A პუნქტიდან B პუნქტში
მიმავარ მატარებელს
მთელი ჩემი მათემატიკა გავატანე,
ლექსის მადანი და სიყვარულის სნეულება.
გამრავლების ტაბულა,
“მახსოვს პირველად სასწავლებელში”
და ბანქოს ქაღალდზე
დაწერილი ფლირტი
დავიტოვე სისადავისკენ მიმავალ გზაზე,
სადაც ყველაფერი ტვირთმოხსნილი ჩანს:
დედაჩემის სული, რომელმაც
დაისვენა ჩემგან,
ცამ _ ყოველგვარი სიმბოლოებისგან,
ერთადერთი დანიშნულება _
მოხუფული ქალაქის სარქველობა,
ამ ქალაქში დგას ჩემი სახლი,
სახლში ტელევიზორი, საიდანაც
ყოველდღე მკლავენ ვირუსები, ტერორისტები,
ქერათმიანი ბრედ პიტი
და ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ.
ამაზე ბედნიერი სიმარტივე
რაღა გინდა!