მე დავიბენი
ერთხელ მთებში,
მე დავიბენი, _
უცებ, არ ვიცი საიდან, როგორ,
იქ, ჩემ მახლობლად გამოჩნდა გოგო,
მას იისფერი ატლასი ეცვა,
თვალები ჰქონდა ლურჯი, როგორც
აჭარის ზეცა,
თვალებში ენთო ცისარტყელა
აჭარის მთების,
თვალებში ენთო ცეცხლი, რაზეც
მწყემსები ვთბებით.
_ წამოდით, _ მითხრა, _
მე გაგიყვანთ მთავარ შარაზე.
დავეშვით, ჩავცდით ნეკერჩხალებს
ლამაზ-ლამაზებს,
ჩამოვუარეთ ხევებს, კლდეებს,
სადაც ჩანჩქერი, _
წყლის თეთრი მტვერი,
ლოდებზე მღერის
ზვირთების მტვრევით.
_ აი, აქედან წახვალთ, _ მითხრა:
_ აი, აქედან!
მე რაღა მეთქვა?
მადლობა-მეთქი, რომ იარე ჩემთვის იმდენი!..
რა კარგი იყო, რომ დავიბენი!..
1955