ნუ მოვიგონებთ მტრობას ადრინდელს,
მე ხომ არ მმართებს სისხლი აჭარლის,
ნუ გაიკვირვებ ჩემო ფადიმე,
თუ არც მკვლელი ვარ და არც ლაჩარი.
რომ ქართველი ვარ და შენი ენა
თუ მესმის ახლა,როგორც ზღაპარი,
აბას პირველმა გვაწამა ჩვენაც,
ფერეიდანში მყავს წინაპარი.
ბევრჯერ გულიდან სისხლი გვადინეს,
ადრე დაგვფარა დარდმა ჭაღარით,
ქართველ ასულთა წმინდა მანდილებს
ჩეხავდა ხმალი ნაყაჩაღარი.
მე არ მივტირი ძველს და უნაზესს
და მიყვარს თქვენი შავგვრემანები,
მოვალ,ამ ზაფხულს დავრჩები ზღვაზე
და მეც აჭარელს დავემგვანები.
ნუ გავიხსენებთ მტრობას ადრინდელს,
მო,გახდი ჩემი დასაფიცარი,
ლექსი არ გიყვარს თურმე ფადიმე,
მაგრამ,ამ ლექსს ხომ მაინც ისწავლი?