Litclub.ge

იმპროვიზაცია

საკონცერტო დარბაზის ოქროვან ღრუში

ჩაჭედილი ვართ ოთხი ლურსმნით _ ოთხი კიდურით,

ღირსეულად და ლამაზად თვლემენ მამაკაცები,

ბრინჯაოს ყალიბში ჩასხმული ცომი,

რომელსაც ქალები

გავარვარებულ ლავას ადარებენ,

როგორც მოითხოვს

ერთ დროს მეომარი ერის ეთიკეტი.

ქალები ერთმანეთს ათვალიერებენ _

ხომ შეიძლება, რომელიმე წრეს გადავიდეს,

მხრებზე შაქარი დაიყაროს

და პირდაპირ ლავიწის ძვლებზე

დაიდგას თავი,

რომლის ფუძიდან ამოიზრდება

იმპულსების წითელი ვარდი

და მათი ქმრები,

მთვლემარე, ტლუ და უნიათო მამაკაცები

ამოიგლეჯენ

გულების მრგვალ და მეწამულ სილუეტებს

და დარბაზის ფსკერზე დაანარცხებენ...

ქალები მრისხანედ აშრიალებენ

მარაოებს, ფრთებსა და რუშებს

და საომრად ემზადებიან,

მაგრამ გარშემო სიწყნარეა,

კაცები თვლემენ

და რადგან არავინ წრეს არ გადადის,

მათ ესიზმრებათ ფაიფურის მოდელი

ერთგული ცოლის...

დოლებიდან და ტრომბონებიდან

მოდის ხვატი ნარინჯისფერი

და უეცარი ვიოლინო,

ციდან მიწამდე

სპირალივით დავარდნილი წვიმის სხეული...

და ასეთივე უეცარი,

უზენაესი მამრის შუბლიდან გამოდის ქალი,

ვინ იცის,

რამდენი ხნის ჩაფიქრებული სასწაული,

ის მოდის ორკესტრის დამუხტული წიაღიდან:

უფრთებო, ურუშებო, სულმთლად შიშველი,

არა ფაიფურისგან,

არამედ სისხლის წითელი ბურთულებისგან

შექმნილი ვარდი

და იმპულსები ცხოველი, ფერადი

წამით იფეთქებენ

ჩვეულების და არყის ბანგით

გაბრუჟულ თავებში,

ხავერდის არტახებით შეკრულ სხეულებში,

რომლებსაც მათი ტომის ქალები

გავარვარებულ ლავას ადარებენ

უმაღლესი ნეტარების ჟამს...

ანდანტე სქელი თაფლივით იღვრება

დარბაზის ღრუში,

ხოლო ის ქალი,

სისხლის ხუთიოდე ლაქისგან შექმნილი

ვარდი და რძე,

დგას როიალის შავ პედესტალზე.

გამოფხიზლებული კაცები ყვირიან:

_ გააჩერეთ მუსიკა!

ქალები კივიან ისტერიულად:

_ გააჩერეთ მუსიკა!

და რადგან მე შევრჩი ერთადერთი,

არა ფაიფურისგან,

არამედ უბრალო თიხისგან შექმნილი,

მათ ეჩვენებათ, რომ ეს ორკესტრი,

საუკეთესო ჩემს სიცოცხლეში,

ჩემს ფარულ ნებას ემორჩილება...

გამოვექცევი მე მათ რისხვას

და მერე ისევ, მერამდენედ, ამიყოლიებს

მთელი სამყაროს საკონცერტო დარბაზების

ოქროვან ტანებს ძაღლივით ადევნებული

ჩემი გულის ერთგული სილუეტი

და შუაგულ ორკესტრში შემაგდებს,

სადაც მწიფდება სკერცოს ხვატი

ნარინჯისფერი

და მოლოდინი

ციდან მიწამდე

სპირალივით დავარდნილი წვიმის სხეულის...