Litclub.ge

ხვეწნა

შენ გეხვეწები, ვარძიის წყაროვ,
და შენ, მტკვართან რომ ვაზის მიწა ხარ,
თუ კაცის გული უნდა ახარო,
იყავ ისეთი, როგორიცა ხარ.

ხინოს თაფლო და კახურო ღვინოვ,
ჩემო ვენახო, აღმდგარ ლერწებით,

თუ კაცის გული უნდა ალხინო,
ნუ შეიცვლები, შენ გეხვეწები.

ნუ შეიცვლები, ქართულო სუფრავ
და სუფრის თავში ტკბილო თამადავ,
`ნანაო~, _ დედის გულივით სუფთავ 
და მოვარდნილო `ვარი-ვარადავ~.

სულ ასე ენთე, კერიის ცეცხლო 
და შენზე კეცი ეყუდებოდეს,
ჩემი სოფელი ყოველთვის ეცნოთ,
როცა ნახავენ ბუხრიან ოდებს.

ჭალა კი მუდამ იყოს მომწვანო
და გაზაფხულზე მოსხმა ფურცლების,
როგორც მდინარის წყალი მოძრაობს,
იყოს მოძრავი და თან უცვლელი.

ნუ გაჩუმდები, სიმღერავ, კარგო,
ეგ ჰანგი უკვე მსოფლიომ იგრძნო,
გულებში ისევ სინათლე ჩარგე,
"ვეფხისტყაოსნის" უბადლო წიგნო.

კალამო, თუ გსურს იყო დღეგრძელი,
მშობელ ფერებში რომ ჩაეწები,
მშობელი სიტყვის წერა შეძელი,
ნუ წაიქცევი,
შენ გეხვეწები!

 

 

1966