Litclub.ge

მე რა მეჩქარება...
მე რა მეჩქარება - 
ცხოვრება მაჩქარებს... 
მე რა მენაღვლება, 
ცხოვრება მანღვლებს... 
მე რა მეჩქარება - 
სადღაც მიმაჩქარებს, 
სადღაც მიმაქანებს მანქანით, იალქნით, 
ორთქლმავლის გუგუნით, ტალღის ფორიაქით. 

კი მაგრამ, 
იცი რა - 
იცი, რა მანაღვლებს? 
არ გიცნობ ვინა ხარ - 
შენს თავს დამანახვებს, 
ყველას დამავიწყებს, შენს თავს შემაყვარებს, 
შენ თავს დამავიწყებს და სხვას შემაყვარებს! 

დღემუდამ მაოცებს, 
დღემუდამ მაღონებს: 
სხვას რომ შემაყვარებს - 
შენს თავს რად მაგონებს, 
თუ გადამავიწყა - 
რაღად გამახსენებს 
იმ დღეებს წასულებს, 
მაგ თვალებს, მაგ ხელებს... 
ო, ეს დრო კი არა, ცხოვრება კი არა, 
გულია კაცისა ხარბი და ცოდვილი... 
მეც რა მენაღვლება - 
მივყვები, მივდივარ, 
ბედს ვარ მინდობილი.

1956 წ. 
თბილისი.