ახლა მთები უჩადროა. ხარითვალა მოჩანს.
ჯერ ადრეა, ბრწყინავს ზეცა - ვარსკვლავების ხონჩა.
იისფერი ეკიდება თრიალეთის ლაჟვარდს,
ნისლის ჩოხებს ეზიდება ცისფერ გარიჟრაჟთან...
მეხრე ბიჭი ზის ფარეხში და აჟღერებს ჩანგურს:
შავლევ, შენი შავი ჩოხა, შავლეგო,
შავად შეგიხამებია, შავლეგო,
შავლეგ, შენი ყაწიმები, შავლეგო,
შენი შავი ჩაბალახი, შავლეგო...
არსენ,
შენი თეთრი ჩოხით მოწოლილხარ მხარზე.
მწყესი გეტყვის:
- ერთიც შესვი ამ ჯიხვის რქით, არსენ!...
ბნელ ფარეხში სიჩუმეა, მეხრეები სდუმან,
შეგხარიან თრიალეთზე გადმოვარდნილ სტუმარს...
- შესვი მუხრან-ბატონების დამხობის და მტრობის,
- შესვი, ოხერ თავადიშვილს გამოექეც მთაში,
- ასწი გლეხის გამარჯვების, იცვლებიან დრონი,
- შესვი, არსენ,
წყევლა უთხარ ზაალ ბარათაშვილს!...
წამოდგება, ბიჭი არსენ,
თეთრი ახალუხით.
ქვეშ ნაბადი გაგიშლია -
ხელს გიმშვენებს ჯიხვი.
სხედან ჩუმად...
სდუმს სარქალი და მდუმარებს ქოხი,
გარეთ ლურჯა დაჭიხვინებს,
მთებს ედება ჭირხლი...
- ეხ, შენ, ბიჭო თრიალელო,
ნაბადს მოიხურავ,
თავისუფლად გააჭენებ იალაღზე ქურანს,
ჩამომჯდარხარ და ატირებ მაგ სევდიან ჩანგურს,
რომ გულები კაეშანით უფრო ჩაიჟანგონ.
გადააგდე,
წყევლა უთხარ მაგ დარდიან ჩანგურს,
აიშალეთ,
წინამძღოლად გაიწრების არსენ..
აიშალეთ... არწივები ვეღარ დაიჩაგრონ,
სხვა ლეკვები დაიზარდონ ვეფხვის ნაბუდარზე!
ვინ გაჰყვება არსენა ბიჭს -
ბარში ნაყაჩაღარს?
ხარ დარსია, ხან ავდარში,
ხან გაქრება, ხან ჩანს,
ოძელაშვილს გამომყვებით, ვაჟკაცები ჩანხართ,
ამოიღებთ ქარქაშიდან ჩაჟანგებულ ხანჯალს!...
სვამ, არსენავ -
და ჯიხვის რქას მიაწოდებ სარქალს.
სდუმს ფარეხი,
მხოლოდ ისმის: "ალავერდი, არსენ!..."
ირიჟრაჟა, აცრიატდა, ხარიტვალა ჩაქრა,
გარეთ ლურჯი დაჭიხვინებს ცვრიან იალაღზე...
ირიჟრაჟა, უკვე დროა, წამოდგები არსენ,
სხვა ვინ მივა, ვინ შებედავს -
ყალყზე დგება ლურჯა...
მოახტები, აღვირს მოსწევ, გზას ღიმილით გასცქერ,
ლურჯა ტორებს ათქარუნებს, მიგაქროლებს ურჩად.
მიჰქრიან, არსენ...
შორს ნისლები ფლატეებზე სხედან.
- არსენ,
ხშირად მოხვიდოდე! -
მოგძახიან მხედარს.
- მოხვიდოდე თრიალეთზე თამამი და ლაღი,
მეხრე ბიჭი შენზე ვფიქრობ -
შენი მონატრული,
მეზმანება
შენი ჩოხა, შენი ყაბალახი.
შენს სუფრაზე ღვინო მისვამს,
გამიტეხავს პური...
მზე ამოდის, თეთრი ჩოხა
მიფრიალებს გზაზე.
ეს ხეები მოგძახიან:
არსენ, არსენ, არსენ!
თავთუხები, სიმინდები,
შრიალებენ: არსენ!
თრიალეთზე გადმოდექი,
საქართველოს გასცქერ.
1931 წ.