რად მომაგონდით, ძველო ვარძიავ,
ძველო ასპინძავ, ძველო ხერთვისო,
ოკეანეში, კეთილ იმედის
კონცხთან მიმავალ გემის ერდოზე?
რად მომაგონდი, სხალთის ფრესკაში
შთენილო მადლო თვალუხუჭავო?
რად მომაგონდი, ხაბელაშვილო,
ხეიბრად მდგარო ციხევ-ხიჭავრო?
ოკეანეში, კეთილ იმედის
კონცხთან მიმავალ გემის ერდოზე
როგორ მომნახე, ჩემო იმედო, _
ვარძიავ, ხიხავ, ტბეთო, ხერთვისო?!
აქ, შორეული ცის მთვარეები
რომ მევლებიან ოქროს ბლონდებით,
მშობლიურებო, ასე მგონია
უფრო ახლო ვარ, როცა გშორდებით.