Litclub.ge

ვუმზერ: ზეცა ხან უსასრულოა...

ვუმზერ: ზეცა ხან უსასრულოა,

ხან არის ხელის ერთი მოდება,

ხანაც იქიდან შორი ჩურჩულით

თითქოს ვიღაცა მიახლოვდება.

ღელვით მოივლის ფიქრი პლანეტებს,

სხივებს გააბამს, როგორც ობობა _

და მეამება იმ ვარსკვლავების

შორი ალერსი და ნაცნობობა.

ზოგჯერ, საღამოს დავჯდები ზღვასთან

და ვაკვირდები მაღალ მნათობებს,

ნეტავი ასე რად ციმციმებენ,

ნეტავი ასე რას კამათობენ?

 

1963