ვუცქერ უცნობ და
თანაც ნაცნობ ქალს
უკვე ბებერს, _
პირველ სიყვარულს და პირველ ვნებებს,
მრავალზე მრავალ წლების იქით
უხმოდ შთენილებს.
ღელვების ღელეს
შუბლ-ლოყებზე ჩამორბენილებს,
საით ვიარეთ, სად მოვედით,
რაღაა აწი? _
თვალებით თვალებს ვეკითხებით
ქალი და კაცი.
1990