Litclub.ge

კვლავ მოვიხილე...

კვლავ მოვიხილე 
ის ადგილები მშობლიური, სად განდევნილმა 
მარტოობაში გავატარე მე ორი წელი. 
ათი ზაფხული მიიწურა მას აქეთ, დრონი 
იცვალნენ და მეც შევიცვალე დროთ მდინარების 
საყოველთაო წესისამებრ, მაგრამ აქ ისევ 
გარემომიცვა გარდასულმა ცხოველი შუქით 
და მეჩვენება, თითქოს გუშინ ვხეტიალობდი 
მე ამ ჭალებში. 
შერისხულო, აგერ, ის ოდა, 
სადაც ოდესღაც საცოდავი ჩემი გადია '
დაჩალიჩობდა. ღობის იქით აღარ მოისმის 
მოხუცის მძიმე ნებიჯები, ამ მიდამოში 
მზრუნველი გულით მე არავინ არ მელოდება. 

აი ტყაინი ის ბექობი, საიდანაც მე 
დაფიქებული სევდიანად გადმოვცქეროდი 
ტბას აზვირთებულს, და გონებას ეზმანებოდა 
სულ სხვანაირი ნაპირები და სხვა ტალღები. 
მზით დაოქროვილ ხოდაბუნებს და ამწვანებულ 
საძოვრებს შორის ცისფრად ელავს ტბის ზედაპირი 
და მის იდუმალ და უცნაურ სიღრმეთა წიაღ 
მიცურავს ნავი და მებადურს წყლიდან ამოაქვს 
თავისი ძველი სათხველი. ირგვლივ ვერდობებს 
სოფლები ყუჩად შეფენია, ხოლო მათ უკან
მოჩანს წისქვილი მოღრეცილი, ქარის ქროლვაზე 
ფრთებს რომ ძლივასღა აფარფატებს . . . 
მამაპაპეულ 
სამფლობელოთა სანახებში, აიმ ადგილას, 
სადაც ბილიკი წვიმებისგან გადარეცხილი 
მთის დამრეც კალთას მიუყვება, დგას სამი ფიჭვი, 
ერთი კიდეგან, მოშორებით, ხოლო ორი სხვა 
ერთიმეორის სიახლოვეს; - აქ, მთვარიანში, 
როდესაც მათ წინ ჩამივლია, ნაცნობი ჩქამით 
მომსალმებიან იმ ფიჭვების წვეროკინები. 
ახლაც იმავ გზით ჩავიარე, რომ დამენახა 
ის ჩემი ძველი ნაცნობები. . . ისევ იქავე 
დგანან ისინი და იმავე ხმით ესალბუნა 
გულს მათი ამო შარიშური. მაგრამ დაგრეხილ 
და დახავსებულ მათ ფესვებთან (სადაც ოდესღაც 
უკაცრიელი და ხრიოკი ადგილი იყო)
ახლა მოზარდი მათი ნერგი ამოიზარდა
მწვანე ოჯახად, და მათსავე მყუდრო კალთაში 
ბუჩქები ერთურთს ბალღებივით ეტმასნებიან. 
ხოლო პირქუში მათი მოძმე ისევ მარტო დგას 
ვით ცალუღელა ბერწი ვინმა და მის გარშემო 
კვლავ უდაბური მიდამოა. 
სალამი შენდა, 
ახალთაობავ მშვენიერო! ვეღარ ვიხილავ 
მე შენს ხანიერ, ძალგუოლოვან ახოვანებას, 
როს ტანაყრილი ფართო მხრებით აეფარები 
და სამუდამოდ უჩინოს ჰყოფ უცხო თვალისგან 
მათ ბებერ თავებს. მაგრამ დაე, ჩემმა ბადიშმა 
ისმინოს თქვენი საამური ახმოვანება, 
როცა მოყვასთა ნადიმიდან მობრუნებული. 
ლაღი ოცნებით და ყმაწვილურ იმედით სავსე 
ხალისიანი ნაბიჯებით ჩაივლის თქვენს წინ 
და ღამის ბნელში მე მომიგონებს. 

1835