მსურს სიყვარულის მელექსეთა დასში შევიდე,
მაგრამ ვერ შევალ, _ ღირებული რამ ვერ ვუთხარი
სიყვარულს, მუდამ რომ უყვარდა ჩემში ბურგალი,
რომელსაც ახლა ვეხვეწები, _ კარგო, შემინდე.
პოეტთა ღმერთო, სიყვარულო, შენ ხომ ხედავდი,
სიტყვას სატრფიალ-სანებივროდ კარს ვერ ვუღებდი, _
ჩემმა სათქმელმა მიწის დარდის ზიდა უღელი.
და მეც ვიყავი აქა გლეხი, მწყემსი, მხედარი.
ხომ გაგაგონე, ჩვენებურო, ხმა რაც მომმადლე?!
ხომ, ვითა ძალმიძს, ძმათა ჭირთა ჭაპანს მოვათრევ?!
ხომ ეს მტირალი შემოდგომა ჩემი რთველია?!
თუ ვერ აგივსებ მოწეულით გოდორ-კალათებს,
მე სიყვარულში შენახულში, სულს რომ ანათებს,
ვამბობ, _ ლექსი ვარ, ნამუსი ვარ და ქართველი ვარ.
1994