოს რაღაც ჩამოვარდა და დაიმსხვრაო. შიშისაგან მიმკვდარებულმა შეგირდმა ხელები უნებურად ჩამოუშვა, თავი ასწია და მიმოიხედა _ ოთახში წყვდიადი ჩამოწოლილიყო და მხოლოდ ოსტატის ყვირილი ისმოდა. იგი ბრაზით უხმობდა შეგირდებს.
ბოლოს შორიდან გამოეხმაურა რომელიღაც მოწაფე და აჩქარებით შემოიტანა ანტებული სანთელი. მოციმციმე ალზე დაინახეს, რომ კანდელი გადაბრუნებულიყო, იატაკი და ფარდაგები ზეთით მოთხვრილიყო, იქვე ჭოტი ეგდო და ცალ ფრთას იქნევდა. მაგიდიდან ოდნავ წამოწეული ესიხიდე თავზარდაცემული რაღაც გაუგებრობას ბუტბუტებდა. არც იყო გასაკვირი: ჭოტს თავსა და ნახევარ ტანზე შავი გველი შემოხვეოდა. ალბათ, როცა შეგირდი კუთხეში იკლაკნებოდა, ქოთანი გადააბრუნა, გველი გამოძვრა, ჭოტმა ჩანისკარტება მოუნდომა და მთელი ეს აურზაური ამან გამოიწვია. შეგირდებმა ერთმანეთს გადახედეს. ისინი გააკვირვა უცნაურმა სანახაობამ. მერე უსიტყვოდ დაუკრეს თავი ოსტატს და სწრაფად გამოვიდნენ ოთახიდან. თუ რა დაემართა შემდეგ გველსა და ფრინველს, არავინ უწყის.
მსგავს ამბებს სათვალავი არ ჰქონდა. სურათებით თეჯირის მოხატვა მხატვარს შემოდგომის დამდეგს უბრზანეს და აი, ზამთრის მიწურულამდე შეგირდებს თავიანთი მასწავლებლის ასეთი უცნაური და ახირებული საქმეების მოლოდინი ჰქონდათ ყოველდღე. მაგრამ ზამთრის მიწურულს ოსტატმა მუშაობა რაღაც ვერ აააწყო, სახე კიდევ უფრო მოუქურუხდა და გაღიზიანებული ლაპარაკობდა. სანახევროდ მოხატულ თეჯირს არაფერი ემატებოდა. ის კი არა და, ოსტატი ხანდახან იმასაც კი შლიდა, რაც დახატული ჰქონდა და ამას ბოლო არ უჩანდა.
სახელდობრ რა არ გამოსდიოდა მას, არავინ უწყოდა. ან კი ვინ ეცდებოდა ამის გაგებას. მწარე გამოცდილებით თვალახელილი შეგირდები თავს ისე გრძნობდნენ, თითქოს ვეფხვთან ან მგელთან ერთად ისხდნენ გალიაში და მთელი მონდომებით ცდილობდნენ, მორიდებოდნენ ოსტატის თვალს.
მთელი ამ დროის განმავლობაში ისეთი არაფერი მომხდარა, მოყოლად რომ ღირდეს. ოღონდ... თავისნათქვამა ბერიკაცს თვალები რაღაც წყლიანი გახუდა. ზოგჯერ, როგორც კი მარტო დარჩებოდა, ტიროდა. ერთი შეგირდი მიყვებოდა: ერთხელ ბაღში შევედი და რას ვხედავ, ოსტატი ფანჩატურში დგას, გაზაფხულის ცას მიშტერებია და თვალები ცრემლით აქვს სავსეო. შეგირდს უხეხულად ეგრძნო თავი და სწრაფად დაუტოვებია იქაურობა. აბა, განა საკვირველი არაა, რომ ეს თავდაჯერებული ადამიანი, «სიკვდილ-სიცოცხლის ბორბლისათვის» გზებზე დაყრილ გვამებს რომ ხატავდა, ბავშვივით ტიროდა, რადგან სურათი ისეთი არ გამოსდიოდა, როგორიც მას სურდა?
მაგრამ, სანამ ესიხიდე შეპყრობილივით მუშაობდა თავის სურათზე, მისი ქალიშვილი სულ უფრო ნაღვლიანდებოდა და ხანდახან იმასაც კი ვამჩნევდით, როგორ ყლაპავდა ცრემლებს. იგი ყოველთვის ფიქრიანი და წყნარი იყო, მაგრამ ახლა ქუთუთოები დაუმძიმდა, თვალები ჩაუცვივდა, დანაღვლიანდა. თავდაპირველად მარჩიელობა დავიწყეთ, შეიძლება მამაზე ფიქრობს ან კიდევ მისი ნაღველი სიყვარულითაა გამოწვეულიო, მაგრამ მერე თქვეს, თითქოს მის ბრწყინვალებას ესიხიდეს ქალიშვილის დამორჩილება განეზრახოს და ამის შემდეგ უცებ შეწყდა ყოველგვარი მითქმა-მოთქმა, თითქოსდა სავსებით გადაავიწყდათო იგი.
ერთხელ, შუაღამე კარგა ხნის გადასული იქნებოდა, მარტო მივდიოდი დერეფანში. უცებ საიდანღაც მაიმუნმა ესიხიდემ მოირბინა და ქვედაყანის კალთების ქაჩვა დამიწყო. თბილი ღამე იყო, მთვარე მკრთალად ანათებდა და მეჩვენებოდა, თითქოს აყვავებული ქლიავის სურნელი იფრქვეოდა საიდანღაც. და აი, მთვარის სინათლეზე დავინახე, რომ მაიმუნმა თეთრი კბილები დაკრიჭა, დრუნჩი მოჭმუჭნა და მერე შეშლილივით დაიწყო ყვირილი. უხერხულად ვიგრძენი თავი, შევშფოთდი კიდევაც. მაიმუნი ახლა ქვედატანზე მექაჩებოდა. დავაპირე, თავიდან მომეშორებინა და ჩემს გზას დავდგომოდი, მაგრამ შემდეგ გადავიფიქრე. ერთხელ რომელიღაც მსახურმა მაიმუნს აწყენინა და ამისათვის მაგრამ მოხვდა ახალგაზრდა ბატონისაგან. ამასთანავე ნათელი იყო, რო მაიმუნის ასეთ შეშფოთებას რაღაც მიზეზი ჰქონდა. გადავწყვიტე, გამეგო, რა მოხდა და უხალისოდ გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი იქითკენ, საითაც პირუტყვი მეწეოდა.
ასე აღმოვჩნდი დერეფნის მოსახვევთან. ფიჭვების დაღრეკილი ტოტების მიღმა გუბურა მოჩანდა, ღამის წყვდიადშიც რომ ლაპლაპებდა ოდნავ. შიშმა ამიტანა: გვერდითა ოთახიდან შეშფოთებული, საოცრად ხმადაბალი ლაპარაკი შემომესმა. ვიღაცები კამათობდნენ. გარეთ კი ყველაფერი გაყუჩებულიყო და მოკამათეთა ხმები ისე ისმოდა, თითქოს მთვარის სხივებში თუ ღამის წყვდიადში თევზები ჩქაფუნობენო. ამიტომ, გავიგონე თუ არა ადამიანთა ხმები, უნებურად შევჩერდი: თუ აქ ვიმე ცელქობის უფლებას აძლევდა თავს, მე მათ ვუჩვენებ სეირს-მეთქი! _ გავიფიქრე და სუნთქვაშეკრული ავეკარი კარებს.
13
როგორც ჩანს, მაიმუნს მოეჩვენა, რომ ფეხს ვითრევდი. მოუთმენლად დაიწყო ტრიალი ჩემს ფეხებთან, შემდეგ ისე საცოდავად დაიკვნესა, თიტქოს ახრჩობენო და უცებ მხატზე შემახტა. უნებურად თავი გვერდზე გადავწიე, ხოლო მაიმუნი, დაბლა რომ არ ჩამოვარდნილიყო, სახელოში ჩამაფრინდა. იმწამსვე დაბნეულმა წავიფორთხილე და მთელი ტანით დავეჯახე კარებს. დაყოვნება უკვე აღარ
შეიძლებოდა. სწრაფად გავწიე კარები და ის იყო მთვარით განათებული ოთახის სიღრმეში უნდა შევვარდნილიყავი, რომ შეშინებული შევდექი, რადგან ჩემკენ ლარიდან ასხლეტილი ისარივით გამოექანა ვიღაც ქალი, კარებთან მდგარს კინაღამ დამეჯახა, გარეთ გამოვარდა, აქ უცებ მუხლებზე დაეცა და სულშეხუთული და შეშინებული ისე მომაჩერდა, თითქოს რაღაც საშინელს გადააწყდაო.
ვფიქრობ, ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ეს ესიხიდეს ქალიშვილი იყო. მაგრამ იმ საღამოს იგი რაღაც გადასხვაფერებული მეჩვენა. თვალები გაფართოებოდა, ლოყები ასწითლებოდა და აჩაჩული ტანსაცმელიც რაღაც განსაკუთრებულ, უჩვეულო მომხიბვლელობას ანიჭებდა მას. ნუთუ ეს მართლა ესიხიდეს ნაზი, მორიდებული ქალიშვილი იყო? მე კარებს მივეყრდენი და მღვარით განრწყინებულ ამ მშვენიერ, ქალწულებრივ სხეულს მივაცქერდი, მერე იმ მხარეს გავიხედე, საიდანაც ვიღაცის აჩქარებული ნაბიჯის ხმა მოისმოდა და თვალებით ვკითხე, ვინ იყო?
ქალიშვილმა ტუჩები მოიკვნიტა და უხმოდ გააქნია თავი... ო, რა საცოდავი შესახედაბი იყო იგი ამ წუთას!
დავიხარე და ჩავჩურჩულე: «ვინ იყო?» მაგრამ ახლაც მხოლოდ თავი გადააქნია და არაფერი მიპასუხა. ის კი არა და, მის გრძელ წამწამებს კურცხალი ჩამოეკიდა და კიდევ უფრო მაგრად მოკუმა ტუჩები.
მე მიამიტი ქალი ვარ და მხოლოდ მარტივ, ყველასთვის გასაგებ ამბებში ვერკვევი. ამიტომ, უბრალოდ, აღარ ვიცოდი, მეტი რაღა უნდა მეთქვა და ერთხანს გაუნძრევლად ვიდექი, თითქოს ქალიშვილის გულისცემას ვუგდებდი ყურს. რატომღაც მეჩვენებოდა, რომ ჩემის მხრივ ცუდი საქციელი იქნებოდა, კიდევ რაიმე რომ მეკითხა მისთვის...
რამდენ ხანს გაგრძელდა ასე, არ ვიცი. ბოლოს კარები მივხურე, ქალიშვილს გადავხედე, რომელიც ამასობაში ცოტათი გონს მოსულიყო და რაც შეიძლება რბილად ვუთხარი, წადი შენს ოთახში-მეთქი, მერე კი ჩემი გზა განვაგრძე. სულში შფოთი შემეპარა, თითქოს აკრძალული ვიხილე და თავს უხერხულად ვგრძნობდი. ათი ნაბიჯიც არ გადამედგა, რომ ქვედატანის კალთაზე ისევ მომქაჩა ვიღაცამ. შიშით მიმოვიხედე. ჰოი, საკვირველებავ!
ჩემს ფეხებთან მაიმუნი ესიხიდე იდგა ადამიანივით გულხელდაკრეფილი, ოქროს ზანზალაკებს აწკრიალებდა და მოწიწებით მიკრავდა თავს.
იმღამინდელი შემთხვევის შემდეგ ოციოდე დღე გავიდა. ერთხელ ესიხიდე მოულოდნელად გამოცხადდა სასახლეში და მის ბრწყინვალებასთან მიღება ითხოვა. მხატვარი დაბალი წოდებისა იყო, მაგრამ დიდი ხანია ხორიკავას კეთილგანწყობილებით სარგებლობდა. მისმა ბრწყინვალებამ, რომელიც არც ასე იოლად იღებდა ხალხს, ახლა ხალისით მისცა დასტური. ესიხიდე ჩვეულებრივად იყო გამოწყობილი: თავისი განუშორებელი მუქ-ყვითელი კარიგინუ ემოსა და გაქექილი მიმიებოესი ეხურა. გარეგნულად ჩვეულებრივზე უფრო მოღუშული ჩანდა.
_ თეჯირის შესახებ უნდა მოგახსენოთ, რომლის ჯოჯოხეთის სურათებით მოხატვა თქვენმა ბრწყინვალებამ დიდი ხანია მიბრძანა. დიდად მოვინდომე, დღე და ღამ ფუნჯი მეჭირა ხელში და წარმატებასაც მივაღწიე. ჩემი სამუშაოს დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია.
_ შესანიშნავია, კმაყოფილი ვარ.
ოღონდ ხმა მისი ბრწყინვალებისა, ამ სიტყვების წარმოთქმა რომ ინება, რაღაც უსიცოცხლოდ, უხალისოდ ჟღერდა.
_ არა, არაფერიც არაა შესანიშნავი! _ გაბრაზებულმა ესიხიდემ თვალები დახარა. _ დიდი ნაწილი შესრულებულია, მაგრამ ერთი სურათის დახატვა ვერაფრით შევძელი.
_ რაო?! ერთი სურათის დახატვა არ შეგიძლია?
_ დიახ, არ შემიძლია. მე არასოდეს არ შემიძლია იმის დახატვა, რაც არ მინახავს. თუკი დავხატე, მუდამ უკმაყოფილო ვარ და ისე გამოდის, რომ არ შემიძლია.
ამ სიტყვებზე მისმა ბრწყინვალებამ დამცინავად გაიღიმა.
_ მაშ, თეჯირი ჯოჯოხეთის სურათებით რომ მოხატო, თავად უნდა იხილო ჯოჯოხეთი?
_ დიახ, თქვენმა ბრწყინვალებამ სიმართლის თქმა ინება. რამდენიმე წლის წინ მე საკუთარი თვალით ვიხილე ისეთი ბობოქარი ხანძარი, თავისუფლად რომ შეიძლებოდა ჯოჯოხეთურ ცეცხლად ჩაგვეთვალა და ცადაწვდილი ალი «ეძირი-ფუდოს» სურათზე სწორედ იმის წყალობით დავხატე, ეს ხანძარი რომ მქონდა ნანახი. თქვენი ბრწყინვალება იცნობს ამ სურათს.
_ კი მაგრამ ცოდვილნი? ამას გარდა, არა მგონია, რომ ჯოჯოხეთის მსახურებიც გენახოს სადმე.
მისი ბრწყინვალება ისეთი სახით იძლეოდა შეკითხვებს, თითქოსდა ესიხიდეს სიტყვები სრულებითაც ვერ აღწევდა მის სმენამდე.
_ მე ვნახე ჯაჭვით შებორკილი ადამიანი, მთლიანად ჩავიხატე, როგორ გლეჯდა მეორე ადამიანს მტაცებელი ფრინველი. ასე რომ, არ შეიძლება იმის თქმა, თითქოს სრულიად არ ვიცნობდე ცოდვილთა ტანჯვას. და ჯოჯოხეთის მსახურნიც… _ ესიხიდემ ცალყბად ჩაიცინა, _ ჯოჯხეთის მსახურნიც არაერთგზის გამომეცხადებიან სიზმარში თუ ცხადში. ხარის დრუნჩიანი და ცხენისთავიანი ჭინკები, სამი სახითა და ექვსი ხელით. ისინი უხმოდ ურტყამდნენ ხელისგულებს ერთმანეთზე და უჩუმრად, პირდაღებულები ყოველდღე და, შეიძლება ითქვას, ყოველწამს მოდიან ჩემს საწამებლად. არა... რისი დახატვაც მე მსურს და ვერ ვახერხებ, სულ სხვა რამეა.
ასეთმა სიტყვებმა, როგორც ჩანს, მისი ბრწყინვალებაც კი გააოცა. ერთხანს უკმაყოფილოდ შეჰყურებდა ესიხიდეს, შემდეგ მრისხანედ შეჰყარა წარბები და კბილებში გამოსცრა:
_ თქვი, რისი დახატვა ვერ მოახერხე!
15
_ მინდა, თეჯირის შუაში მაღლიდან გადმოვარდნილი ეტლი დავხატო.
ეს რომ თქვა, ესიხიდემ პირველად მიაპყრო გამჭოლი მზერა მის ბრწყინვალებას. გამიგონია, როცა სურათზე ლაპარაკობს, შეშლილს ემსგავსებაო, და მაშინაც ალბათ მისი გამოხედვა შიშის ზარს დასცემდა ადამიანს.
_ ეტლში კი, _ განაგრძობდა მხატვარი, _ შავ თმაზე ალმოდებული სეფექალი იგრიხება ტანჯვით. კვამლისაგან სულშეხუთულს წარბები დაბრეცია და სახე ზევითკენ მოქცევია. ხელით ბამბუკის ფარდას გლეჯს, შეიძლება იმიტომ, რომ მისგან წამოსულ ნაპერწკალთა წვიმისაგან დაიხსნას თავი. ზემოთ ფრთების ფართხუნით ტრიალებს და ცეცხლმოკიდებულ ეტლს თავს ევლება ათი-ოცი მტაცებელი ფრინველი... აი, ამ ქალბატონისა და ცეცხლმოდებული ეტლის დახატვა ვერ მომიხერხებია.
_ მერე რა? _ რატომღაც კმაყოფილი სახით შეეპასუხა მხატვარს მისი ბრწყინვალება.
_ ამის დახატვას ვერ ვახერხებ... _ და უცებ მკვეთრად, თითქოს ვინმეს უნდა ეცესო, წამოიძახა: _ გევედრებით, თქვენო ბრწყინვალებავ, დააწვევინეთ ჩემს თვალწინ ეტლი, ამას გარდა, თუ შეიძლება...
მის ბრწყინვალებას სახე მოექუფრა, მაგრამ უცებ გადაიხარხარა და სიცილისაგან სულშეხუთულმა ამის თქმაღა მოახერხა:
_ მე ყველაფერს გავაკეთებ, რასაც შენ ითხოვ.
ეს სიტყვები რომ გავიგონე, გულმა რეჩხი მიყო და უცებ ძალიან შევშინდი. მართლაც და, მის ბრწყინვალებასაც სახე სულ გადასხვაფერებოდა, ტუჩებზე ქაფი მოსდებოდა და თვალებში რისხვა ჩასდგომოდა. კაცი იფიქრებდა, ესიხიდეს სიგიჟე მასაც გადაედოო. იგი ნელ-ნელა დაწყნარდა, მაგრამ უცებ, თითქოს ეშმაკი შეუყჯდაო, ისევ გადაიხარხარა:
_ დავწვავ ეტლს! მასში სეფექალივით გამოწყობილ მშვენიერ ასულს ჩასვამ და იგი, ალითა და შავი კვამლით გაწამებული, საშინელი სიკვდილით მოკვდება. ის, ვინც ამის დახატვა მოიფიქრა, მართლაც პირველი მხატვარია მთელს ცისქვეშეთში! ბარაქალა, მართლაც ბარაქალა!
მისი ბრწყინვალების სიტყვები რომ გაიგონა, ესიხიდე მაშინვე გაფითრდა, მხოლოდ ტუჩებს აცმაცუნებდა ოდნავ, თითქოს ჰაერი არ ყოფნისო, მერე მთელი სხეული მოუდუნდა, იატაკს ხელებით დაეყრდნო და წყნარად, ძლივსგასაგონად მოახსენა მადლი:
_ ეს უდიდესი ბედნიერებაა!
_ შესაძლოა, მისი ბრწყინვალების სიტყვები რომ გაიგონა, ესიხიდეს თვალნათლივ წარმოუდგა თავისი ჩანაფიქრის მთელი საშინელბა. ჩემი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე ერთადერთხელ, მხოლოდ ახლა შემეცოდა იგი.
ეს ამბავი ორი სამი დღის შემდეგ მოხდა, ღამით. მისმა ბრწყინვალებამ ესიხიდე იხმო, რათა, პირობისამებრ, ეტლის დაწვა ეჩვენებინა. ეს, რა თქმა უნდა, სასახლეში არ მომხდარა, ეტლი ქალაქგარეთ, აგარაკზე დაწვეს, სადაც ადრე მისი ბრწყინვალების და ცხოვრობდა. ამ აგარაკს მდაბიურად «იუკიგეს სასახლეს» ეძახდნენ.
ამ «იუკიგეს სასახლეში» კარგა ხანია აღარავინ ცხოვრობდა და დიდი, მიტოვებული ბაღი ერთიანად გავერანდა. ათასნაირი ხმები დადიოდა მისი ბრწყინვალების დაზე, აქ რომ გარდაიცვალა. მაგალითად, უმთვარო ღამეები, სასახლის ტალანებში მისი ალისფერი კაბა დაფრინავსო... დღისითაც კი პირქუში იყო აქაურობა, ხოლო ღამით, ვარსკვლავთა სინათლეზე, ზღაპრულ ურჩხულების მსგავსი ვეება ღამურები დაფარფატებდნენ.
მაშინაც ბნელი, უმთვარო ღამე იყო. ჩირაღნების შუქზე მის ბრწყინვალებას დაინახავდით. იგი თეთრი ფარჩის ქობაშემოვლებულ ბალიშზე იჯდა ფეხმორთხმული, გარეთა გალერეის კუთხეში. სადარბაზო ტანსაცმელი ეცვა _ ყვითელი ნაოსი და ღერბებით დამშვენებული მუქ-ლურჯი ხაკამა. მის ირგვლივ უახლოესი პირები მოკალათებულიყვნენ მოწიწებით. მათ შორის ერთი ახოვანი გეცემოდათ თვალში. მას ამბობდნენ, სულ ახლახან, მიტინოკუსთან გამართული ომის დროს, შიმშილისაგან შეწუხებულს ადამიანის ხორცი უEამია და მას მერე ისეთი ღონიერი გამხდარა, ცოცხალი ირმისთვის რქების მომტვრევა შეუძლიაო. იგი მედიდურად მოკალათებულიყო კუთხეში, წელზე ფართო სარტყელი შემოერტყადა
ხელში მაღლა შემართული. ხმალი ეჭირა. ქარი ჩირაღდნების ალს ათამაშებდა და ადამიანთა ფიგურები ხან სინათლეზე გამოდიოდნენ, ხან ჩრდილს ეფარებოდნენ. ყველაფერი ეს სიზმარს ჰგავდა და შიშს იწვევდა.
ბაღში კი ვარსკვლავებისმაგვარი ოქროს სამშვენისებით მორთული ეტლი ბრწყინავდა. იგი ჯერ კიდევ შეუბმელი იყო და ხელნა ალმაცერად ეშვებოდა ქვესადგარზე. ეტლის მაღალ სახურს სქელი ბურუსი ჩამოსწოლოდა და თუმცა უკვე გაზაფხული იდგა, მის შეხედვაზე ტანში სიცივე დაგივლიდათ. ბუკბუკის ლურჯი ფარდა, რომელსაც ნახჭიანი არშია ჰქონდა შემოვლებული, სულ დაბლა იყო დაშვებული და ყველაფერს ფარავდა. ეტლის ირგვლივ ბრძანების შესასრულებლად მომზადებული მსახურები იდგნენ ანთებული ჩირაღდნებით და თვალყურს ადევნებდნენ, რომ ბოლო ფანჩატურისაკენ არ წაეღო ნიავს.
თვითონ ესიხიდე მოშორებით ჩაცუცქულიყო ფანჩატურის მოპირდაპირე მხარეს. თავის განუშორებელ კარიგინუსა და გაცრეცილ მიმიებოსში იგი ისე საოცრად დაპატარავებული და საცოდავი ჩანდა, თითქოს ვარსკვლავებით მოჭედილი ცის სიმძიმეს გაუჭყლეტიაო. მხატვარს მასავით გამოწყობილი შეგირდი ახლდა. რადგან ორივენი სიბნელეში ისხდნენ, ფანჩატურიდან, სადაც მე ვიმყოფებოდი, მათი ტანსაცმლის ფერის გარჩევაც კი არ შეიძლებოდა.
შუაღამე ახლოვდებოდა. მთელი ბაღი, ხეებითა და ნაკადულებით ისეთ წყვდიადს მოეცვა, ყველანაირ ჩქამსა და ბგერას რომ ნთქვადა და ახშობდა: სიჩუმეში, როცა კაცს ეჩვენება, საკუთარი სუნთქვა მესმისო, ნიავის წყნარი შარიშური ისმოდა მხოლოდ. ნიავის ყოველ მოქროლვაზე ჩირაღდანთა მჭვარტლისა და ბოლის სუნს ვგრძნობდი. მისი ბრწყინვალება ერთხანს ჩუმად იყო და ამ ზღაპრულ სურათს უყურებდა. მერე წინ გადაიხარა და ხაფი ხმით დაიძახა:
_ ესიხიდე!
მხატვარმა თითქოს უპასუხა, მაგრამ ჩემს სმენას რაღაც გაუგებარი კვნესა მისწვდა მხოლოდ.
_ ესიხიდე! დღეს, შენი სურვილისამებრს, დავაწვევინებთ ეტლს!
ეს რომ თქვა, მისმა ბრწყინვალებამ წამით შეავლო თვალის შინაკაცებს. სეიძლება მომეჩვენა, მაგრამ ამ დროს შინაკაცებმა თითქოს მრავალმნიშვნელოვნად გადახედეს ერთმანეთს და გაიღიმეს. ესიხიდემ თავი ასწია და მოწიწებით მიაპყრო მზერა გალერეას, მაგრამ არაფერი უთქვამს.
_ კარგად შეხედე! ეს ის ეტლია, რომელშიც მე ვჯდებოდი ხოლმე. შენ ალბათ გახსოვს იგი. ახლა მისი დაწვა მნებავს, რათა თვალნათლივ გიჩვენო ცეცხლოვანი ჯოჯოხეთი. _ მისი ბრწყინვალება დადუმდა და ხელახლა მოავლო თვალი დიდებულებს. შემდეგ უცებ მკაცრად წარმოთქვა: _ შიგნით გათოკილი დამნაშავე ზის. დიახ, როცა ეტლს ცეცხლს წაუკიდებენ, უკეთური ქალის სხეული დაიწვება, ძვლები დანახშირდება და იგი საშინელ ტანჯვაში დალევს სულს. შენი სურათისათვის ეს განუმეორებელი ნატურა იქნება! არაფერი გამოგეპაროს, კარგად დააკვირდი, როგორ აალდება ქათქათა სხეული და აბრიალებული თმა როგორ გაიფანტება ნაპერწკლებად.
მისი ბრწყინვალება მესამეჯერ დადუმდა, მაგრამ შემდეგ, თითქოს რაღაც გაახსენდაო, სიცილით, ოღონდ ამჯერად ძლივსგასაგონად, ისე, რომ მხოლოდ მხრები უთრთოდა, წარმოთქვა:
_ ასეთ სანახაობას მეორედ მოსვლამდე ვერ იხილავ! მეც უნდა დავტკბე მისი ცქერით. აბა, ასწიეთ ფარდები, აჩვენეთ ესიხიდეს, ვინ ზის ეტლში!
ბრძანება რომ გაიგონა, ერთ-ერთი მსახური მაღლააწეული ჩირაღდნით მიუახლოვდა ეტლს, ხელი გაიწოდა და ერთი აქნევით გადასწია ფარდა. აბრიალებულმა ჩირაღდანმა ალისფერი რხეული შუქით გაანათა ეტლის მოგრძო შიგთავსი _ ჯაჭვით შეუბრალებლად შებოჭილი ქალი... ოჰ, აბა ვინ ვერ იცნობდა მას! მდიდრულ, ალუბლის ყვავილებით მორთულ აბრეშუმის კაბაზე თვალწარმტაცად ეშვებოდა კუპრივით შავი თმა, ლამაზად ბრჭყვიალებდა ცერად დამაგრებული ოქროს სარჭები. ტანსაცმლით მისი ცნობა არ შეიძლებოდა, მაგრამ სარო ტანი, თეთრი კისერი და მორცხვი, ნაღვლიანი სახე... ეს ესიხიდეს ქალიშვილი იყო! მე კინაღამ დავიკივლე.
და მაშინ... ის ახოვანი კაცი, ჩემს პირდაპირ რომ იჯდა, წამოდგა, ხმლის ვადას ჩასჭიდა ხელი და მრისხანე მზერა მიაპყრო ესიხიდეს. შეშინებულმა შევნიშნე, რომ ესიხიდემ კინაღამ გრძნობა დაკარგა. აქამდე იგი ჩაცუცქული იყო, მაგრამ უცებ წამოვარდა, ხელები წინ გაიშვირა და თავდავიწყებულმა ეტლისაკენ გაიწია. სამწუხაროდ, იგი ჩემგან შორს იყო, გარდა ამისა, ბნელოდა და მისი სახის გამომეტყველების გარჩევა ვერ შევძელი. ამის გამო დანანებაც ვერ მოვასწარი, რომ მხატვრის ფერდაკარგული, სისხლისგან დაცლილი სახე, სახე კი არა, მთელი ტანი, თითქოს რაღაც უხილავი ძალით ზეაზიდული, უცებ მკაფიოდ დამიდგა თვალწინ. მისი ბრწყინვალების ბრძანებაზე _ წაუკიდეთო! _ მსახურებმა ჩირაღდნები ისროლეს და თვალისმომჭრელად აბრიალდა ცეცხლწაკიდებული ეტლი, რომელშიც მხატვრის ქალიშვილი იჯდა.
ალი სწრაფად მოედო ეტლის სახურავს. სოსანისფერი ფოჩები, რომლებითაც ეტლის კიდეები იყო მორთული, ისე შეირხა, თითქოს ნიავმა დაუბერაო. ქვემოდან კვამლის თეთრი ბოლქვები გამოიჭრა. მათი სიკაშკაშე სიბნელეშიაც თვალს სჭრიდა ადამიანს. ნაპერწკლები ისე ცვიოდა, თითქოს ოქროს სამკაულები იფანტებოდა წვიმის შხეფებივით. რას ნახავდა კაცის თვალი ამაზე საშინელს! უზარმაზარი ალის ცეცხლოვანი ენები ლოკავდა ეტლს და ზეცისაკენ მიიკლაკნებოდა. იქაურობა ისე კაშკაშებდა, კაცი იფიქრებდა, მზე ჩამოვარდნილა და ციური ცეცხლი ბობოქრობს დედამიწაზეო. პირველ წამს კინაღამ ვიკივლე, მაგრამ მერე, თითქოს სული გამეყარა, პირდაღებული, თავზარდაცემული შევყურებდი ამ საშინელ სურათს. ხოლო მამამისი, ესიხიდე...
დღემდე ვერ შევძელი მისი სახის დავიწყება. თავდაპირველად აზრდაკარგულს თითქოს ეტლთან მივარდნა უნდოდა, მაგრამ იმ წამს, როცა ალი აბრიალდა, შეჩერდა, ხელები წინ გაიშვირა და ყველაფრის შთამთქმელი მზერა მიაპყრო ხანძარს. ერთი წამითაც არ მოუშორებია თვალი ცეცხლში გახვეული ეტლისათვის. კაშკაშა სინათლეში კარგად მოჩანდა მისი დაღარული, უმსგავსი სახე, ფართოდ გახელილი თვალები, დაბრეცილი ტუჩები, ნერვიულად მოცახცახე ლოყები... მთელი საშინელება, განწირულობა, შიში, რიგრიგობით რომ ეუფლებოდა ესიხიდეს გონებას, მის სახეზე იყო გამოხატული. ქვესკნელის მთავართა წინაშე მდგომ ბოროტმოქმედსაც არ ექნებოდა ალბათ ასეთი საწყალობელი სახე: ამ სურათის ხილვაზე ახოვანი კაციც კი გაფითრდა და შიშით მიაჩერდა მის ბრწყინვალებას.
36
მისი ბრწყინვალება ტუჩებს იკვნეტდა, ხანდახან ბოროტად ჩაიცინებდა და თვალს არ აშორებდა ეტლს. იქ კი... რაც მე იქ ვიხილე, არავითარი ძალა არ მეყოფა იმის გადმოსაცემად. ბოლისაგან სულშეხუთული ქალის უკან გადავარდნილი თავი, გრძელი, ალმოდებული, ააწეწილი თმა, ლამაზი, ალუბლის ყვავილებით მოქარგული კაბა, ყველას თვალწინ რომ იქცა ცეცხლად... ო, რა საშინელება იყო! განსაკუთრებით იმ წუთებში, როცა ღამის ნიავი კვამლს გაფანტავდა და ცეცხლის ენები გადაიწეოდა: ალისფერ, ოქროს მტვერით მოციმციმე არილში მოჩანდა, ქალი როგორ ჩაფრენოდა კბილებით ქსოვილის ნაჭერს, რომლითაც პირი ჰქონდა აკრული, როგორ ფეთქვდა და იგრიხებოდა, თითქოს აგერ-აგერ ჯაჭვებიც დაწყდებაო. იმ წუთას ყველას ყალყზე დაგვიდგა თმა, თითქოს ნამდვილი ჯოჯოხეთი ვიხილეთ საკუთარი თვალებით!
და აი, თითქოს ისევ ღამის ნიავმა გადაუქროლა ხეთა კენწეროებს... ალბათ ასე იფიქრა ყველამ. გაისმა თუ არა ეს ხმა ჩაბნელებულ ცაზე, მაშინვე რაღაც შავი მოსწყდა სასახლის სახურავს, ბურთივით ჩაეშვა ცეცხლწაკიდებულ ეტლში, ალმოდებული კარის მიღმა გადაწოლილი ქალიშვილის მხრებს მიეკრა და მკვეთრი, აბრეშუმის ფხრეწისმაგვარი, საოცრად შესაბრალისი ხმა გამოსცა... ერთხელ... მეორეჯერ... მესამეჯერ... ჩვენ ყველამ თავდავიწყებით წამოვიყვირეთ: კედლადაღმართული ალის ფონზე გოგონასთან ჩახუტებული მაიმუნი, მეტსახელად ესიხიდე, იკრუნჩხებოდა. იგი მდინარე ხორიკავას ნაპირას აღმართულ სასახლეში ჰყავდათ დაბმული...
მაგრამ პირუტყვი მხოლოდ წამით გამოჩნდა. ოქროსფერი ნაპერწკლები ბოლქვებად აიჭრა მაღლა და ქალიშვილიცა და მაიმუნიც მაშინვე კვამლის ბუღმა დაფარა. ახლა ბაღში მხოლოდ ცეცხლმოდებული ეტლი ბრიალებდა ყურისწამღები ტკაცუნით, არა, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით _ ეტლი კი არა, ცეცხლოვანი სვეტი, ვარსკვლავებით მოჭედილი ცისკენ რომ მიიწევდა პირდაპირ.
ესიხიდე თითქოს გაქვავდა ამ ცეცხლოვანი სვეტის წინაშე... მაგრამ აი, საოცრება: აქამდე იგი ჯოჯოხეთურ ტანჯვას განიცდიდა თითქოს, მაგრამ ახლა გულხელდაკრეფილი იდგა, მისი ბრწყინვალების არსებობაც კი დავიწყებოდა და დაღარულ სახეზე რაღაც ენითაუწერელი აღტაცების ნათელი გადაჰფენოდა. იგი ალბათ ვერც კი ხედავდა, როგორი ტანჯვით კვდებოდა მისი ერთადერთი ქალიშვილი. წითელი ალის სილამაზე და ცეცხლში მბორგავი ქალის სხეული უსაზღვრო აღტაცებას იწვევდა მის გულში და იგი ერთიანად მოაჯადოვა ამ სანახაობამ.
ამ წუთას ესიხიდეს დაუფლებოდა იდუმალი, თითქმის არაადამიანური სიდიადე, რომელიც მხოლოდ სიზმარში შეიძლება იხილოს კაცმა. უთვალავი ღამეული ჩიტიც კი, მოულოდნელი ალით დამფრთხალი, წივილით რომ დაჰქროდა ჰაერში, ახლოსაც კი არ გაჰკარებია ესიხიდეს გაცრეცილ ქუდს. მგონი, უსულგულო ფრინველთა თვალებმაც კი შეამჩნიეს ის საკვირველი სიდიადე, ოქროსფერ ნათლად რომ დასდგომოდა ესიხიდეს თავს.
ყოველი ჩვენთაგანიც სულგაკმენდილი, მთელი სხეულით ათრთოლებული, შეუცნობელი სიხარულით სავსე, ისე შევყურებდით ესიხიდეს, როგორც ახალმოვლენილ ბუდას. ცეცხლმოკიდებულ ეტლს გუგუნით ასდიოდა ალი მთელ ცისქვეშეთს ფარავდა. იქვე გაქვავებულივით იდგა ამ სანახაობით მოჯადოებული ესიხიდე... როგორი დიდება, როგორი აღამაფრენა ეხატა სახეზე! მისი ბრწყინვალება
კი ამ დროს სახეშეშლილი, ტუჩებზე ქაფმოდებული, ორივე ხელით ჩაფრენოდა სოსანისფერი აბრეშუმით დაფარულ მუხლებს და ხარბად ნთქამდა ჰაერს.
«იუკიგეს სასახლეში» ეტლის დაწვის ამბავი მაშინვე მოედო მთელ ქვეყანას და ათასნაირი ხმა გავრცელდა. ამბობდნენ, მისმა ბრწყინვალებამ შური იძია უარყოფილი სიყვარულის გამოო, მაგრამ თავად ხორიკავა სრულიად საწინააღმდეგოს ამტკივცებდა: მას ჭკუა უნდოდა ესწავლებინა გულმხეცი მხატვრისათვის, რომელიც მზად იყო, თავისი სურათის გულისათვის ეტლი დაეწვა და ადამიანი გაეწირა.
ესიხიდეს კი, თუმცა ერთადერთი ქალიშვილი დაუწვეს თვალწინ, თავისი ქვასავით მტკიცე გადაწყვეტილება სურათის დახატვისა არ შეუცვლია. პირიქით, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო განუმტკიცდა. ბევრი თათხავდა ადა აგინებდა მას, ბოროტსა და მხეცს უწოდებდა, რადგან მამობრივი სიყვარული დაივიწყა სურათის გულისათვის. ამავე აზრისა იყო იოკოგაველი წინამძღვარიც. იგი ხშირად იტყოდა ხოლმე, რაც უნდა დიდი ხელოვანი იყოს ესიხიდე და როგორ ბრწყინვალედაც უნდა იცოდეს თავისი საქმე, თუკი დასაბამიერ ურთიერთობათა ხუთი კანონი არ ესმის, მაინც ჯოჯოხეთშია მისი ადგილიო.
ერთი თვის შემდეგ ჯოჯოხეთის სურათებით მოხატული თეჯირი უკვე მზად იყო. მაშინვე მოიტანა იგი ესიხიდემ სასახლეში და მოწიწებით წარუდგინა მისი ბრწყინვალების სამსჯავროს. იოკოგაველი მოძღვარიც იქ იყო ამ დროს და იგი ფრიად განაცვიფრა ცეცხლის საშინელმა გრიგალმა, თეჯირზე დახატულ ჯოჯოხეთში რომ ბობოქრობდა. ადრე იგი მოღუშული, ცერად თუ გადახედავდა ესიხიდეს, მაგრამ ახლა თავი ვერ შეიკავა და წამოიძახა: «შეუდარებელია!» მე ჯერაც ვერ დამივიწყებია, თუ როგორ გაიცინა მისმა ბრწყინვალებამ ამის გაგონებისას. მას შემდეგ ესიხიდე აუგად არავის უხსენებია.
ამასობაში მხატვარი იმქვეყნად წასულებს შეუერთდა. თეჯირის მოხატვა რომ დაამთავრა, მეორე ღამესვე ჩამოიხრჩო თავი. საკუთარი ოთახის თავხეზე. სიცოცხლე თუ მოსძულდა ერთადერთი ქალიშვილის დამკარგავს. იგი იმ ადგილას დაასაფლავეს, სადაც ადრე სახლი ედგა. საფლავის უბრალო ლოდი, წლების მანძილზე ქარისა და წვიმის ანაბარა რომ იყო მიტოვებული, ისე დაიფარა ხავსით, რომ ახლა აღარავინ უწყის, ვინ მარხია იქ.