Litclub.ge

ზედაზნიდან
აქედან ჯერ არ გადამიხედავს,
ძირს სხვა მთებია თუ სხვა მდელოა?!
ჩანს ქონგურები ნაცნობ ციხეთა,
მაგრამ ეს სულ სხვა საქართველოა.
აქედან ვუხმობ ახალ პოეტებს,
ჯადოსნურ ფერთა ახალ ხელოვანს,
და საქართველო, ჩემი სამშობლო,
აქედან სულ სხვა საქართველოა.
ახალგაზრდების გუნდები მახლავს,
გავეჯიბრები ამათ ლელოში.
სხვა საქართველო ვიხილე ახლა
აქედან მშობელ საქართველოში.
სხვა ფერი დაგხვდა, საცა წახვედი,
ძირს სხვა მთებია თუ სხვა მდელოა?!
რამდენიც არის გადასახედი,
თურმე იმდენი საქართველოა.