ერთი ნაბიჯია შენიდან - ჩემამდე,
ჩემიდან - შენამდე მანძილი დიდია,
ანი-დან ჰა-ემდე
და ისევ უკანვე
ოცდაცამეტი ბეწვის ხიდია.
ერთი ნაბიჯია,
უსახო ნახატზე
თვალები მაგონებს კატისებრ სიმწვანეს,
აიღე ფანქარი, ფურცელი
დამხატე
ანი-დან ჰა-ეთი
აწყობილ სიტყვებზე.
მე - ერთი ნაბიჯი,
შენ - ორი,
ვერ გწვდები,
ახლოს ხარ და მაინც
შორია შენამდე,
ვერ ვაწყობ,
ქუჩაში ვიღაცას აბოდებს,
ვიღაცა ხმამაღლა ეძახის პილატეს.
სიტყვები წამართვეს.
მე ასე მგონია
ანი-დან ჰა-ემდე
და ნაბიჯ-ნაბიჯით,
დავბრუნდი, უსახო თვალებით დავდივარ
მე - ერთი
შენ - ორი
ჩვენ - ოცდაცამეტი
ანი და ჰაე თი,
მოზომილ ნაბიჯით...