(ეკას)
თოვს და ყველაფერი ახლოა ჩემს
ფიფქებს გაკიდებულ გუმანთან...
დილით ალბათ ისევ აღმოაჩენ,
წუხელ თოვამ როგორ უმატა.
ჩვენი ფანჯრის მიღმა სისველეა,
მალავს თებერვალი თარიღებს.
ახლა თოვლი ისე შიშველია,
მზერას შეგნებულად ვარიდებ.
თოვს და ყველა ფიფქი ჩვენი არი,
შეგვრჩა სიყვარული გზა-კვალად.
ახლა ავდგებით და, მშვენიერო,
ქუჩებს ისევ ერთად გავკვალავთ.
დილა ძველებურად ღამეს ევნო,
ცა კი - ისევ ყვება წუხანდელს.
წამო, უგზოობას ავედევნოთ,
თოვლში შევაბიჯოთ მუხლამდე.
თოვს და სიყვარულის დრო თუ არი,
ერთად უნდა ვიყოთ, უდაოდ...
თოვლში ხეტიალობს ტროტუარი,
ჩვენ კი ყველა ლექსში ვგუნდაობთ!
10 თებ. 2012 წ.