Litclub.ge

ისეთი დღე
გაზაფხულია და შენი მკერდი... 
და შენი მკერდი აფრენას ნატრობს. 
მიდიხარ, არვინ მიგყვება გვერდით. 
შენ რუსთაველზე დადიხარ მარტო. 

და თითქოს ქუჩაც შეხარის ამინდს, 
ისეთი დღეა, მართლაც, კეთილი. 
გული ხმამაღლა აყვირდეს ლამის, 
სიყვარულით და მზით გაჟღენთილი. 

მაგრამ ამ მტრედებს, 
უცოდველ მტრედებს, 
რომ შეფარვიან შენთა უბეთა, 
ვნებიან მზერით არვინ დაეძებს, 
ურცხვად შეხედვას ვერვინ უბედავს. 

და იწმინდება შენი დანახვით 
გაოცებული არშიყის თვალი, 
და გზას აგიქცევს მაგ სიამაყით 
და უცოდველი სიწმინდით მთვრალი.

ქალმა დაგვბადა და სიყვარული 
ამ ცის და მიწის ქალმა გვასწავლა, 
გვასწავლა სევდაც და სიხარულიც 
და ბეწვის ხიდზე ღიმილით გავლა. 

ქალმა აგვინთო პირველად გული, 
გულზე ძალუმად ჩამოგვკრა კვესი, 
ქალმა გვასწავლა პირველი ლექსი, 
დაგვაწერინა პირველი ლექსი. 

მის თვალზე ვნახეთ პირველად ცრემლი, 
პირველი ცრემლი, და გვახსოვს ახლაც, 
ის დაგვიტირებს უკანასკნელით, 
მაგრამიმ ცრემლებს ჩვენ ვეღარ ვნახვთ. 

. . . 

გაზაფხულია და ჩემი მკერდი.. 
და ჩემი მკერდი აფრენას ნატრობს. 
მივდივარ, არვინ მიმყვება გვერდით. 
მე რუსთაველზე დავდივარ მარტო. 

და მახსენდება რაც გულით მსურდა, 
რასაც ველოდი და მუდამ ველი: 
ჩემი ოცნება და ნატვრა მუდამ - 
გამოთქმა სხვისთვის გამოუთქმელის. 

1964 წ. 17 მაისი.