როცა წვიმებია, როცა ქარებია,
მთები ამღერდება, შენაც ამღერდები...
გული არ გქონია, თუ არ გყვარებია,
თუ არ გყვარებია, ჩქარა დაბერდები.
ცაში მოჟღარუნე წვიმის ლარებია,
მუხებს ანანავებს, თელებს ანანავებს...
ფრთები არ გქონია, თუ არ გყვარებია
და არ გიფრენია ზეცის თავანამდე.
როცა ღამეა და შმაგი ქარებია,
როცა ელვისაგან წამით გათენდება,
ელვა შეგაშინებს, თუ არ გყვარებია,
სატრფოს თვალთა ელვა თუ არ გახსენდება.
ვეღარ აენთები, თუკი ნაპერწკლებად
გულზე სიყვარული არ გაგკარებია;
წლები წვიმასავით ჩქარა დაგეწევა,
ჩქარა დაბერდები, თუ არ გყვარებია.