უფალმა ბრძანა:"იქმენ ნათელი!"
და მერე, როცა ირგვლივ გაწვიმდა,თითქოს ჩემს თვალწინ მოკლეს აბელი
და მე კაენის ვიქეც ნაწილად.
და როცა ღმერთი შემეხო თიხას,
გულის სიღრმეში გალღვა ყინული
და მე აბელის ნაწილიც ვიყავ,
იესოს სისხლით გამოსყიდული.
საკუთარ აჩრდილს შევყურებ ახლა,
ცოდვით დაღლილს და გზებით დამტვერილს,
ჩემს განთიადებს მიმწუხრიც ახლდა,
ჩემს ღამეებშიც ენთო სანთელი.
ვიდრე საწუთრო ბოლომდე დამხრავს,
დაცემის მადლით თვალებახელილს,
შუბლით ვატარებ კაენის დამღას,
გულიტ ჭრილობა დამაქვს აბელის...