ზეპირად ვხატავ ზღვას,
ულტრამარინის მთელი მარაგი დავხარჯე,
მომავალი ცის
და იდეალური სიყვარულის ანგარიშში
ინტელექტუალები ჯოისობანას თამაშობენ,
მძივებით თამაში უფრო ღია იყო,
ლექსიკონების გალავანი არ ჰქონდა
შემოვლებული, სქოლიოების სარდაფში
მაშინაც ბნელოდა, მაგრამ
ვინც ბავშვობიდან იცნობდა
იმ პირველ მოგზაურს,
ზღვის ულტრამარინი უნათებდა.