მაშინ, მთელი ჭოროხი რომ
ჩვენს მიწაზე დიოდა,
ნიკოფსიით დარუბნამდი
ჩვენსას ჩვენი ჰქვიოდა.
ეს აჭარა, იმერხევი,
ტაო, შავშეთ-კლარჯეთი
მამულს მეწინავედ ჰყავდა,
სიბრძნით და სიმარჯვეთი.
მაშინ, ვინაც შეჰკრა ქართველთ
ერი ერთად, ერადა,
ვინც ქვეყანას ჰყავდა მმართველ-
ბატონ-პატრონ-ბელადად.
დღეს მიწაში წევს და გულზე,
თეთრად ნისლაკალთული,
ფეხს აბიჯებს სასოებით
გაზაფხული ქართული.
და ნიავი ჩვენებური, _
მთების სუნთქვა-სურნელი
ამბობს: იმგვარ სიძლიერეს
სამშობლოსას სულ ველი.
და მეც ახლა მეჩვენება:
მტრის რამდენის გამდენი,
კაცი აღმაშენებელი,
ცხრაასი წლის ქართველი,
შემოივლის კიდით-კიდე
ჩვენს კუთხეებს და უბნებს,
რომ მისებურ _ დიდებულად,
ერთმანეთთან დავბრუნდეთ.
1990