Litclub.ge

თილისმა

ზღვასთან გავედი, ვიარე,
უცებ, მირიად ქვიშაში
გამოკრთა ქვა თვალიანი
და ჩუმი მომცა ნიშანი.

ავიღე (გული უცემდა),
თქვა: _ ჩვენი ფუძის ფუძეთა
კუნთი ვარ, ფიცი უკვდავი,
ვეკიდე დროჟამს უცნაურს
ლოყაზე, როგორც კურცხალი.

ტაოს კლდისა ვარ... მამყოფა
თვის მკერდში ოშკმა ობოლმა,
დაპყრობილ-დაშლილ-დამხობილ
წარსულებიდან მოვგორავ,
მარად მყვირალა, ხვიარა,
ჭოროხმა მახორხიალა.

რა ხმები მესმის, რა ხდება,
დღე მაღლდება თუ გლახდება?
წამიღე, დამდე კერასთან,
ამ ახალ ცეცხლზე გავშრები,
აგიხსნი, რასაც ვერა ხსნით,
მისულნი ბედისწერასთან.

ვინ _ სული ეშმაკს მიჰყიდა,
ვინ _ მტერ-მოყვარეს არ არჩევს,
და, აი, ძმა ძმის სისხლითა
წერს საქართველოს განაჩენს.
დადინჯდით, მიხვდით რა დროა, _
შველად არავინ არ მოვა.
ნიჭი მთლად არ დახარჯულა,
ხსნა თუ გწადია ტანჯულთა,
სახელმწიფობა, დიდობა,
დიდია, როგორც გინდოდა,
თავისუფლებას თვისტომთა
დაიცავს ურთერთმინდობა.

ეს მითხრა კენჭმა თილისმამ,
ჯადომა სხივმა იმისმა,
საუკუნეებს უძლებდა
ქვაშიაც ჩვენი სული და,
ვირწმუნე მაშინ სრულიად, _
გენია არ მოხუცდება, _
იგი ცოცხალი უძღვება
მომავალს დიდთა წარსულთა.

 

1992