მე, შენი მკვიდრი ერთი ქართველი,
თუ წაველ სხვაგან, ვარ საქართველო,
შემერგოს შენი ჰავა ჯანმრთელი
და შენი ლურჯი ღამე ვათენო.
მე შენი წყაროს წყალი შევირგო
და შენი პური კეცზე დამცხვარი,
ჩემი სიმღერის ცეცხლი შენ იყო,
მე კი _ სიმღერის ცეცხლზე დამწვარი.
თვალებმა შენი ცისკრით იალონ,
ათბობდეს შენი სისხლი ამ კუნთებს,
დედამიწაზე ყველგან ვიარო
და ბოლოს მხოლოდ შენთან დავბრუნდე.
აქ ჩემი ბედის ჩიტი აფრინდა,
მე აქ მაჩუქეს გული მართალი,
მე წამოვდექი შენი კალთიდან
და ჩონგურივით დავრჩი კალთაში.
ემატოს ხვავი ამ შენს ბარაქას,
არ მოგეავდროს ცა ალმასური,
ბუნებასავით შენც ხომ არა გაქვს
არც დასაწყისი, არც დასასრული.
1957