Litclub.ge

მე გამშვიდებდი
მე გამშვიდებდი, შენს ტკივილებზე ვღელავდი,
ჩემს ტკივილებზე სიტყვაც არ მითქვამს დღემდის,
დღეს ცის თაღიდან ღრუბელი ქარვა ფერადი
წვიმის წვეთებად ეცემა ბებერ ხერთვისს.
მე გამშვიდებდი, შორს დარჩა ჩვენი ჰერეთი,
დღეს გულს იმედი, მხოლოდ იმედი მსჭვალავს,
ისევ ჩამიდგა სხეულში დევის ძალა
და დღეს საკუთარ თავსაც ადვილად ვერევი.
დღეს ჩემს ძარღვებში ხმიანობს სისხლი წარმართთა,
სიმღერა მინდა ლექსად ამოვთქვა ამ დილას,
ღიმილი შემრჩა, ღიმილი ვერვინ წამართვა,
ღიმილი იქცა ჩემი ცხოვრების ნაწილად.
გავცხადდე თუნდაც ნიავად, ბინდბუნდს ვკვალავდე,
თავად ვიგნებდე მთათა ეხებში გზა-კვალს,
თუმც დავმარცხდები, ჰო, დავმარცხდები
მრავალჯერ,
მაგრამ მუხლებზე დაცემულს ვერა მნახავთ,
დღეს ცის თაღიდან ღრუბელი _ ქარვა ფერადი
წვიმის წვეთებად ეცემა ბებერ ხერთვისს,
მე გამშვიდებდი, შენს ტკივილებზე ვღელავდი,
ჩემს ტკივილებზე სიტყვაც არ მითქვამს დღემდის.