Litclub.ge

ფიროსმანის მეგობრებთან

ეს რა ეშმაკმა ააბორგა ამაღამ ქარი,
ამიწიოკა, დამირბია მან შთაგონება!
თბილისის ქუჩებს დავედევნე, ვიხმე ამქარი
დავიწყებული ფიროსმანის მოსაგონებლად.

აქ, ამ ქუჩებში, დადიოდა, როგორც სიზმარი
(საქართველოს ცას აქ ეტრფოდა მისი ოცნება),
ჩამოხეული, ტანმაღალი, მარად ხიზანი,
მარტოდენ გული და ბაჯაღლო პატიოსნება.

მივალ, მხვდებიან საზანდრები, ქუჩის მგოსნები,
ბნელთან მებრძოლი უსინათლო მეთარეები,
“ტვინდასეტყვილი” ნიკალაის ძველი დოსტები,
და ცოცხლდებიან ფიროსმანის მწარე დღეები.

ვეტყვი: “როგორმე მოიგონეთ, ძია-კაცებო,
ლოთი მხატვარი, მარტოსული და მეგობარი,
მითხარით რამე ფიროსმანის ბედის გარშემო
და მერე შევსვათ მისი ხსოვნის შესანდობარი! “

- “თვითრჯული” იყო, აუმღვრია სისხლი თბილისმა,
სულ მარტო იყო, მარტო სვამდა, მარტო გათავდა,
ფუნჯის მოსმის დროს ჰქონდა რაღაც ჯადო-თილისმა,
არაყს დალევდა და ქვეყანას დაგიხატავდა!

- შემოგხედავდა დარცხვენილი, ვერ გაიგებდი,
რა ჭკვისა იყო, რა ჰაზრების და რა გუნების,
უყვარდა მტკვარი, მტკვარზე ტივი, ტივზე ტიკები,
გოჭი, მწვანილი და ფრთიანი ორაგულები!

- როცა ზაფხული დადგებოდა თბილის-ქალაქში,
ჯავრობდა: ხედავ, ყველაფერი როგორ ხმებაო,
გაეხვეოდა ირემივით მწვანე ბალახში:
სოფელში ვეღარ მივდივარ და მეამებაო...

- არც კოხტა იყო საცოდავი და არც ართვალი
ამაყი იყო, ჩვენ მორჩილად ვიდექით მასთან,
ეჰ... ახლა გახდა ნიკალაი დიდი მხატვარი,
უფასოდ გაქრა, უფასოდ და ახლა დაფასდა!

- ნეტავი ამ დროს მოსწრებოდა მის ნაცნობებთან!
(ვაი, რა უღვთოდ დაიღუპა საწყალმა თავი!)
თბილის-ქალაქის ყველა მხატვარს ის აჯობებდა,
არ დარჩებოდა არაფერი დაუხატავი!

ჰყვებიან ასე ფიროსმანის დროის ქადაგნი,
ყველა მათგანში დაუვიწყარ ნიკალას ვხედავ...
დგას ფიროსმანის მოხატული თბილის-ქალაქი -
ეს პოეზიის უწმინდესი ადგილის დედა!

მე ვუსმენ ყველას, წარმოვიდგენ ცხოვრებას მისას,
ცოცხლდება ჩემ წინ მკრთალი სახე ფერების მგოსნის,
მთვარეულივით დავემხობი თბილისის მიწას
და დიდი ნიკო ფიროსმანის ნატერფალს ვკოცნი!

1940