Litclub.ge

ილუზია
ხანდახან მგონია, ჩემი აჩრდილი ხარ,
დამდევ და მალულად მაწვალებ,
ხანდახან მგონია, სფინქსი ხარ გაყინული,
ვერ ამჩნევ სევდიან ამ თვალებს.
ხანდახან მგონია, სულში ჩაგეკირა
ცივი უნდობლობა და იჭვი.
ხანდახან მგონია, ჩემი სანთელი ხარ
ჩემად ანთებული ყრუდ იწვი.
ხანდახან მგონია, შლეგი ფიქრები ხარ,
ფიქრები სავსეა ნაღელით.
ხანდახან მგონია, რომ ჩემად გაჩენილხარ
შენ კი ადექი და წახვედი.
იქნებ ასეცაა, სული დაგეღალა,
გრძნობა დაგეღალა ეული,
იქეც მარტოსულად სავსე სიყვარულით
და მკაცრი ცხოვრებით გვემული.