Litclub.ge

* * * "მივსდევ, მაგრამ ვეღარაფრით დავეწიე"
მივსდევ, მაგრამ ვეღარაფრით დავეწიე,
ბედის ბორბალს უკუღმა რომ ტრიალებს,
საიდუმლო სერობაზე დამეწვიე,
როგორც ვხედავ სხვებმა დააგვიანეს.
მე წავედი, წავედი და გაიხარე,
ავუყვები მიტოვებულ ბილიკებს,
დღეს დავრწმუნდი, რომ ყველაფრით დავიღალე,
და ვიღაცა წარსულს გააქილიკებს.
ვზივარ ახლა კაფეში და გელოდები,
ცხელი ჩაი სურვილს ვეღარ მიოკებს,
თუ არ მოხვალ არ ვიდარდო შევეცდები,
გავალ ქარში ფიქრებს ავაწიოკებ.
მკერდზე უცხო მედალიონს ვეპარები,
გული ისევ ძველებურად ფრიალებს,
გჭამ თვალებით, რავქნა ხომ არ გეკარები,
კარუსელი ტრიალებს და ტრიალებს.
იანვარი მძიმედ მიგაქვს ახლა მხრებით,
და მდუმარედ ჩამოუვლი სადგურებს,
მე სარკმლიდან დაწვრილებით შეგეხები,
და სიცივე ვიცი გამანადგურებს.
შეგნიშნე და ვერ გადავდგი ნაბიჯები,
ხესთან ვდგავარ და იქიდან გიყურებ,
და ჩემსავით სხვაც თუ გხედავს გავგიჟდები,
ჩემი მზერა მოდი შემოიხურე.
წახვედი და ვეღარაფრით დაგეწიე,
სურვილებმა წუხელ გადამიარეს,
მარტო ვარ და სულ ცოტა ხნით დამეწვიე,
მოგონება კარუსელთან ტრიალებს.