ღამეს ათევენ ხეზე ჩიტები,
არ შეარხიო, ქარო, რტოები.
ღამეს ათევენ ხეზე ჩიტები
და ესიზმრებათ უდაბნოები.
და ესიზმრებათ უდაბნოები,
გადაბუგული მზით და თაკარით.
24
უახლესი ქართული პოეზიის ანთოლოგია
25
არ შეარხიო, ქარო, რტოები,
არ დაუფეთო ჩიტებს სახლ-კარი.
ამაღამ მაინც ნუ გაწვიმდები,
ამაღამ მაინც ნუ გათოვდები.
ჩიტებს არა აქვთ თბილი წინდები,
ჩიტებს არა აქვთ თბილი ოდები.
ჩაბუდრებულან ღამის უბეში
და აფარიათ მწვანე ფოთლები.
გამოხვეულან სიზმრის ღრუბელში,
ღრუბლებო, ახლა ნუ აღშფოთდებით.
დასველებიათ ნამით ნისკარტი,
დაუხუჭიათ თეთრი ქუთუთო.
აცალეთ ახლა ჩიტებს ცისკრამდი,
გრიგალო, სუნთქვა არ შეუხუთო.
ბრალია მათი სიზმრის აკლება,
ბრალია ახლა და ნუ ხმაურობთ.
აცალეთ, როგორც ზანზალაკებმა
დილით რტოებზე გაიჟღარუნონ.
ჩასაფრებულან ხევში ქორები,
კლანჭებს ილესავს ხელი მიმინო,
ამაღამ მაინც დაცხრით, ქარებო,
და ნუ გაკრთები, ელვის ღიმილო.
.....
ღამეს ათევენ ხეზე ჩიტები.