ახლა ოლეგი ემზადება ლაშქრობისთვის,
რომ გადუხადოს უგნურ ხაზარებს.
მათი სოფლები და ყანები თავდასხმისათვის
უნდა შსწიროს ხმლებს და ხანძრებს.
მჯდარი ტაიჭზე მობრძანდება თავადი ჯარით,
დამშვენებული ცარეგრადის მძიმე აბჯარით.
დაბურულ ტყიდან გამოვიდა მძლე ჯადოსანი;
მომავალ წლების იცის მხილება.
არის აღვსილი შთაგონებით ჭაღაროსანი,
და მხოლოდ პერუნს ემორჩილება.
მან მისნობაში გაატარა თავისი დღენი,
და მის წინაშე შეაჩერა თავადმა ცხენი.
- დიდო მისანო! შენ ღმერთების ქურუმი გქვიან.
სთქვი, რას მიქადის ბედი მფლობელი?
გასახარბლად მტრებისათვის - ადრე თუ გვიან
დამფარავს მიწა დაუნდობელი?
ნუ გეშინია, და მითხარი სიმართლე ნაღდი,
ცხენი საჩუქრად აირჩიე თავისი რახტით.
”ჩვენ ძლევამოსილ მეფეების არ ვართ მონები,
და საჩუქარი მათი არ გვინდა,
სიტყვას ჭეშმარიტს ვლაპარაკობთ ზეშთაგონებით,
და ჩვენთან არის განგება წმინდა,
დაფარულია მომავალი შავბნელი ღრუბლით,
მაგრამ შენს იღბალს მიკარნახებს შენივე შუბლი.
დაიმახსოვრე ჩემი სიტყვა მოურიდები:
მუდამ იმარჯვებ ვით მეომარი,
შენი სახელი შემოსილი არის დიდებით,
ცარგრადის ბჭეზე დაჰკიდე ფარი.
ზღვა და ხმელეთი დაიურვე შენ ბრწყინვალებით,
მტერი გიცქერის სისხლიანი შურის თვალებით.
თავის ტალღებით არ გღალატობს ზღვა კადნიერი,
როცა იმსხვრევა ზეცა მეხებად;
მკვეთრი შურდული და ხანჯალი მუდამ ცბიერი
შენ არასოდეს არ შეგეხება.
შენ, ჯავშნიანი, იარაღებით არ ითანგები,
თითქოს გინახავს უხილავი ძალა განგების.
ვერ შეაჩერებს შენს გაფრენილ მერანს ვერავინ;
თუ დააკავებს შენი ბრძანება,
ვერ შეაჩერებს მას ისარი მკერდგამსერავი,
და ბრძოლის ველზე მიექანება.
მისთვის ერთია ნიავი და ბრძოლის ხმაური,
მაგრამ დაგღუპავს სამუდამოდ ეს ბედაური”.
ოლეგის სახე დაიჩრდილა თითქოს სიბნელით,
რა გამოიყვანს გულს ამ გლოვიდან?
დადუმებული ის დაეყრდნო უნაგირს ხელით -
ცხენიდან დაბლა ის ადმოვიდა.
უკანასკნელად ეთხოვება თავის ამხანაგს,
მისი მერანი ვეღარ ნახავს სამხედრო ბანაკს!
- ჩემო ფეხმარდო მეგობარო, მებრძოლო ცემებრ,
დღეს განშორების დაგვიდგა ჟამი,
შენს ოქროს უზანგს ვერასოდეს ვეღარ ვიგემებ,
ო, დაისვენე ახლა სიამით!
აწ კი მშვიდობით და გახსოვდეს პატრონი შენი,
თქვენ, ჭაბუკებო, წაიყვანეთ ერთგული ცხენი.
იგი ხალიჩით დაამშვენეთ და ბეწვეულით,
ის აბალახეთ მინდვრებსი მარად.
დაბანეთ ხშირად, მიაწოდეთ ქერი რჩეული
და წყაროს წყალი ასვით ანკარა.
სწრაფ ჭაბუკებმა წაიყვანეს ცხენი ვერანი,
და სხვა მიჰგვარეს იმ წუთშივე თავად მერანი.
ნადიმობს რაზმით ფალავანი და მოწინავე,
ხმაურობს ჭიქა ხალისით სავსე.
დილის თოვლივით მათი თმები ახლა ბრწყინავენ
იქ, სახელოვან გორაკის თავზე.
ისინი წარსულს იგონებენ დღეს ათრთოლებით
და ამაყობენ გადახდილი ძველი ბრძოლებით.
”სად არის ჩემი ამხანაგი, ამბობს თავადი,
სად არის ცხენი - ცეცხლის მფრქვეველი?
ხომ არ დადუმდა ფრთაშესხმული მისი ნავარდი -
დიდ სივრცეებზე დაუტეველი?”
ისმის პასუხი: - ერთ მაღლობზე ახლა ის არი,
და მარად ძილით განისვენებს - გაუღვიძარი.
უძლეველ ოლეგს სევდიანი შეიპყრობს გრძნობა,
და იგი ფიქრობს მწველ დანანებით.
”გიჟო ბებერო! არ გამართლდა შენი მისნობა,
გამოწვეული ყალბი ზმანებით.
ცხენი აქამდე იქნებოდა ჩემი თანმხლები”.
და თავად უნდა ინახულოს მეგობრის ძვლები.
აი ოლეგი გამობრძანდა დიდ სასახლიდან,
მასთან იგორი, სტუმართ კრებული.
იქ, სადაც ბორცვი იხედება დნეპრში მაღლიდან,
აწყვია ძვლები გაყვითლებული.
მათ წვიმა რეცხავს და ჩურჩულით ეკვრის ბალახი,
მათ ფარავს ქვიშა და უცქერის ცის იალაღი.
მეგობრის ნაშთებს აკვირდება თავადი ნელა.
მან ცხენის ქალას დაადგა ფეხი.
”შენი პატრონი ჯერ სიკვდილმა ვერ მოინელა,
მაგრამ ახლოა ჩემი ქელეხი.
თავმოკვეთილი არ გაჰყვები შენ შენსა მხედარს,
და ცხელი სისხლით არ გააძღებ შენ ჩემსა ცხედარს”.
”აი, სად არის დამარხული ისარი მკვლელი,
სიკვდილით ძვალი მემუქრებოდა!”
ცხენის თავიდან საზიზღარი საფლავის გველი
ამ დროს სისინით, გრეხით ძვრებოდა
როგორც არშია მოეხვია ფეხებს მდუმარედ,
და დაიკივლა მოშხამულმა თავადმა მწარედ.
დადიან ირგვლივ სასმისები აქაფებული -
გლოვობენ თავადს ქელეხით, ლხინით.
სხედან გორაკზე იგორი და ოლგა კრებულით.
ილხენს ლაშქარი ადრინდელ ჟინით.
ისინი წარსულს იგონებენ დღეს ათრთოლებით,
და ამაყობენ გადახდილი ძველი ბრძოლებით.
1822