Litclub.ge

უცნაური დაკრძალვა
(სონეტის კუბო)
 
კატორღელებს გვარიც და სახელიც
ჩამორთმეული ჰქონდათ, მხოლოდ
ნომერი ეწერათ ქუდზე (შუბლის
არეში) და ზურგზე. მიცვალებულს
კი პატარა ფიცრის ნაჭერზე იგივე
ნომერი!
ვიდრე ეს გული ჯერ კიდევ მიძგერს,
ლექსად გარდავქმნა მსურს ეს სახმილი:
ბედშავ კატორღელს ვმარხავდით იმ დღეს
არც გვარი ჰქონდა და არც სახელი!
მივაცილებდით უკუბო ცხედარს,
უხმოდ, ორიოდ კეთილის მდომი,
საზარი სუსხი ყინავდა ცრემლს და
ხავსს გაქვავებულს ვამსხვრევდით ლომით!
ნარმის ნაფლეთში გამოხვეული
ყინულის ლოდად იქცა სხეული.
ნატამალიც კი არ ჩანდა მიწის,
არც ღმერთი იყო წყვდიადში, არც ცა...
და სულთათანას, ვინც მოკვდა მისთვის
პურგა ღმუოდა მოძღვარის ნაცვლად!