Litclub.ge

ჰამლეტ გონაშვილს
შენ წამოიწყე ,,დაიგვიანეს”
და შუბლზე გაჩნდნენ ოშკის ბზარები,
იქნებ, ე, მაგ ყელს ერთად ხატავდნენ
ბექა და ბეშქენ ოპიზარები!
კრთოდნენ შენი ხმის მინანქარები,
როგორც ჩანჩქერი კლდიდან ვარდნილი
და არწივული შენი თვალებით
მეხატებოდა წინ ავთანდილი. . .
. . .მღეროდი რაღაც სულ სხვა თილისმით,
თითქოს სიმღერით ტაძარს ხატავდი,
თავზე გეხურა ზეცა თბილისის,
ღომლის მიწაზეც ამოთავთავდი!
დაიგვიანეს, მაგრამ სალამურს
ყური მოჰკრეს და აღარ დარდობენ
და ის პატარა მწყემსი ბიჭები
კახეთის მთებში დანავარდობენ.
შენ წამოიწყე ,,დაიგვიანეს”
და შუბლზე გაჩნდნენ ოშკის ბზარები,
იქნებ, ე, მაგ ყელს ერთად ხატავდნენ
ბექა და ბეშქენ ოპიზარები.