Litclub.ge

ცხოვრების გზაზე

 

ცხოვრების გზაზე
რად შემხვდი გვიან,
გულზე სახმილი
რად შემომიგზენ
რა მშვენიერი სახელი გქვია,
რა სევდიანი
თვალებით მიმზერ.
აღმოსავლეთის მგოსნები ყველა
წარმოგაჩენდნენ
თვალებით შველის,
რას არ იტყოდნენ,
რომ ცისარტყელად
გამოეშუქათ წარბებიც შენი.

მე კი
,მე კი ვერც ვხედავ კარგად
რა ხორციელი მშვენება გხატავს
რაც ჩემი იყო,
რაც დამეკარგა,
რაც სულში ოდით ყუჩობდა ნატვრად,

შევიცან შენი თვალების სევდად,
არამქვეყნიურ
ნისლში და ხმაში
და ცა,
ბრჭყვიალა,
თავზე რომ მედგა
პირველქმნილ შუქით განიხვნა მაშინ.

და გადმომხედა
მოწყალემ ყოვლად,
ყოვლად მრისხანე
მუზამ თუ ღმერთმა
სევდამ,
ღიმილმა,
ვით ტოლი ტოლმა,
იცნო
და ვიგრძენ, ვიქნებით ერთად.

რა სევდიანი
თვალებით მიმზერ,
რა მშვენიერი სახელი გქვია
გულზე თაკარა
რად შემომიგზენ,
საწუთროს გზაზე
რად შემხვდი გვიან.