Litclub.ge

რწმენის ხმა

მწვერვალებო, აწოვეთ ძუძუ მარად ერთგულ 
მტკვარს, ჭოროხს და ალაზანს,
რიონსა და ენგურს.

ეს კოლხური ნისლია თუ ლეჩაქი დედის? _
თეთრი, თეთრი მაისი
მთა-გორებზე დადის.

არ უჯერებს მოგონილ ლეგენდას და სიზმარს,
მიწა ახალ სამოსელს
ახლებურად იცვამს.

სამშვიდობო ზეციდან მზე ღიმილით დასცქერს
მთას, ყვავილით მოხატულს,
ველს, სახნისით ნაწერს.

ვიცნობ სუნთქვას თვითეულ მარცვლისა და წვეთის,
ეს მშობელი მიწაა,
ვეძახი და ვეტრფი.

ყოველ ჟანქში ბადაგის მტევანდანაწური
ჩაადუღა გლეხკაცმა 
სალოცავი ძმური.

მწვერვალებო, აწოვეთ ძუძუ მარად ერთგულს _ 
მტკვარს, ჭოროხს და ალაზანს, 
რიონსა და ენგურს.



1973