(სიმღერა)
ხევზედ მიდიან ნისლები,
გაჩქარებულნი, მღერითა.
როგორ ხარობენ ტივლები,
რომ მიწას ჰფარვენ ბნელითა!
ვეღარას ვხედავ ბეჩავი,
გამიქრენ წვერნი მთისანი;
ვაჰმე, ვეღარა მწვდებიან
სათბობლად სხივნი მზისანი.
ბარემ მეც ჩამთქით, ნისლებო,
დამნაცრეთ, დამაფერფლეთო,
თვალნი დამთხარეთ, გულისაც
სადილი გაიკეთეთო.
სად მიხვალ, სადა, ყორანო,
შენ მაინც შამიბრალია,
მიამხანაგე, გენაცვლე,
ყრანტალით გამახარია!..
წავიდეთ, ერთად წავიდეთ,
მოვშორდეთ მშობელს მხარესა,
ნუღარ ვიხილავთ საყვარლის
ჩვენის ქვეყნისა მთა-ველსა.
წავიდეთ, გადავიკარგნეთ.
დავსთელოთ სხვისნი არენი!
ვანჩქლიოთ, ერთად ვანჩქლიოთ
ცრემლის წყარონი მწარენი.
1886 წ.