Litclub.ge

კარდიოგრამა
კავკასიონის მწვერვალებს მიუყვება
ჩემი კარდიოგრამა.
რამდენიმე ამოვარდნა მაქვს -
უშბა,
თეთნულდი,
მყინვარწვერი;
იშემიის ნიშნები -
როკი და საკენი.
წლების წინ ნაინფარქტალი - იალბუზი.
მინდვრის ზამბახი ვარ;
მეც მიყვარხარ,
მაგრამ შენი ფეხის ხმა
მიხშირებს მაჯისცემას.
ნუ მომწყვეტ,
ხომ ხედავ,
შენს ლარნაკს
ნაფოტად არ ვეყოფი...