გაზაფხულდა, დაიქუხა...
უკვე დროა ავღიღინდე,
ჩემმა გულმაც დაიძახოს,
ბალახივით ბიბინდეს.
ხან შხაპუნა, ხან ჟუჟუნა
წვიმა მცემდეს,
მაოცებდეს,
ლექსის ხეში წყალი ჩადგეს,
სიყვარული აღმოცენდეს!
მხარი გამკრას,
თავს დამკივლოს:
ბიჭო, ხომ არ მოიქანცე?
ერთხელ კიდევ აგვერბინოს
ა იმ მთაზე, თოვლიანზე...
ვერ გაგესწროს,
წინ დაგიხვდე,
თოვლზე იად დაგებნიო,
თუ გაგესწროს, ვარდად ვიქცე,
თოვლში ვარდი გაკრეფინო.
გამექცე და ვერ გამექცე,
გზა მოგიჭრა, გაგეფინო,
ჩემი ლექსის ფიანდაზზე
ირემივით გაგერბინოს!