რა ყვავილს ისხამს მოგონება, რა მძიმე ფესვებს
იდგამს წარსულში, ხელი მკრას და გამაგდოს, ლამის,
დედა, რომელსაც თავბრუ ესხმის და მკვდარი მამა
გაუთავებლად მორბენალი პურზე და რძეზე...
რამ შეაბერათ, სიყვარულმა თუ გრძელმა თმენამ,
ან იქნებ შვილმა (მეამბოხე, გმირი, ორჭოფი)
ბუზს რომ არ მოკლავს, მაგრამ ბევრჯერ ესროლა თოფი
მათ მიამიტურ, უფერადო და გამძლე რწმენას...
წავიდა მამა, დედა წვალობს და ესხმის რეტი,
შვილი სიზმარში აღარ დაფრენს, ქვესკნელში შედის,
თვითონაც ადგას ოფლიანი უღელი ქედზე _
ძღომა და ძილი, ორადორი შერჩა სიამე...
არაფერია, მის მაგივრად წავა, იომებს
შავბნელ ყოფასთან მისი შვილი _ მარცვალი ფეტვის.