Litclub.ge

არსენა ყაჩაღის გახსენება

მე რომ სიზმარი მგონია, იმ ცხადში,

უცნაური რამ ხდება:

ჩემი ცრემლი, იმის ნაცვლად,

რომ მიწაზე დაეცეს, მაღლა ადის

და სამრეკლოს უძმობილდება,

მერე ისინი მცხეთის გზაზე გამოივლიან

ხელგადახვეულები

და, შემთხვევით, იმ კაცს გადაარჩენენ,

გზაზე ლურჯი სუფრა რომ გადაუფენია

და თავის მკვლელს ელოდება,

რომელიც მის ნაცვლად მე გამიყრის დანას

თეთრი ძვლების

გამყინვარებას დამანახებს, დამაბრმავებელს,

მაყურებლები იტყვიან ცივი ქარივით:

_ როგორ ლექსებსაც წერდა,

ისე უკუღმართად მოკვდაო.

ზოგს მთვრალი ვეგონები,

ზოგს ნარკოტიკით გაბრუებული

და სახლამდეც არავინ მიმიტანს,

მარტო ბზის ბუჩქი გადამაფარებს

ძაღლების შარდისგან დამწვარ ტოტებს,

რომ ფეხით არ გადამიარონ,

ხოლო ჩემს ცრემლს სულში ჩაიძვრენს

ის ჯანსაღი, გმირი, ყაჩაღი კაცი,

რომელიც ბოლოს

პოეტივით უცნაური გამოდგა:

იმის ნაცვლად, რომ სადმე გადაკარგულიყო

და თავი გადაერჩინა,

აგერ, უკვე, ასი წელია

ლურჯ სუფრასთან ზის

და თავის მკვლელს ელოდება...

ვინ ხარ ახლა?