Litclub.ge

ალასს

ნელი შრიალით შეფოთლილი თუ ვინმე მოჰქრის:

ჟღალი ბეღურა თავს ევლება ტანსარო ალვას.

ის ვერ იხილავს ჩემს ეზოში პატარა ალლას –

მე ვეღარ ვიტყვი უცხო სტუმარს „ნიკარტი ოქროს“.

თეთრი ღიმილი აგონდება გადახრილ ქორედს.

ობლობას იხდის დედოფალა ნაჭრიან ჩითით.

გულდათუთქული ცქერას მესვრის ცქრიალა ჩიტი

და სამუდამოდ გაფრინდება ნაღვლიან შორეთს.

ვაშურებ ოთახს. დასრიალობს სიკვდილის კვალი.

ნინოს ხატის წინ დავიჩოქებ სათუთი მწირი.

მოვიკუნტები ჩუმი ლოცვით ნეკივით მცირე

და ვიშრობ ცრემლებს: საცოდავი ვით ჭიქის თვალი.

გრიგოლ რობაქიძე

 

„ბარრიკადი“, 1922, 4, 7 იანვარი