მარტო ვარ, მარტო დავდივარ,
მარტოდ ვაწუხებ საწუთროს,
ხან დარდი ამეწეწება,
ხან ვეძებ სულის სამყუდროს.
როცა ვარ შაწუხებული
ვხედავ, უფალი არ მკუთვნობს,
დავდივარ დაფიქრებული,
ჟამს ჟამიანს და ჟამს უდროს,
ხან ხთიშვილებთან ვსაუბრობ,
ხანაც მაცილი მერევა,
ასეთ დროს ხელად მყოფს ვგავარ,
გული გონებას ერევა;
ვეღარ ვგებულობ, ვინა ვარ,
ამ ჟამის ვარ, თუ `მერე ვარ~,
რად არ ჩამაქრობს უფალი,
ალბათ მამა, _ შვილს მერევა...
არ გამყრის სააქაოსა,
უნდა მასმიოს ფიალა,
მანამდის, სანამ არ მიგრძნობს,
ჩემში ხვთის არა ყრია რა...
მინდობილი ვარ მაცილებს
განა ერთსა და ცოტასა,
მოხარული ვარ იმათთან:
ლხინსა, ქეიფსა, ყოფასა.
ღვთის რჯული დამვიწყებია,
აღარ დაგიდევთ შობასა,
ბნელს ვეფარები, არ დავდევ
საუფლო ნათელყოფასა.
მტერს დავემოყვრე ურჯულოს,
აღარ მადარდებს მამული,
გულს ნუ მთხოვ, გავხდი უგულო,
სულით ვარ, სულმოწამლული.
მოვწყდი წინაპართ საფლავებს,
ხავსმოდებულებს, ძველებსა,
ჩემს მამიდებს და დეიდებს,
იმათ გულ-ბროლის ყელებსა;
ჩემს ბატარიებს ბიძებსა,
ომებში ნასახელებსა,
ჩემს პაპებსა და ბებოებს,
იმათ ძვლებს ძველთა-ძველებსა,
სულმუდამ ჩემ შავ არაგვსა,
ჟამით-ჟამს მოსიმღერესა,
კრწანისის ომში ალალად
ჩაჩეხილ არაგველებსა...
ყველას ერთიან ვფიცავარ,
ყვავილებს ყელმოღერეთა,
ვარსკვლავებს, ცაში მგალობელთ,
ზეცას მიბჯენილ სერებსა,
გორზე გადმომდგარ მთვარესა,
მთის ყინულიან ყელებსა,
თუ აღარ გინდათ ქართველებს
ყვავილად მოსხმა ველებსა,
ღვთის მადლმა, ვერას დაგაკლებთ,
რა ძალგვიძს ჩემსა ფერებსა;
რაც დავიყბედე, ვერ ვიზამ,
განა ეგეთად მზრდიდნენა,
მონად დავუდგე მაცილებს,
`შინაურებს და ფლიდებსა~.
რას ვაქნევ იმათ ქეიფსა,
იმათ ლხინსა და ყოფასა,
რჯული არ დამავიწყდება:
ვფიცავ იესოს შობასა.
ბნელს ნუ მანახვებთ, ვესწრაფვი,
საუფლო ნათელყოფასა!
არ დავემოყვრო ურჯულოს,
შორს, კუდიანთა არული,
გულს მასვენია სამშობლოს
ღრუბელი ფერ-მეწამული.
ვკოცნი წინაპართ საფლავებს
ხავსმოდებულებს, ძველებსა,
ჩემს მამიდებს და დეიდებს,
იმათ გულ-ბროლის ყელებსა;
ჩემს ბატარიებს ბიძებსა,
ომებში ნასახელებსა,
ჩემს პაპებსა და ბებოებს,
იმათ ძვლებს ძველთა-ძველებსა.
სულმუდამ ჩემ შავ არაგვსა,
ჟამით-ჟამს მოსიმღერესა,
კრწანისის ომში ალალად
ჩაჩეხილ არაგველებსა...
ყველას ერთიან ვფიცავარ,
ჩემთა სალოცავთ წყებასა;
აღდგომას, ამაღლებასა,
შობას და ნათლისღებასა...
მწამდა,
ახლაც მწამს,
ვიწამებ,
ქართველთა გამარჯვებასა!..