ჩემი ცხოვრება დაემგვანა გემის ძველ აფრებს,
ზღვებია მხოლოდ... უშენობაც არის, Ellié!
ალბათ იცი, რომ რა ხანია ვერ ვწერ ვერაფერს,
სათქმელსაც როგორ ერთიანად გამოველიე...
იანვარია, წუხელ მთებში ისევ მოთოვა,
სიცივემ ქალაქს შეუცვალა ძველი იერი...
ჩემი ცხოვრება შენს ჩარჩოში მყოფი ფოტოა,
რომელსაც უკვე წლებია რაც ათვალიერებ.
Ellié, ცივა! (ალბათ ახლა ღმერთსაც შეცივდა),
ყეფენ ძაღლები და ზამთარი მოაქვთ მარხილებს...
ჩემი ცხოვრება ჩამოინგრა აფხა...(ზეციდან)
და თავი ჩემი დამნაშავედ ყველამ ამხილა.
საქართველო კი - მირაჟია, მხოლოდ მირაჟი!
„Géorge“-ს რომ მეძახი, სამშობლოდან გწირავ მადლობას.
ჩემი ცხოვრება გადახიზნეს ფერე...(ირანში)
და იმის მერე ყრუ-მუნჯი და უსინათლო ვარ.
ჩემი ცხოვრება გაიყიდა ნაწილ და ნაწილ
(Ellié, წერას უსათუოდ მალე მოვრჩები)...
ასეა, რა ვქნა, პარიზელო გოგონავ, აწი
საქართველოში ქართველი ვარ დროგამოშვებით!
2 იან. 2012 წ.