ადრე, თვალს დავხუჭავდი თუ არა,
ცა მემხობოდა თავზე
მთელი თავისი ვარსკვლავებით,
ახლა, სავარძელში ბედნიერად ჩათვლემილს,
მეხივით დამატყდება ხოლმე
რაიმე საოცარი სიტყვა,
მაგალითად, მიქელ მოდრეკილი...
რატომ მოდრეკილი, ვის წინაშე
იმ მოუდრეკავ და აღერღილ საუკუნეში?
როცა გაუთავებელ ომს
მხოლოდ ვაჟკაცობა იგებდა
და ნაწრთობი ფოლადი
და ისეთი მოკლე იყო
მშვიდობის წუთები,
თითქოს, ორი ადამიანი
სიყვარულით კი არ აჩენდა,
არამედ ცეცხლწაკიდებული ფანჯრიდან
ისროდა ბავშვებს და მუსიკას,
რომ სიკვდილსა და სიკვდილს შორის
ჩამდგარიყო რაღაც, მანათობელი...
და საჭირო იყო მზის ხელმძღვანელობა,
მისი კაშკაშა ფორტე,
რომ გუნდი შეეკრა
ბავშვების და სიმღერის ნაკუწებისგან _
ქარის წაღებული თეთრი წიწილებისგან _
და სიკვდილსა და სიკვდილს შორის მანათობელს
ეხმაურა კიდეც
ორკესტრის მძლავრი ფილტვების დონეზე...
ყველაფერი ამის წინაშე
რომ არ მოდრეკილიყო კაცი
და ქედზე თვითგვემის მათრახი არ ეტყლაშუნა,
ისე ვერ იტყოდა ჰიმნს,
რომელიც ერთი ბაცი
და უხმო ბგერით
სულ ადრეულ ბავშვობაში იწყება,
როცა ზოგი ბავშვი ბურთს დასდევს,
ზოგი კი,
თვალებად და ყურებად ქცეული,
წურბელასავით აეკრობა მზეს
და არ დაახრჩობს მისი სისხლი,
არ დააყრუებს მისი კაშკაშა ფორტე,
რაც იმას ნიშნავს,
რომ მის სხეულში
უტკბილეს ნაყოფზე ჩიტის ნაკრტენივით
უკვე ჩაფიქრებულია პოეტი _
მოდრეკილი კაცი...