(სიმღერა)
რა-გინდა ბედმა მიმტყუვნოს,
რა-გინდ ვარამმა მკბინოსა,
კიდევ შავმღერნებ ერთხელა,
რომ გულმა მაილხინოსა,
მურის მაგივრად არა სჯობს,
პირს ვარდი მაიფინოსა?!
რა კაცი ჰქვიან იმასა,
ვინც ჯავრის ხდება ვირადა!
ადე, შაჰხედე ქვეყანას,
გორიდამ გორის პირადა!
წეღან რო ჩალად არ გიჩნდა,
დაგიფასდება ძვირადა;
რაც უნდა უძლური იყო,
თავს სცნობ უსწორო გმირადა...
არავის არ დაედები
ტყლაპად და ქალმნის ძირადა,
მოზღვავებული ნაღველი
მოგეჩვენება ლხინადა.
1890 წ.