Litclub.ge

იმ მშვენიერ გაზაფხულს...
იმ მშვენიერ გაზაფხულს 
ცის მანანა გვეპკურა, 
ორი გული შევკონეთ, 
შევაერთეთ ერთ გულად... 

დიდხანს, დიდხანს მღეროდა 
გული, ჩვენი ერთგული, 
ახლა რატომ შეტოკდა, 
რად სცემს შეთრთოლებული? 

ნუთუ იგრძენ ღალატი, 
მიჩნეულო ზენარად? 
მართალია, ის გული 
მე დავკოდე, შენ არა! 

ისევ მე გევედრები, 
ტრფობავ, ძველად ნერგულო, 
კვლავ ავმღერდეთ, 
ერთმანეთს
ცის ნამივით ვეპკუროთ... 
იმ მშვენიერ გაზაფხულს, 
იმ ერთ გულს ვუერთგულოთ! 

1955 წ.