Litclub.ge

ჭინკები

ღრუბელს მისდევს ღრუბლის ჯარი, 
უჩინ-მაჩინ მთავარე ჩანს, 
ელავს შუქზე თოვლი ჩქარი, 
მღვრიე ღამე, მღვრიე ცა. 
მივალ, მივალ გაშლილ შარით, 
რეკავს ზარი: დინ, დინ, დინ, 
საშიშარი, საშიშარი 
ბიჯის გადმგაც არის წინ. 

"წინ, მეეტლევ!" - "არ მაქვს ძალი: 
უჭირთ ცხენებს თოვლზე სვლა, 
დამიხუჭა თოვლმა თვალი, 
შეკრულია შარა მთლად. 
თუნდა მომკალ, კვალი არ ჩანს: - 
რა ვქნათ, ავცდით მგონი ხაზს. 
ალბათ სადმე ჭინკა გაჩნდა, 
გვაწვალებს და გვიბნევს გზას. 

დახეთ: აგერ, აგერ ახტა, 
მაფურთხებს და პირში მცემს. 
აგერ ხრამში აგდებს ნაღდად 
დაფეთებულ, ველურ ცხენს. 
ვეებერთელა ფერად პალოდ 
აეტუზა ჭინკა თვალს, 
ხან ანათებს სავალალოდ, 
ხან კი მისდევს ღამის კვალს". 

ღრუბელს მისდევს ღრუბლის ჯარი, 
უჩინ-მაჩინ მთვარე ჩანს, 
ელავს შუქზე თოვლი ჩქარი, 
მღვრიე ღამე, მღვრიე ცა. 
ქარიშხალი არ გვასვენებს, 
ზარი აღარ არხევს ველს, 
ვეღარა ვძრავთ ბეჩავ ცხენებს, 
მორს წავაწყდით, ანდა მგელს. 

ბუქი ბრაზობს, ბუქი ტირის, 
აფრუტუნდნენ ცხენები; 
შეიბრუნა ჭინკამ პირი, 
მირბის, მიჰქრის ჭენებით. 
ადგილიდან დავიძარით. 
ზარი რეკავს:დინ, დინ, დინ, 
მაგრამ ავი სულთა ჯარი 
თეთრ მინდორში დაგხვდა წინ. 

მახინჯები, საზარები, 
ეს ჭინკები მთვარეში
ბუქნაობენ გამწარებით 
ფოთლებივით, თარეშით. 
რამდენია, ვინ გაფანტა, 
რად მოსთქვამენ ასე ზარს, 
ქაჯს მარხავენ იქნებ, ანდა 
კუდიან ქალს რთავენ ქმარს. 

ღრუბელს მისდევს ღრუბლის ჯარი, 
უჩინ-მაჩინ მთვარე ჩანს, 
ელავს შუქზე თოვლი ჩქარი, 
მღვრიე ღამე, მღვრიე ცა. 
მისდევს ჭინკის გროვას გროვა, 
მაღლა ცაში გროვდება, 
მესმის მათი კვნესა, გლოვა 
და გული მიღონდება. . . 

 


1830