რეზო ბაქრაძეს, ბუტა გაბესკირიას, ანკარელ იალჩინ და ნაზმიე ხალვაშებს.
ჩვენს წარსულს ბედი ისე მოექცა
ვთქვი, _ ისტორიას აღარ გადავშლი,
მაგრამ არ ვჩივი, რადგან მოვესწარ, _
ქართველთა ელჩი ზის ანკარაში.
ვატყობ სხვა დროის ფერისცვალების
სხვა აწონვაა, სხვა ანგარიში,
ჩვენებურს ელვა უკრთის თვალებში, _
ქართველთა ელჩი ზის ანკარაში.
სადღაც შორიდან ატეხეს რეკვა,
თურმე დამეძებს ვიღაც ხალვაში,
იქნებ ღმერთმაო შემყაროს, ეთქვა, _
ქართველთა ელჩი ზის ანკარაში.
ხმა უკვე ბევრმა გაიღო ბევრგან,
ვგრძნობ ტრაგედიის წყდება თამაში.
წვეთად მიგორდა ბგერასთან ბგერა, _
ქართველთა ელჩი ზის ანკარაში.
მთელი საელჩო კიბეზე შეგვხვდა,
სიჩუმეც გალობს, _ ალბათ გადავრჩით.
ვთქვი, _ ახდეს ასე ყოველი, ღმერთო, _
ქართველთა ელჩი ზის ანკარაში.
1997