Litclub.ge

ჰაჯი მურატის მოჭრილი თავი
შემახის გზაზე ვიღაც შავმა,შავნაბდიანმა, 
შუაღამისას დასძრა შავი ყარაბახული; 
და თბილისამდე ბედაურმა ორბის ფრთიანმა 
გასცვითა ნალი, ამ დღისათვის შემონახული.

არც ღამე იყო, მაგრამ თითქოს არც თენდებოდა, 
როცა მხედარმა სასახლეზე მოაგდო ცხენი, 
და უმალ, თუმცაფეხზე დგომა უძნელდებოდა, 
კნიაზ ნამესტნიკს წარუდგინა ხურჯინით ძღვენი.

გადასცა წიგნი,შეისწორა ხანჯალი ბასრი. 
დასწვდა ამანათს - მოარიდა ლაპარაკს ყური. 
მან ამოიღო გაფერილი სპილენძის კასრი. 
მერე წამოდგა და ასეთი ახსნა სურათი: 
„მოჭრილი თავი მოგართვითო, ჰაჯი მურატის“. 

ღია ფანჯრიდან ქარმა შუქი დააბარბაცა, 
ბაღში აპრილის გაისუდრა ტკბილი ტაროსი. 
და მოკლე ფრაზამ, ინგლისურმა, გასჭრა დარბაზი: 
„ჭკუამ დაღუპა ეგ ბარბაროსი“.

შემდეგ წაიღეს პრისტავებით, მარშით, ურათი, 
ვითომ დღე იყო მიღწევების ამომწურავი, 
და მოედანზე დადგეს თავი ჰაჯი მურატის - 
სისხლში, სპირტში და ლეკერტიან ცრემლში მცურავი. 

მაგრამ ჯიუტი ნასროლ ტყვიას აქაც ითვლიდა. 
იქ, ნუხის ტყეში, ხმალს იქნევდა მკვდარი სხეული. 
პეტერბურგისკენ ფელდეგერი ცხენებს იცვლიდა,
მიჰქროდა სისხლი, დაღესტნიდან გადმონთხეული.

ამ სისხლისათვის ცრემლს შამილი არ იმეტებდა: 
გამყიდველმაო ღირსეული ჰპოვა ნათესი, 
და ვორონცოვიც, წინათ სხვას რომ აიმედებდა, 
ასე ფიქრობდა: სისხლიოა მოღალატესი.

მაშ ვინ იყავი?.. რა იყავი? მაშ, რაღა გქვიან, 
აქაც და იქაც დაღუპულო, მოჭრილო თავო. 
ხუნძახელ ჰამლეტს რად გინდოდა, რომ გაჩნდი გვიან 
გაორებულო, უფსკრულებში ჩაშლილო მთაო.

აქედან ვხედავ, ამბობს იგი: ბრძოდე, იწვოდე, 
გაგსრისოს, დეე, ჭრილობებმა სისხლიან ფარცხით, 
მაგრამ, თუ იბრძვი - სამუდამოდ უნდა იცოდე: 
გაორებული კაცის ბედი თავდება მარცხით.